LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას უპირებს მთავრობა ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას?

98

რას უპირებს მთავრობა ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ  ზონას და რა მიზეზით გადასცა  შპს ”რაკიამ”   თიზ-ი სახელმწიფოს?- ამ კითხვებზე საპასუხოდ ”ფორტუნა” სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა. როგორც სააგენტოში განმარტეს,  არაბულ კომპანიასთან ქართულ სახელმწიფოს კონფიდენციალური ხასიათის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, შესაბამისად, მიზეზებზე საუბრისგან ამ დროისთვის თავს იკავებენ.

”კომპანიამ შეიცვალა სტრატეგია. აქ არ იყო საუბარი რამის არ, ან ვერ შესრულებაზე. რაც შეეხება მოლაპარაკებების კონკრეტულ დეტალებს, ამას არაბულ მხარესთან შეთანხმების გარეშე ვერ გავასაჯაროვებთ”, – აღნიშნეს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით,  მთავრობა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სხვა კომპანიისთვის გადაცემას არ გეგმავს. აღნიშნული თიზ-ი დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში და იმავე რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ, ”რაკიას” მიერ მთავრობისთვის თიზ-ის დაბრუნება საეჭვოა, თუმცა როგორც გოცირიძე ამბობს კონკრეტულად ამ თემაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ხელშეკრულებაში გაწერილი ვალდებულებები გასაჯაროვდება.

როგორც გოცირიძემ ”ფორტუნასთან” განაცხადა, თუ აღმოჩნდა, რომ მთავრობამ არაბულ კომპანიას რაიმე ვალდებულებები აპატია, შესაძლოა, კითხვები კორუფციასთან დაკავშირებითაც გაჩნდეს.

”ხელშეკრულებაში აუცილებლად იქნება ვალდებულებები. ეს დაბრუნება შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მთავრობამ ვალდებულებები აპატია, რაღაცის სანაცვლოდ. უნდა იყოს საუბარი იმაზე აპატია თუ არა მას მთავრობამ რაიმე. როდესაც ხდება პატიება, ყოველთვის არის კორუფციის კითხვის ნიშნები. კითხვა ჩნდება ხომ არ იყო წინასაარჩევნო მხარდაჭერა ან რაიმე სხვა”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შპს ”რაკიას” მიერ სახელმწიფოსთვის ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საკონტროლო პაკეტის გადაცემის მიზეზებს განმარტავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. როგორც ”ფორტუნას” უწყებაში განუცხადეს, ინვესტორი თიზ-დან სრულად არ გასულა და ის კვლავ რჩება 15 პროცენტის მფლობელად.

”შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია“ შვილობილი კომპანიაა „რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანოსი“,  რომელიც   გახლავთ თიზ-ის მმართველი. ამ დროისთვის, „რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო“   თიზ-დან სრულად არ გასულა, მის საკუთრებაში რჩება „რაკია საქართველო თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 15 პროცენტი.  რაც შეეხება დანარჩენი 85 პროცენტის სახელმწიფოსთვის გადმოცემას, ეს გადაწყვეტილება ინვესტორმა თავად მიიღო შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიაზე“ დაკისრებული პირგასამტეხლოს პატიების სანაცვლოდ.

შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიამ“  ვერ შეასრულა ფოთის მერიასა (უფლებამონაცვლე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას“ შორის 2010 წლის 25 მაისის და შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას“ და შპს „რაკია საქართველო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის 2011 წლის 16 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებებით  ნაკისრი ვალდებულებები, რისთვისაც დაეკისრა  პირგასამტეხლო”, – განმარტეს ეკონომიკის სამინისტროში.

მათივე ცნობით, რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას და სხვა დეტალებს, ეს ინფორმაცია ხელშეკრულების მიხედვით  კონფიდენციალურია და მისი გასაჯაროება საჭიროებს კომპანიის თანხმობას.

ამასთან, როგორც უწყებაში აღნიშნეს,  თავისუფალი ინდუსტრიული ზონის  სტატუსი შენარჩუნებულია და თიზ-ი განაგრძობს განვითარებას.

შეგახსენებთ, შპს ”რაკიამ”  ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს გადასცა.

საქართველოს მთავრობის №1901 განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია” გათავისუფლდეს თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიასა (უფლებამონაცვლე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას” შორის 2010 წლის 25 მაისის და შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას” და შპს „რაკია საქართველო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას” და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის 2011 წლის 16 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან, იმ პირობით, რომ საქართველოს სახელმწიფოს გადაეცემა საკუთრების უფლება შპს „რაკია საქართველო თავისუფალი ინდუსტრიული ზონის” 85%-იან წილზე და შეწყდება სს „ფოთის აეროპორტის” 98.26% აქციების ნასყიდობის ხელშეკრულება”.

აღნიშნული გარიგების საფუძველზე,   „რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო” ფოთის თიზ-ის 15%-ს, საქართველოს სახელმწიფო კი, უკვე 85% ფლობს. არაბული კომპანის 15% დაყადაღებულია “მელაინის” სარჩელის გამო და თუ სასამართლო “რაკიას” სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, აღნიშნული წილიც საქართველოს სახელმწიფოს ხელში გადავა.

 

mazda magti 5g