LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ვსვამთ მინერალური წყლების სახით?

2058

საქართველო მინერალური წყლებით მდიდარი ქვეყანაა და ეს საქმე მომგებიან ბიზნესადაც არის ქცეული. მინერალური წყლების ბაზარი მთლიანად საქართველოში ჩამოსხმული წყლითაა გაჯერებული და ექსპორტზეც საკმაოდ დიდი რაოდენობით გადის.

შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ თავდაპირველად, მინერალური წყლის ბოთლებში ჩამოსხმა სათითაოდ, ხელით ხდებოდა. თუმცა, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად პროცესი გამარტივდა.

”ფორტუნა” დაინტერესდა რას ვსვამთ გაზიანი თუ უგაზო მინერალური წყლის სახით, რა შემადგენლობისაა ის და რა პროცესებს გადის მიწის სიღრმიდან მაღაზიების დახლზე მოხვედრამდე.

პირველ რიგში სს ”წყალი მარგებელის” მიერ წარმოებულ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მინერალურ წყალს ნაბეღლავს შევეხებით.

 

ნაბეღლავი

ნაბეღლავის მინერალური წყლის სათავე მცირე კავკასიონის მთებში, საქართველოს დასავლეთ ნაწილის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. იქვეა აშენებული საწარმოც.

როგორც ”ფორტუნას” სს ”წყალი მარგებელიდან” აცნობეს, ნაბეღლავის ნატურალური მინერალური წყალი წიაღიდან ჭაბურღილების მეშვეობით მოიპოვება, რომელთა სიღრმეც 180 -1200 მეტრს აღწევს.

მთელი საწარმოო კომპლექსი მოწინავე ევროპული ტექნიკითაა აღჭურვილი, რაც წარმოების ეფექტურობას და პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებს.  გერმანული კომპანია ”კრონესის” (KRONES)  სამი ავტომატური ხაზი საათში 30 000 ბოთლის ჩამოსხმას უზრუნველყოფს.

სწორედ ამ აპარატით ხდება წყლის დაგაზვა.

531cfbe330996dea9b75a6369a83eaa305da110abd734709d2bbd087de1f6770

”ჩამოსხმის პროცესში ხდება ნაბეღლავის დაგაზვა. ეს წყალი მიწის ქვეშ ძალიან ღრმად არის. ვინაიდან ნიადაგი და შემადგენლობა მუდმივად იცვლება, საჭიროა იმის კონტროლი, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებები არ შეყვეს, ამიტომ ლაბორატორიაში ყოველთვის ტარდება ცდები, იმისთვის რომ წყლის სტრუქტურა ზომების ფარგლებში მოექცეს. ქარხნის ტერიტორიაზე არსებული წყაროც და ჩამოსხმული წყალიც უკვე სასმელად ვარგისია”, – განაცხადა ”ფორტუნასთან” ”წყალი მარგებელის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

კითხვაზე თუ რატომ არის წყაროს წყალსა და ბოთლში ჩამოსხმულს შორის განსხვავება, ჩვენთან საუბარში კომპანიის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ამაზე გავლენას შესაძლოა დაგაზვის პროცესი ან ბოთლში შენახვის პირობები ახდენდეს.

თუმცა, ისინი აღნიშნავენ, რომ განსხვავება გემოში უმნიშვნელოა.

 

ბახმარო

რაც შეეხება ბახმაროს წყალს – ბახმაროს წყაროს სათავე (მცირე კავკასიონის მთებში) ქარხნიდან 1,5 კმ  მოშორებით მდებარეობს და წყალი მილსადენით მიეწოდება ქარხანას, სადაც სათანადოდ იფილტრება და სხვადასხვა მოცულობის ბოთლებში ისხმება.

სს ”წყალი მარგებელს” წარმოების უმაღლესი ხარისხის დამადასტურებელია ISO 9001:2008 და ევროკავშირის სტანდარტებთან  შესაბამისობის სერტიფიკატი აქვს.

 

ბორჯომი

ვინც ბორჯომის პარკში ყოფილა და იქ არსებული ბიუვეტიდან გაუსინჯავს წყალი, ყველა ამბობს, რომ ბოთლში ჩამოსხმულსა და ბუნებრივ გარემოში არსებული წყალი ერთმანეთისგან გემოთი საკმაოდ განსხვავდება.

ბიუვეტიდან წყალი თბილი სახით ამოედინება, ხოლო ბოთლში გაციების შემდეგ ისხმება.

კომპანია IDS ბორჯომის წარმომადგენლები ამბობენ, რომ განსხვავებას სწორედ ეს განაპირობებს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩამოსხმის პროცესში წყალი იგაზება (ბუნებრივი ნახშიროჟანგა გაზით გაჯერება ხდება).

კომპანიაში ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ მხოლოდ ბუნებრივ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო წყლებს აწარმოებენ, რომელიც არანაერ ჩარევებს და დამატებებს არ განიცდის.

თანამედროვე, ევროპული ჩამომსხმელი ხაზები, რომლებიც საწარმოო პროცესის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, მინერალური წყლისბორჯომის ხარისხის გარანტიაა.

7208963150_b217064bef”ქარხნებში დანერგილი ხარისხის კონტროლის კომპლექსური სისტემები უზრუნველყოფს სტაბილურად მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნებას. ჩვენს კომპანიაში არსებული ხარისხის კონტროლის სისტემა სრულიად მიესადაგება საქართველოს კანონმდებლობის და  ISO 22 000-ის მოთხოვნებს. რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ საბოლოო პროდუქტის ხარისხი და უსაფრთხოების მაჩვენებელი მუდმივად კონტროლდებოდეს – მისი მოპოვებიდან დაწყებული, მომხმარებლამდე ჩაბარების ეტაპამდე”, – აცხადებენ კომპანიაში.

 

ლიკანი

ლიკანიც სწორედ იმ ქარხანაში იწარმოება, რომელშიც ბორჯომი.

„ლიკანის“ ბუნებრივი ნახშიროჟანგა გაზით გაჯერება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ  წყლის ჩამოსხმის პროცესში ხდება.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ქარხანაში მკაცრად დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად და გარკვეული პერიოდულობით მიმდინარეობს პროდუქციის ხარისხისა და წყაროს წყლის შემოწმება. ამისთვის კი ადგილზე თანამედროვე ლაბორატორიებია შექმნილი.

 

ბაკურიანი

წყაროს წყალი ბაკურიანი N2 ქარხანაში იწარმოება, რომელიც ყვიბისში მდებარეობს.

“ბაკურიანი” ოპტიმალური რაოდენობის მინერალური კომპლექსებით გაჯერებული, დაბალმინერალიზებული, ნატურალური წყაროს წყალია.

ის კალციუმის, კალიუმის, ნატრიუმისა და მაგნიუმის მინიმალური კონცენტრაციით ხასიათდება. „ბაკურიანი“ შეიცავს მცირე ოდენობით ფტორის და იოდის იონებს.

ქარხანაში დანერგილი ხარისხის კონტროლის კომპლექსური სისტემები უზრუნველყოფს სტაბილურად მაღალი მაჩვენებლების შენარჩუნებას. წყლის სინჯები რეგულარულად იგზავნება თბილისსა და იმპორტიორი ქვეყნების შესაბამის სერტიფიცირებულ ლაბორატორიებში.

საბადოს ჰიდროგეოლოგიური შეფასებისათვის და მისი განვითარებისათვის კომპანია რეგულარულად იღებს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მომსახურებას, ისეთების, როგორებიცაა Gamma (საქართველო), Zenith Consulting (დიდი ბრიტანეთი), Antea (საფრანგეთი), SGS – Institut Fresenius (გერმანია).

 

სნო

სნოს წყლის სათავე მთებშია, თუმცა წყლის აუზს მუხრანის ველის ქვეშ, სოფელ მისაქციელში ქმნის. კომპანია „აქვა გეო“-ს ქარხანაც სწორედ აქ მდებარეობს.

5_1_1319466303წყლის მოპოვება 150 მეტრის სიღმიდან ხდება. წყლის რესურსი მიწის ზედაპირიდან  4 წყალგაუმტარი შრით არის იზოლირებული და ამის გამო  ნებისმიერი სახის დაბინძურებისგან ბუნებრივად დაცულია.

როგორც კომპანიიდან ”ფორტუნას” აცნობეს, წყლის დამუშავების დროს გამოყენებულია ისეთი ტექნოლოგიები, რომელიც არ იწვევს წყლის მიკრობიოლოგიურ და ქიმიურ შემადგენლობის ცვლილებას.  გაფილტვრა მექანიკურად ხდება და ეს პროცესი რამდენიმე საფეხურისგან შედგება, რომლის დროსაც წყალი აუცილებელ მინერალებს არ კარგავს.

”ქარხნის ლაბორატორია მუდმივად ამოწმებს წყლის ხარისხს, მკაცრად აკონტროლებს ჩამოსხმის პროცესს, რაც წყლის ხარისხს უზრუნველყოფს.ლაბორატორიაში დანერგილია კვლევის საერთაშორისო სტანდარტული მეთოდები – ISO. შექმნილია და უკვე დანერგვის პროცესშია სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა – HACCP”, – აცნობეს კომპანიიდან ”ფორტუნას”.

 

თამთა უთურგაშვილი

 

magti 5g