LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაში ხარჯავენ ფულს საქართველოში ჩამოსული ვიზიტორები – I კვარტალში მათ ჯამში 2 მილიარდი ლარის ხარჯი გასწიეს

131
ტურისტები-საქართველოში

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.2 მილიონი შემოსვლა, რაც 2.1-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათი ცნობით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 48.7 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

საქსტატის მონაცემებით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.1 მილიონი შეადგინა, რაც ასევე 2.1-ჯერ მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, 2023 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 873.3 ათასს მიაღწია, რაც 2.0-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 845.3 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 83.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 79.8 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 15.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.3 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

უწყების მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 220.7 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 25.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 17.6%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 15.0%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის – 256.8 ათასი მოქალაქე, თურქეთის – 216.4 ათასი მოქალაქე და სომხეთის – 182.5 ათასი მოქალაქე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 50.2 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 34.2 პროცენტს შეადგენდა.

4 თვეში რუსეთიდან საქართველოში $838 მილიონზე მეტი გადმოირიცხა – ეროვნული ბანკი

საქსტატის მიხედვით, 2023 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.0 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 8.6 პროცენტით ნაკლებია.

განხორციელებული ვიზიტების 79.4 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2023 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.0 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 40.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 31.7 პროცენტით შემცირდა და 1 898.6 ლარი შეადგინა.

2023 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ გაწეული საშუალო ხარჯი ვიზიტზე კატეგორიების მიხედვით, ასეთი იყო:

  • საკვები და სასმელი – 569.9 ლარი;
  • განთავსება – 522.5 ლარი;
  • საყიდლები – 418.6 ლარი;
  • გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები – 213.1 ლარი;
  • ადგილობრივი ტრანსპორტი – 144.1 ლარი;
  • სხვა – 30.4 ლარი.
magti 5g