რატომ აჩვენა ენა აინშტაინმა ცნობილ ფოტოზე? ეს კითხვა ალბათ ბევრ ადამიანს გასჩენია. ფოტო, რომელზეც დიდმა მეცნიერმა ენა გამოყო, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში. რატომ მოიქცა აინშტაინი ასე?
ცნობილია, რომ ფიზიკოსს მშვენიერი იუმორის გრძნობა ჰქონდა, რაც შესანიშნავადაა ასახული სტატიებში „საინტერესო ისტორიები აინშტაინის ცხოვრებიდან“ და „აინშტაინის რჩეული ციტატები“.
აინშტაინი ენით
1951 წელს აინშტაინი 72 წლისთავს აღნიშნავდა პრინსტონის უნივერსიტეტში. სახელგანთქმული მეცნიერისთვის მისალოცად მივიდა ბევრი მეგობარი და კოლეგა, ცხადია იყვნენ ჟურნალისტებიც. დღესასწაულის მიწურულს ფიზიკოსმა ეიდელოტების ოჯახთან ერთად გადაწყვიტა ღონისძიების დატოვება.
ალბერტი და მისი მეგობრები მანქანაში ჩასხდნენ და წასვლას აპირებდნენ, როდესაც უცებ ავტომობილის უკანა კარი გაიღო და სალონში ფოტოგრაფ არტურ ზასეს კმაყოფილი სახე აღმოჩნდა. მან უმალ მიმართა ფოტოკამერის ობიექტივი იუბილარისკენ და უთხრა: „გაიღიმე რა, პროფესორო!“.
ზასეს ასეთმა თავხედობამ განარისხა აინშტაინი. მას მიაჩნდა, რომ ზეიმის დროს ისედაც ზედმეტად ბევრი გადაუღეს. ამის გამო მეცნიერმა გადაწყვიტა ფოტოგრაფისთვის ჭკუა ესწავლებინა და ძიუდოს ილეთი გამოეყენებინა, რომელიც ერთმა ოსტატმა ასწავლა.
პროფესორს მანევრი არ გამოუვიდა. ამიტომ აინშტაინმა უბრალოდ ენა გამოუყო.
საინტერესოა, რომ ფიზიკოსი დარწმუნებული იყო, რომ კამერას უბრალოდ დრო არ ეყოფოდა გადაღების დასაფიქსირებლად. თუმცა აინშტაინმა ვერ გაითვალისწინა, რომ არტურ ზასეს ჰქონდა იმ დროისათვის მოწინავე ფოტოაპარატი „Contax IIIa“ ცვლადი ობიექტივითა და სწრაფი საკეტით.
მაღალი კლასის ტექნიკის წყალობით რეპორტიორმა მოახერხა კადრის დაფიქსირება ზუსტად იმ მომენტში, როდესაც აინშტაინმა ენა უჩვენა.
ფოტომ არანორმალური პოპულარობა მოიპოვა მთელ მსოფლიოში. არტური პატარა ბავშვივით ხარობდა. მას იმედი ჰქონდა, რომ აინშტაინის გამოყოფილი ენით დიდ ფულს იშოვიდა.
თუმცა, როდესაც ფოტორეპორტიორმა ფირი ერთ ცნობილ გამოცემაში მიიტანა, მისი მასალით დაინტერესება ვერ დაინახა. მეტიც, მთავარმა რედაქტორმა ურჩია ზასეს მოეშორებინა ფირი, რადგან ფოტოს შეეძლო დიდი სკანდალი გამოეწვია.
რედაქციიდან გამოსულმა ჟურნალისტმა არ იცოდა რა მოემოქმედა. მეტი სითამამისთვის ერთ-ორი ჭიქა დალია და ფოტო თავად აინშტაინს გაუგზავნა. წერილიც დაურთო გამოქვეყნების თხოვნით.
როდესაც ფიზიკოსმა ნახა ფოტო გამოყოფილი ენით, აღტაცებაში მოვიდა. აინშტაინმა პირადად დაურეკა ფოტოგრაფს და მადლობა უთხრა ნამუშევრისთვის. შემდეგ დაურეკა მთავარ რედაქტორს და თხოვა ეს ფოტო პირველ გვერდზე განეთავსებინა. თანაც არ დავიწყებია გაეფრთხილებინა, რომ ბიჭისთვის ღირსეული ჰონორარი გადაეხადათ.
რამდენიმე საათში აინშტაინის გამოყოფილი ენის ფოტომ გიჟური პოპულარობა მოიპოვა. ცნობილი ფაქტია, რომ პროფესორი მეგობრებს თავად უგზავნიდა მის ენიან ფიზიონომიას მისალოცი ბარათის სახით.
არტურ ზასემ მხოლოდ 9 ორიგინალური ფოტო გაამჟღავნა. ერთ-ერთზე აინშტაინმა მინაწერი გააკეთა: „თქვენ მოგეწონებათ ეს ჟესტი, რადგან ის მთელ კაცობრიობას ეძღვნება“. და ის მეგობარ რეპორტიორ ჰოვარდ სმითს აჩუქა.
2009 წელს, აუქციონზე მეორე ორიგინალური ფოტო 74 325 დოლარად გაიყიდა.