საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში ისევ წააგო. როგორი ნაცნობი ფრაზაა, არა. საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით ირლანდიასთან წააგო. კიდევ ერთი ძალიან ნაცნობი და გაცვეთილი ფრაზა. და კიდევ ერთი ყველაზე მოძველებული და გაცვეთილი ფრაზა: საქართველომ კარგად ითამაშა, მაგრამ არ გაუმართლა და წააგო.
ამ დაუმთავრებელ ღირსეულ წაგებებში კარგი ერთი რამაა და ეს კარგი ისევ უცხოელი კაცია. ვაისის ნათქვამი პროფესიონალის ნათქვამს გავს: ამას უკვე უიღბლობა აღარ ქვიაო. დიდი ალბათობით, მართალიცაა. გუნდი, რომელიც მუდმივად აგებს, შინ და გარეთ, ძლიერთან და საშუალოსთან, და კმაყოფილია იმით, რომ არ განადგურდა და მისაღები ანგარიშით დამარცხდა, ზოგჯერ კი ბურთსაც ფლობდა, ან კარშიც დაარტყა და ამით კმაყოფილია, ეს უკვე კანონზომიერებაა და ისე ჩანს, რომ ჩვენი გუნდის ამოცანაც თითქოს ისაა, ისე არ წააგოს, რომ სალაპარაკოდ გაიხადოს საქმე. არადა, აღარ უნდა დადგეს დრო, რომ დამთავარდეს ასეთი მიდგომა და თავს ცოტა მეტი მოვთხოვოთ. გამარჯვებებს ვინ ჩივის, ერთ კონკრეტულ მატჩში ბრძოლა კი არ დავისახოთ მიზნად, არამედ ვიბრძოლოთ მთელ ციკლში და თუნდაც საბოლოოდ წავაგოთ, ოღონდ ბრძოლა იყოს ბოლომდე და არა მარტო შემოდგომაზე.
მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ – საქართველოს ნაკრები არ არის ის გუნდი, რომელსაც შეუძლია გრძელვადიან ამოცანებს შეეჭიდოს. ჩვენ არ გვყავს სტაბილური გუნდი, რომელიც ორი წლის განმავლობაში ერთნაირად კარგად ამოხსნის მის წინაშე დასმულ ამოცანებს, მუდმივად მომზადებული შეხვდება თითოეულ თამაშს როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.
რომელ გრძელვადიან პერსპექტივაზეა საუბარი, როდესაც გუნდს ერთ კონკრეტულ თამაშში არ შეუძლია სტაბილურობის შენარჩუნება. ბოლო ტენდეციით საქართველო ყალიბდება ერთი ტაიმის გუნდად, მონაკვეთებად დაყოფილ გუნდად, გამონათებების გუნდად და ა.შ.
გამოსავალი? – შევეგუოთ? დაველოდოთ ახალ თაობას და რაღაც გაურკვეველი იმედი ვიქონიოთ?
მეორე ვარიანტიც არის: ვისწავლოთ, ევროპულ მენტალობას კიდევ უფრო დავუახლოვდეთ, დისციპლინა დავიცვათ, მიდგომები შევცვალოთ, საქმეს გულით მოვეკიდოთ, მეტი გუნდურობა, ტაქტიკური განსწავლულობა, ბოლომდე ბრძოლა და… ვინ იცის, იქნებ მერე შევარდეს შესავარდნი ბურთი, ჩვენთვისაც 90 წუთი გაგრძელდეს ფეხბურთი, და ეს წყეული ღირსეული წაგება მოგებად გარდაიქმნას…