LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ არის ბიუჯეტში ასახული გაზრდილი პენსია და სოციალური დახმარება?

40

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი მნიშვნელოვნად შეიცვლება.

კაკაურიძის თქმით, საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით, გარკვეული შეზღუდვები არსებობს, რის გამოც, ახალი ინიციატივების წარდგენა, მათ შორის სოციალური მიმართულებით, ცალსახად იკრძალება.

„პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული შეზღუდვები საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მესამე და მეოთხე პუნქტებით, ცალსახად იკრძალება საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, არჩევნებამდე 60 დღით ადრე და არჩევნების შედეგების შეჯამებამდე, ყოველგვარი ახალი ინიციატივების წარმოდგენა როგორც სოციალური გასაცემლებისმიმართულებით, ასევე, სხვა ახალი პროგრამების დაწყება და შეღავათების დაწესება. სწორედ ამიტომ, ჩვენ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი მოვამზადეთ იმ მოცემულობაში, რა ვალდებულებაც ჰქონდა აღებული სახელმწიფოს საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. შესაბამისად, ყველა ეს ვალდებულება გათვალისწინებულია ბიუჯეტში და გამოყოფილია შესაბამისი თანხებიც.

რაც  შეეხება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს, დოკუმენტი საარჩევნო პერიოდის დასრულების შემდგომ, მნიშვნელოვნად გადამუშავდება. გაიზრდება მისი ჯამური მოცულობა და მასში გათვალისწინებული იქნება ბევრი სიახლე, მათ შორის, იმ პროექტების/პროგრამების ზრდა, რომელიც გააუმჯობესებს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს და ტურისტულ ინფრასტრუქტურას, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისი თქმით, დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტები ეკონომიკურ აქტივობას დააჩქარებს და შესაბამისად, ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც გადაიხედება.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პარალელურ რეჟიმში მუშაობა მიმდინარეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, არამხოლოდ 2017 წლის, არამედ 2017-2020 წლების ძირითადი პარამეტრების შესათანხმებლად.

პროექტის გადამუშავება საქართველოს პარლამენტისათვის საბოლოო ვარიანტის წარდგენამდე განხორციელდება, რისთვისაც როგორც სამინისტროებთან, ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან აქტიური მუშაობა გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g