LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ დამთავრდა ომი

111
Screenshot 2025-09-12 131852

მსოფლიო კვლავ ქარტეხილებშია: ჩვენი პლანეტის სხვადასხვა წერტილში გრძელდება შეიარაღებული დაპირისპირებები და იღუპება უამრავი ადამიანი. ომს, კონფლიქტებს, მკვლელობებს ბოლო არ უჩანს.

არადა, არც თუ დიდი ხნიწ წინ, თითქოს გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოს. აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების ალიასკაზე შეხვედრამ გააჩინა მცირე იმედი, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები დასასრულისკენ წავიდოდა და მხარეები შეძლებდნენ გარკვეულ შეთანხმებას. მით უმეტეს, რომ წამოიწყეს საუბარი თავად პუტინსა და ზელენსკის პირად შეხვედრაზეც.

მცირე დროში სამწუხაროდ განსხვავებული სურათი ვნახეთ: ომი გრძელდება, რუსეთი კვლავ უტევს და ბომბავს უკრაინას, მშვიდობიან მოსახლეობას, მოლაპარაკებებზე საუბარი თითქოს აღარც არის, არც დონალდ ტრამპი გამოიყურება ძველებურად ომახიანად და აგერ ბოლო ამბავიც – რუსეთმა პოლონეთში, ანუ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, ანუ ნატოს წევრ ქვეყანაში დრონები მიუშვა.

რატომ არ დამთავრდა ომი?

„ფორტუნა“ ამ თემაზე ესაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე, ნიკოლოზ ვაშაკიძეს.

„ომში ჩათრეულია ღრმა ინტერესი. არა მგონია სერიოზულ პოლიტიკოსებს, მიმომხილველებს იმედი ქონოდათ, რომ ალიასკის შეხვედრა კონფლიქტის სწრაფად დამთავრებას გამოიწვევდა. მოდი ვაღიაროთ, ომის დამთავრება არავის აწყობს.

პუტინს ომისშემდგომი პრობლემები ექნება. ომიდან დაბრუნებული ხალხის რესოციალიზაცია, ამასთან, საზოგადოება სხვა თვალით შეხედავს თუ რა მოუტანა ამ ომმა და ამდენმა ზარალმა რუსეთს. ეკონომიკური პრობლემები გადაიზრდება პოლიტიკურ პრობლემებში.

ბოლომდე გულახდილები რომ ვიყოთ, ომის დასრულება არც ზელენსკის აწყობს. მის მიმართაც გაჩნდება კითხვები და შესაძლოა მის ხელისუფლებასაც შეექმნას პრობლემები, მით უმეტეს, რომ ომი არ დასრულდება ისეთნაირად, რომ უკრაინელი საზოგადოება კმაყოფილი დარჩეს. დაისმევა კითხვა თუ რა დაკარგა და რა მიიღო უკრაინამ.

შეიძლება ისიც კი ვთქვათ, რომ არც ევროპას აწყობს დასრულება. ამჟამად მიმდინარეობს რუსეთის შეკავება და გამოფიტვა. ასეთ ვითარებაში არ ვფიქრობ, რომ სწრაფ პირობებში დასრულდება საომარი მოქმედებები“.

ტრამპი და რეალობა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფიქრობდა, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება „ყველაზე მარტივი რამ“ იქნებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. მან ეს ამერიკულ რადიო 77 WABC-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ფაქტობრივად, მე შვიდი ომი მოვაგვარე. თითქმის ყველა მათგანი გადაულახავი იყო. ზოგიერთი მათგანი 30 წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. ეს 31, 30, 35 წელია და მე შვიდივე მოვაგვარე… ვთქვი, რომ ყველაზე მარტივი პუტინი იქნებოდა, რადგან, იცით, მას კარგად ვეწყობოდი, პრობლემების გარეშე. მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ვფიქრობ, რომ გადაწყვეტასთან ახლოს ვართ, ის მიდის და კიდევ ერთ ბომბს ისვრის. ეს უბრალოდ კარგი არ არის. ძალიან გაკვირვებული ვარ“, – თქვა თეთრი სახლის თავკაცმა.

ტრამპმა დასძინა: „ვთქვი, რომ ეს საკმაოდ სწრაფად მოხდებოდა, მაგრამ რთული აღმოჩნდა. პუტინს და ზელენსკის შორის დიდი სიძულვილია. და ბევრი სისხლი დაიღვარა. მაგრამ ჩვენ მას დავასრულებთ“, – დაასკვნა შტატების მეთაურმა.

„როდესაც კონფლიქტში მონაწილე მხარეები არ არიან დაინტერესებული, ძნელია ისინი აიძულო. ტრამპს პრიმიტიული აღქმა აქვს სამყაროსი, მაგრამ ცხოვრებამ დაანახა, რომ ის გაცილებით რთულია“, – ამბობს ნიკოლოზ ვაშაკიძე „ფორტუნასთან“ საუბარში კითხვაზე, ტრამპმა ერთგვარად ხელი ხომ არ ჩაიქნია ან აქვს კი რეალურად ისეთი გავლენა მოვლენებზე, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.

ტრამპით დიდად აღფრთოვანებული, როგორც ჩანს, არც უკრაინის ლიდერია. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ალასკაში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების სამიტმა პუტინს მისცა ის, რაც სურდა. ამის შესახებ ზელენსკიმ abcnews-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
„სამწუხაროა, რომ უკრაინა იქ არ იყო, რადგან ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინს მისცა ის, რაც მას სურდა. მას ძალიან სურდა აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრა. ვფიქრობ, პუტინმა ეს მიიღო და სამწუხაროა“.

პუტინთან შეხვედრასთან დაკავშირებით, უკრაინის ლიდერი ამბობს, რომ პუტინმა მას ისეთი პირობები შესთავაზა, რომელსაც ვერ მიიღებდა და პუტინი აშშ-სთან თამაშობს.
ზელენსკის თქმით, ორმხრივი შეხვედრის შესაძლებლობა ორ ლიდერს შორის არ არის გამორიცხული, უბრალოდ რუსეთის ტერიტორიაზე არა.

რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებსაც უკრაინა ამერიკელი და ევროპელი მოკავშირეებისგან ითხოვს ომის დასრულების შემთხვევაში, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ნებისმიერი უსაფრთხოების გარანტია შეიძლება დაფუძნდეს მხოლოდ უკრაინულ არმიაზე.

ომი სრულდება თუ აწი იწყება?

„რუსეთის პრეზიდენტის იმპერიალისტური გეგმა უკრაინის დაპყრობით არ დასრულდება, არამედ ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კანცლერმა აღნიშნა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა ევროპა დაასუსტოს.
„ჩვენ ყოველდღიურად და სულ უფრო ინტენსიურად ვხვდებით რუსულ ჰიბრიდულ თავდასხმებს, მათ შორის ჩვენს ინფრასტრუქტურაზე. მოსკოვის პროვოკაციები მიმდინარეობს ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვებში“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა და…

10 სექტემბრის ღამით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს რუსეთის დრონებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე მრავალჯერადად დაარღვიეს. პოლონეთის მთავრობის ინფორმაციით, უპილოტოების ნაწილი ჩამოაგდეს.

„რა ხდება რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით? დაიწყო!“ – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე:
„ევროპამ ეს არ უნდა გაატაროს. ტრადიციული რუსული ტაქტიკაა. ჯერ უნდა მოსინჯოს, ერთგვარი პილოტპროექტის სახით. მერე უკვე უფრო მასშტაბურ ნაბიჯებს დგამს. გავიხსენოთ, 2008 წელს საქართველოში წითელსოფლის მაგალითი. ამ ინციდენტზე მოსინჯა რეაქცია. პრინციპში მაშინ რუსეთს მწვანე შუქი აუნთეს. ახლა თუ მისაღები რეაქცია მოჰყვა, შემდეგ უფრო ხისტი დარტყმა შესაძლოა ბალტიის ქვეყნებს მიაყენოს.

დღეს 2008 წლისგან განსხვავებით სულ სხვა ვითარებაა, თანაც პოლონეთი ევროკავშირის წევრია. ეს ხომ ბევრ რამეს ცვლის, თან ისიც არის, რუსეთს ეყოფა რესურსი?

პუტინის ეგზისტენციალური საკითხია ომები. ისე დალაგდა, რომ რუსეთს არსებობა შეუძლია მხოლოდ პერმანენტული ომის პირობებში. დიდი არჩევანიც არ აქვს. ევროპა კი ურთხილდება არ გამოვიდეს კომფორტის ზონიდან, თავი აარიდოს არაკომფორტულ ნაბიჯებს. პუტინი ამით სარგებლობს. ქუჩაში ხულიგანი როგორ მოქმედებს ნორმალურ ოჯახში აღზრდილთან მიმართებაში, იგივეა აქცს? თავის არიდების უპირატესობით სარგებლობს“.

თავის არიდების უპირატესობა თუ ჩართვა

ჩრდილოატალანტიკურ ალიანსში, „როიტერის“ თქმით, „პირველადი მონაცემები მიუთითებს, რომ პოლონეთში მომხდარი ინციდენტი იყო რუსეთის უპილოტოების განზრახ შეჭრა“, მიუხედავად ამისა, „ნატო რუსეთის დრონების შეჭრას თავდასხმად არ მიიჩნევს“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსი კვლავ ფხიზლად რჩება და მზადაა დაიცვას თავისი ტერიტორიის „ყოველი სანტიმეტრი“.

„ჩვენ ვნახეთ ძალიან ეფექტური რეაგირება ნატოს და მისი მოკავშირეებისგან, მათ შორის პოლონეთისგან, ნიდერლანდებისგან, იტალიისა და გერმანიისგან. შთაბეჭდილება მოახდინა მათმა ერთგულებამ. ვაჩვენეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ნატოს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი, მათ შორის ჩვენი საჰაერო სივრცე“, – განაცხადა რუტემ.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი პოლონეთს სოლიდარობას უცხადებს.
„ევროპა სრული სოლიდარობით დგას პოლონეთის გვერდით.
ჩვენ გვჭირდება მეტი წნეხი რუსეთზე, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიყვანოთ, გვჭირდება მეტი სანქცია“.
ევროკომისიის პრეზიდენტი იმასაც აცხადებს, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთის მოსაზღვრედ მდებარე წევრ სახელმწიფოებს საზღვრების მონიტორინგსა და დაცვაში დაეხმარება.

რას ფიქრობენ უკრაინელები და რას ევროპაში

ევროპული საბჭოს საგარეო ურთიერთობების (ECFR) გამოკითხვაში მრავალი საინტერესო თემაა წამოჭრილი, რომელთა სრულად ნახვა ლინკზეა შესაძლებელი, აქ მხოლოდ ერთ საკითხს შევეხებით და თუ ცოტა ჩავუღრმავდებით, დავინახავთ პოლარულ მოსაზრებას თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი და რა მოხდება შემდეგ უკრაინასა და ევროკავშირში.
გამოკითხვამ გამოავლინა უთანხმოება თუ როგორ აღიქვამენ ევროპელი და უკრაინელი რესპონდენტები ომს და რა მიზნებს უნდა მიაღწიოს ევროპის მხარდაჭერამ. მარტივად რომ ვთქვათ, უკრაინელებს იარაღი სურთ გამარჯვებისთვის, მაშინ, როცა ევროპელთა უმეტესობა ამ იარაღს იმ იმედით აგზავნის, რომ ეს კიევს უკეთეს მოლაპარაკების პოზიციაში ჩააყენებს ომის დასასრულებლად.

უთანხმოება ასევე აისახება საზოგადოებრივ აზრზე უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში წევრობის შესახებ. როგორც ჩანს, უკრაინელები ორივეში წევრობას მათი სიმამაცის აღიარებად აღიქვამენ. თუმცა, დასავლეთის დედაქალაქებში ევროკავშირსა და ნატოში წევრობა, როგორც წესი, მხოლოდ რუსეთთან შესაძლო კომპრომისული შეთანხმების კონტექსტში განიხილება.

შეიძლება თუ არა ამ უფსკრულის შევსება?

ფოტო: acfcs
apnews
cfr

magti 5g