LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ უნდა გამოვიყენოთ უწყვეტი სიგნალი არამიზნობრივად – „კვლევებით დადგინდა, რომ ხმაურის გრძელვადიანი ზემოქმედება იწვევს გულის იშემიურ და სხვა დაავადებებს“

238
90

ევროპაში სულ უფრო მეტს საუბრობენ იმ ზეგავლენაზე, რომელსაც საგზაო ხმაური ჯანმრთელობაზე ახდენს. ბოლო კვლევების მიხედვით, ყოველი მეხუთე ევროპელი საგზაო ხმაურისგან გამოწვეული დისკომფორტით იტანჯება. ეს პრობლემა გაცილებით მწვავედ დგას დიდ ქალაქებში.

EEA-ის ხმაურის ანგარიშის თანახმად, საგზაო მოძრაობა ევროპაში ხმაურით დაბინძურების მთავარი წყაროა. დაახლოებით, 113 მილიონი ევროპელი განიცდის გრძელვადიან ზემოქმედებას დღის-საღამოს-ღამის მოძრაობის ხმაურის მინიმუმ 55 დეციბელზე.

სამწუხაროდ, რაც ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, არის ის, რომ ხმაურის გრძელვადიანი ზემოქმედება, თუნდაც იმ დონეზე, რომელსაც ჩვენ შევეჩვიეთ ურბანულ ადგილებში, აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ჯანმრთელობაზე. EEA-ის შეფასებით, გარემოს ხმაურის გრძელვადიანი ზემოქმედება იწვევს ნაადრევ სიკვდილს და ხელს უწყობს გულის იშემიური დაავადების 48 000 ახალ შემთხვევას ევროპაში, ყოველწლიურად. ასევე დადგენილია, რომ საგზაო ხმაურიდან გამომდინარე, 22 მილიონი ადამიანი განიცდის ქრონიკულ გაღიზიანებას და 6,5 მილიონ ადამიანს აქვს ძილის დარღვევა.

ამ პრობლემების თავიდან ასარიდებლად, ევროპის ქვეყნებმა მიიღეს მთელი რიგი ზომები ხმაურის დონის შესამცირებლად და მართვისთვის. ქალაქებში ხმაურის დონის შემცირების ყველაზე პოპულარული ზომების მაგალითებია ძველი დაგებული გზების შეცვლა უფრო გლუვი ასფალტით, მოძრაობის ნაკადების უკეთესი მართვა და სიჩქარის შეზღუდვის შემცირება 30 კილომეტრამდე საათში. ზოგიერთ ქალაქს ასევე აქვს განხორციელებული პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო ხმაურის დაფარვას ყურისთვის სასიამოვნო ხმაურის განთავსებით, როგორიცაა: ჩანჩქერები ქალაქების ცენტრებში. ასევე არსებობს ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას და ადამიანების ქცევის შეცვლას ტრანსპორტის ნაკლებად ხმაურიანი რეჟიმების გამოყენებისას.

საგზაო ხმაურის გამოწვევის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, როგორიც იცით, უწყვეტი ხმოვანი სიგნალია. მისი გამოყენება, ბუნებრივია, ისევე როგორც საქართველოში, არც ევროპის ქვეყნებში არ არის აკრძალული, ვინაიდან, ხმოვანი სიგნალი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ელემენტია. რაც შეეხება იმას, თუ რა ვითარებაში უნდა გამოიყენოთ სიგნალი, ეს საგზაო მოძრაობის კანონით რეგულირდება და ცალსახად გაწერილია, რომ სიგნალის მთავარი მიზანი უსაფრთხოების ნორმების დაცვაა. მისი არამიზნობრივად გამოყენება არ ისჯება, თუმცა, ეთიკის ნორმებს ექვემდებარება.

იმისთვის, რომ სიგნალმა დიდი ქაოსი არ გამოიწვიოს, ევროპის ქვეყნებში რეკომენდაციის სახით განსაზღვრულია, რომ სიგნალი უნდა შეესაბამებოდეს მანქანის ზომებს. ამიტომ, საყვირის არჩევისას პირველ რიგში ავტომფლობელმა უნდა იზრუნოს უსაფრთხოებაზე და მოერიდოს არასტანდარტულ მოწყობილობებს. თანამედროვე ბაზარი მძღოლებს სთავაზობს არა მხოლოდ სტანდარტული სიგნალის შეცვლას გაზრდილი მოცულობის მოდელით, არამედ ბგერების არჩევანს, რომლითაც შეგიძლიათ განასხვაოთ მანქანა გზაზე.

არასწორად შერჩეული ხმა შეიძლება გახდეს დისკომფორტის წყარო ფეხით მოსიარულეებისთვის და თავად მძღოლისთვის. სტანდარტული მანქანის საყვირის სიხშირე 320-440 ჰც-ის დიაპაზონშია.

სხვათა შორის, სიგნალთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნებში ნაკლებად, თუმცა აშშ-ის ბევრ შტატში მოქმედებს საკმაოდ უცნაური კანონები. მაგალითად, არკანზასში არ შეიძლება მანქანის დასიგნალება იმ ადგილებში, სადაც ყიდიან ცივ საუზმეს, მისურის (Missouri) შტატში კი უკანონოდ მიიჩნევა დასიგნალება სხვის ავტომობილში.

ხმოვან სიგნალთან დაკავშირებულ საკითხებზე „ფორტუნა“ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ავტომრბოლელ მევლუდ მელაძეს ესაუბრა. „მოგეხსენებათ, ხმოვანი სიგნალი უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ერთგვარი სასიგნალო ენაც კი არსებობს მძღოლებს შორის, შესაბამისად, ის ევროპის არცერთ ქვეყანაში აკრძალული არ არის. არსებობს ზოგადი კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ, რომელიც ყველა ქვეყნისთვის საერთოა, დანარჩენი უმნიშვნელო დეტალები კი თითოეულ ქვეყანას თავისი აქვს და მათ კანონმდებლობებშია გაწერილი. რაც შეეხება შეზღუდვებს, ევროპაში ეს ყველაფერი ეთიკის ნომრებს ექვემდებარება და ისეთი ქაოსური არ არის ეს პროცესი როგორც ჩვენთან. იქ გასართობად ხმოვან სიგნალს არ იყენებენ. საქართველო ამ კუთხით აზიურ ქვეყნებს წააგავს, სადაც გაცილებით უარესი მდგომარეობაა – აზიის ქვეყნებში უწყვეტ ხმოვან სიგნალს უმეტესად არამიზნობრივად გამოიყენებენ“, – ამბობს მევლუდ მელაძე. მისივე ინფორმაციით, ხმოვანი სიგნალის გამოყენებაზე, რამდენადაც ის ინფორმაციას ფლობს, ჯარიმის გამოყენების ფაქტები არსად არ არსებობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g