„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც ითვალისწინებს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.
“ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” საიას საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელმა, თამარ ონიანმა განმარტა, რატომ არ უნდა გავრცელდეს ამნისტია სამართალდამცავებზე.
“20 ივნისს აქციის დაშლა მასშტაბურ უფლებების დარღვევაში გადაიზარდა. რაც თავისი არსით უტოლდება არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას, რასაც კრძალავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლი.
საქართველოს, როგორც ამ ხელშეკრულების ხელმომწერს აქვს ვალდებულება როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე, რომ არ დაარღვიოს კონვენცია. იქიდან გამომდინარე, რომ აქციის დაშლა იყო არაპროპორციული, უკანონო, გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები ახლო მანძილიდან სასიცოცხლო ორგანოების მისამართით.
ასევე, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, ყველამ ვიცით, რომ ეს ძალიან ხშირ შემთხვევაში არის იარაღი, კონკრეტული პირები ამ დროს დაექვემდებარნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხოფას პოლიციის მხრიდან, რაც არის არადამიანური მოპყრობა. ამავდროულად, ადგილი ჰქონდა ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლას.
აღსანიშნავია ისიც, რომ დაირღვა კონვენციის მუხლით მესამე მატერიალური ნაწილი, არამედ პროცედურული ნაწილიც, რაც გულისხმობს, რომ დღემდე ჩვენ ვხედავთ, მაგალითად, საიას დაცვის ქვეშ მყოფი 22 პირის შემთხვევაში, გამოიძება არ მიმდინარეობს ეფექტიანად.
ამრიგად, თუ ვინმეს კითხვა შეიძლება გაუჩნდეს, რატომ არ უნდა გავრცელდეს ამნისტია სამართალდამცველთა მიმართებით ამაზე პასუხი არის ძალიან მარტივი იქიდან გამომდინარე, რომ ევროპულ სასამართლოს და არა მარტო, არაერთხელ განუმარტავს, რომ წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამნისტიის გამოყენება”. – განაცხადა “ფორტუნას” ეთერში საიას საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელმა, თამარ ონიანმა.
ცნობისთვის, 2021 წლის 19 აპრილს საია-მ მედიაციის პროცესში ჩართულ მხარეებს მოუწოდა, ხელი მოეწერათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კომპრომისულ წინადადებაზე. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ შეთანხმება საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა შესრულდეს.