LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის დიდი ცვლილებები რთული განსახორციელებელი – FM ქოუჩი

15
ნინო აბაშიძე

რატომ არის ადამიანისთვის დიდი ცვლილებები რთული და რატომ ვირჩევთ სხვების ცვლილების გზას – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ ქოუჩმა ნინო  აბაშიძემ ისაუბრა.

რატომ ცდილობენ ადამიანები სხვების ცვლილებას?

როდესაც ადამიანს უჩნდება ნებისმიერი დისკომფორტი ცხოვრებაში ის ცდილობს ზემოქმედება მოახდინოს სიტუაციასა და ამ სიტუაციაში მონაწილე ადამიანებზე, მათი ცვლილების სახით. მაგალითად თუ პარტნიორულ სასიყვარულო ურთიერთობაში არის ნებისმიერი სახის უკმაყოფილება თუ დისკომფორტი, ჩვენ ვირჩევთ გზას, რომ შევცვალოთ მეორე ადამიანის ქცევა, რაც დიდი ალბათობით კიდევ უფრო დიდ კონფლიქტს ან იმედგაცრუებას  იწვევს.

უპირველეს ყოვლისა უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ ურთიერთობაში არის მინიმუმ 2 ადამიანი და აქედან სასიკეთო ზემოქმედების მოხდენის ძალა და საშუალება გვაქვს მხოლოდ ერთ პერსონაზე და ის ვართ ჩვენ. სამყაროა ასე მოწყობილი, რომ მხოლოდ შენი თავის ცვლილებით და განვითარებით შეგიძლია სასიკეთო გავლენა იქონიო ადამიანებზე და გარშემო სამყაროს ცვლილებები კი უბრალოდ ბონუსად მოსდევს იმ გადაწყვეტილებას და იმ ქმედებებს რომელსაც განვითარებისთვის ახორციელებ.

ზოგისთვის ღმერთმა, ზოგისთვის კი სამყარომ ადამიანს მიანიჭა პირველ რიგში ერთი სხეული,  ერთი „მე“ და ჩააბარა მისი მენტალური, ფიზიკური და სულიერი მოვლა და განვითარება და მხოლოდ ამის მერე სხვა დანარჩენზე ზრუნვა. შესაძლოა ეს ეგოისტურად ჟღერს, მაგრამ რეალურად ეს არის სწორი გზა თუნდაც სხვების სიყვარულისკენ.

სხვისი შეცვლის ილუზორულ გზას უნდა შევეშვათ და უნდა დავუსვათ კითხვა ჩვენს თავს „რა შემიძლია მე გავაკეთო იმისთვის რომ შევცვალო ჩემი ცხოვრება და გავხადო ისეთი როგორიც მე მინდა“.

რატომ არის ადამიანისთვის დიდი ცვლილებები?

ადამიანის უძველესი ტვინისთვის გადარჩენა, სიმშვიდე და გამრავლებაა პრიორიტეტული, ხოლო ცვლილებები და გაურკვეველი მიმართულებით სწრაფვა მისთვის სრულიად გაუგებარია. ამიტომ ერთ პოზიციაში ყოფნის დროს, როდესაც საკვები და თავშესაფარი გაქვს, ჩვენი უძველესი ტვინი კმაყოფილია და სიახლეებს კი მტრულად აღიქვამს. როდესაც კი რამე არ გვაკმაყოფილებს ავტომატურად ჩვენი გადარჩენაზე ორიენტირებული უძველესი ტვინი ირჩევს მარტივ გზას:  ცდილობს პასუხისმგებლობა აირიდოს, პრობლემა სხვაში იპოვოს, მას გადააბრალოს და დაიწყოს ამ საკითხთან „ვითომ ბრძოლა“ სხვისი შეცვლის გზით. მაგრამ ამავე დროს ჩვენს ევოლუციურ გონებას, ჩვენს  სხეულსა და სულს კი განვითარება სჭირდება და როგორც კი საკუთარ თავში ჩავაბრუნებთ განვითარების სურვილს და გადავალთ ქმედებებზე დავინახავთ, რომ საოცარი გზით იცვლება ცხოვრების ინდივიდუალური ალგორითმი და ხელშესახები ხდება ის ცვლილებები, რომელსაც განიცდის თქვენი გარემო და ადამიანების დამოკიდებულებები, ასევე სხვაფერდება თქვენი  განწყობები ძველი პრობლემების მიმართ.

ყოველი ჩვენგანი ვცხოვრობთ იმ რწმუნებულებებით და დასკვნებით, რომელიც წარსულში შევიძინეთ და ყოველი მომავალი გადაწყვეტილება კი წარსულიდან მოდის და ასე ვტრიალებთ ერთ წრეზე, მანამ სანამ არ გადავწყვეტთ რაიმეს შეცვლას საკუთარი გონების პროგრამაში.

რატომ ხდება, რომ ერთ პარტნიორთან დაშორება და ახლით შეცვლა არ ცვლის სიტუაციას ცხოვრებაში და ხშირად ვიზიდავთ ერთი ტიპაჟის ადამიანებს? ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენი ქცევა და პროგრამები ისევ უცვლელია და ჩვენ თვითონ ვეძახით კონკრეტული ტიპის ადამიანებს ჩვენს ცხოვრებაში და ეს მორევი მანამ გაგრძელდება სანამ რამეს არ ვისწავლით, დასკვნას არ გამოვიტანთ და არ შევცვლით ჩვენში. როდესაც თქვენი დრო და ენერგია მიდის სხვა ადამიანის გადაკეთებასა და მასთან ჭიდილში, არის საშიშროება, რომ ერთ დღეს აღმოჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ამ ადამიანის მიმართ ინტერესი გაგიქრებათ ან სულაც წავა ის თქვენი ცხოვრებიდან. ამ დროს თქვენ აღმოჩნდებით ენერგია გამოცლილი იმ განვითარების საწყის ნიშნულზე, საიდანაც ამ ადამიანთან ურთიერთობა დაიწყეთ. გამოდის რომ თქვენ შეგეძლოთ ამ წლების მანძილზე თქვენი შემოქმედებითი ენერგია მიმართული ყოფილიყო საკუთარ განვითარებასა და ბედნიერებაზე და ამ დროს თქვენ დესტრუქციულად იყენებდით და ახარჯავდით თქვენს ძვირფას დროს და ენერგიას სხვა ადამიანს. მინდა აღვნიშნო რომ თქვენში ცვლილებების მიზანი უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ თქვენს თვითგანვითარებას და წინსვლას და არავითარ შემთხვევაში იმას რომ სხვის ხასიათს მოერგოთ.

ზოგადად მიმაჩნია რომ ყველაზე ძვირფასი ინვესტიცია არის საკუთარ თავში ინვესტირება, რადგან გარე ფაქტორები ყოველთვის ცვალებადია და ერთადერთი რაც ყოველთვის თან გექნებათ თქვენი ცოდნა და ამაღლებული ცნობიერებაა.

კატეგორიულად არ ვეთანხმები როდესაც ამბობენ, ადამიანები არ იცვლებიანო. ადამიანები იცვლებიან და უნდა შეიცვალონ კიდეც, რადგან იგივე განვითარების დონეზე გაჩერება რაზეც ვიყავით 20 წლის წინ არ შეიძლება და უნდა ვიმოძრაოთ, ვისწავლოთ, ცნობიერება ავიმაღლოთ და შევიცვალოთ, ოღონდ არა ვინმეს გამო, არამედ მხოლოდ ჩვენი „უმაღლესი მე“-ს გამო და არა გარე სამყაროს შესაცვლელად არამედ ჩვენში მთელი სამყაროს აღმოსაჩენად და გასანათებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები