ალბათ, შეგიმჩნევიათ, მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ ბარში, მეცნიერთა მტკიცებით ჯანმრთელობისთვის საზიანო სასმელების ბოთლები თაროებზე სარკის წინ არის განლაგებული. ბევრს შეიძლება ეგონოს, რომ ეს დიზაინის შემადგენელი ნაწილია, თუმცა, როგორც ირკვევა, ბარის დახლს მიღმა სარკეების განთავსებას რამდენიმე პრაქტიკული მიზეზი აქვს. ეს არის როგორც ვიზუალური ილუზია სტუმრებისთვის, ისე ხრიკი, რომელიც ბარმენის მუშაობას უფრო უსაფრთხოს ხდის.
მოგეხსენებათ, სარკეები ვიზუალურად აფართოებენ სივრცეს, ვინაიდან ისინი ირეკლავენ ოთახს და სინათლეს უფრო თანაბრად ანაწილებენ. ბარში ეს პრინციპი კიდევ უფრო კარგად მუშაობს: დახლს მიღმა არსებული სარკეებიანი კედელი ინტერიერს უფრო მკვეთრსა და სტუმრებისთვის მიმზიდველს ხდის.
არსებობს ერთგვარი ფსიქოლოგიური ეფექტიც – ვიწრო და ცუდად განათებული სივრცე ადამიანს სწრაფად ღლის, ხოლო ნათელი დარბაზის დატოვების სურვილი ნაკლებად ჩნდება. რაც უფრო დიდხანს გრძნობს თავს კომფორტულად სტუმარი, მით მეტია ალბათობა იმისა, რომ იგი მეტ ალკოჰოლურ სასმელს შეუკვეთავს.
სარკიანი კედლისა და სარკისებრი თაროების კიდევ ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ალკოჰოლის მარაგს ვიზუალურად უფრო მრავალფეროვანს აჩენენ. თითოეული ბოთლის არეკვლის შედეგად, სასმელების რიგი თითქოს ორმაგდება. სტუმრისთვის ეს აღიქმება როგორც სიგნალი იმისა, რომ დაწესებულებაში სასმელის სოლიდური ასორტიმენტია.
დახლს მიღმა არსებული სარკეები მოხერხებულ სარეკლამო პლატფორმასაც წარმოადგენს. ისინი ხშირად გრავირებულია ან ლოგოტიპებით არის გაფორმებული. აქ ორი მხარის ინტერესები იკვეთება:
- სასმელების მწარმოებლებს შეუძლიათ განათავსონ საკუთარი ლოგო სარკეზე, რათა ის დახლთან მყოფებს მუდამ ხვდებოდეთ თვალში.
- თავად ბარი ხშირად აწერს ხოლმე საკუთარ სახელწოდებას მინის ზედაპირზე, რათა ის სტუმრებმა ადვილად დაიმახსოვრონ.
შედეგად, ვიღებთ ძალდაუტანებელ რეკლამას, რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში მუშაობს – დახლთან მჯდომი სტუმარი ხშირად აპარებს თვალს სასმელებით სავსე თაროებისკენ, შესაბამისად, სარკისკენ.
თუმცა სარკეების ყველაზე პრაქტიკული ფუნქცია მხოლოდ ესთეტიკასთან არ არის კავშირში. სასმელების დასხმის, კოქტეილების მომზადების ან თაროებიდან ბოთლების გადმოღების დროს, ბარმენს სტუმრებისკენ ზურგით ყოფნა უწევს, რაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კლიენტებით სავსე ბარში ზოგჯერ საკმაოდ სახიფათოა.
ბოთლების უკან განთავსებული სარკეები ბარმენს საშუალებას აძლევს დაინახოს, რა ხდება მის ზურგს უკან. ეს ერთგვარად „კეფაზე არსებული თვალის“ ეფექტს ქმნის – ბარმენი არ კარგავს კონტროლს სივრცეზე მუშაობის შეუწყვეტლად. სარკეები, ერთი მხრივ, საშუალებას იძლევიან, დროულად გაკონტროლდეს დახლთან მყოფი სტუმრების აგრესიული ქცევა, მეორე მხრივ კი, აუმჯობესებენ მომსახურების ხარისხს, ვინაიდან ბარმენი ხედავს, ვინ მიუახლოვდა დახლს და შეუძლია დაუყოვნებლივ მიიღოს შეკვეთა.
