საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განმარტა რატომ განიხილავს პარლამენტი 3 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე.
„რაც შეეხება შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას, თუ პარლამენტის წევრი ერთ სესიაზე ნახევარზე მეტჯერ არ დაესწრება არასაპატიო მიზეზით პარლამენტის სხდომებს, ეს გახლავთ უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. რაც ეხება ბადრი ჯაფარიძეს, გამამტყუნებელი განაჩენი არის შესული ძალაში ბადრი ჯაფარიძის მიმართ და რეგლამენტიდან გამომდინარე, ეს გახლავთ იმის საფუძველი, რომ ჩვენმა კომიტეტმა იმსჯელოს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
დღეს კანონმდებლები პარლამენტის წევრების – შალვა ნათელაშვილისთვის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე განხილვის შემდეგ, საკითხი საგაზაფხულო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე გავა.