LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ განრისხდა 13 კონგრესმენი „ოცნებაზე“: საქართველომ რკინის ქალამანი უნდა ჩაიცვას და რუსეთისკენ წავიდეს?

320
ამერიკა

13 ამერიკელმა კონგრესმენმა აშშ-ს უსაფრთხოების სტრატეგია გამოაქვეყნა.

180-გვერდიან ანგარიშში განხილულია საკითხები, რომელსაც ავტორები აშშ-ის შიდა და საგარეო პოლიტიკისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ.

სწორედ ამ კონტექსტშია საქართველოს მილიარდერი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილიც ნახსენები.

„პუტინის ახლო მოკავშირე ივანიშვილი საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

მოვითხოვთ, ბიძინა ივანიშვილმა ...

რა გახდა მსგავსი დასკვნის გაკეთების მიზეზი და რატომ განრისხდა 13 ამერიკელი კონგრესმენი ივანიშვილზე, ამის გარკვევას „ფორტუნა“ ექსპერტებთან შეეცადა.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აღნიშნული დასკვნის უკან „ნაციონალურ მოძრაობას“ ხედავს.

ეშმაკი დეტალებშია. ერთ-ერთი დეტალია მაგალითად ის, რომ კონგრესმენების „ეს გაბრაზება“ ჩასმულია ისეთ კონტექსტში, როგორი ტექსტიც ჰქონდა კელი დეგნანს, რომ საქართველო წინ მიდის და უცებ ასეთი განცხადება გაკეთდა. ესაა თვითონ ტექსტის ალოგიკურობა. გარდა ამ განცხადების ალოგიკურობისა, განცხადების შინაარსია თავისთავად საინტერესო იმ მხრივ, რომ ის სიტყვასიტყვით ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ტექსტს. ზუსტად ორიოდე დღით ადრე გიგი უგულავამ „ტვ პირველს“ მისცა ინტერვიუ, იქაც გაისმა ფრაზა, „ივანიშვილის ხელში ქვეყანას სტაბილურობა არ ეღირსება“. და ამ დროს ამერიკელებმაც სტაბილურობის არქონა დააბრალეს ივანიშვილს. ის, რომ ივანიშვილი რუსეთზე მუშაობს, ესეც „ნაციონალების ტექსტია“ და ის, რომ ეს ბრალდება რეალობა არ არის,  ფაქტია და მკაფიოდ ჩანს იმავე აშშ-ს ელჩის განცხადებაში, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა ძალიან კარგ ეტაპზეა“, – აცხადებს ექსპერტი.

კელი დეგნანი საოკუპაციო ხაზთან ...

კელი დეგნანი საოკუპაციო ხაზთან

 

„ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ. დასავლეთზე ორიენტაცია აქვთ თუ რუსეთზე აქვთ ორიენტაცია აღებული, კარგად ვხედავთ. ვის დავუჯეროთ, „ნაციონალებს“ თუ ამერიკის ელჩს“? – კითხულობს ექსპერტი.

„თვითონ დოკუმენტი დიდი წონის არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ნებისმიერი დოკუმენტიდან შეიძლება ნებისმიერი „პოლიტიკური წონა გამოაცხო“. ხომ ამბობენ, თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევაო. ამ ფაქტს მოჰყვება თუ არა პოლიტიკური შედეგები, ამას ცხოვრება გვიჩვენებს. მაგრამ თავისთავად ფაქტი წარმოქმნილია „ნაციონალების “ძალისხმევის შედეგად“, – ამბობს საყვარელიძე.

კონგრესმენები, რომლებიც უსმენენ როგორც გიგი უგულავას, ასევე უსმენენ არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძეს, კითხვაზე, რატომ იმეორებენ კონგრესმენები მაინცდამაინც უგულავას ნათქვამს, ექსპერტი პასუხობს: 

„ამერიკას აქვს თავისი პრობლემები და როგორც გამოჩნდა, ამერიკელ პოლიტიკოსთა დიდ ნაწილს დიდად არ ადარდებს აშშ-ს ბედი და საკუთარი პოლიტიკური ინტერესებით ხელმძღვანელობენ. ამ ტიპის პოლიტიკოსები ყველგან არიან. მაშინ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამერიკელმა პოლიტიკოსებმა საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგდაც გააკეთოს განცხადებები. 13 კონგრესმენის ეს განცხადება, თუკი მას შესაბამისი რეზონანსი მოჰყვა, არის ანტიამერიკული. ამ განცხადების შემდეგ პრინციპში საქართველომ რკინის ქალამანი უნდა ჩაიცვას და რუსეთისკენ წავიდეს. რადგან ამერიკა ასეთი მკაცრი და დაუნდობელია, წესით ბევრს უნდა გაუჩნდეს პრორუსული განწყობა. დაუნდობლობას ვინ ჩივის, სავსებით უსამართლოა და გიბიძგებს პრორუსული და ანტიამერიკული განწყობისაკენ.

Разбитая фигура Статуи Свободы возле разграбленного сувенирного магазина в Нью-Йорке

რა მოჰყვება კოგრესმენების განცხადებას, დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები ამერიკაში, საპროტესტო ტალღის ფონზე საზოგადოებრივი ცნობიერება საკმაოდ მცირეა. ძეგლების ომს რომ გამოაცხადებენ და შავის ხსენება რომ არ შეიძლება, ასეთი ეტაპი ჩვენთვისაც ცნობილია. გვქონდა ძეგლების ომი და ვიცით, რომ ამ დროს საზოგადოების ნაწილი ძალიან ეგზალტირებულია და მათთან რაციონალურ არგუმენტაციას აზრი არ აქვს. ასეთ მდგომარეობაშია ახლა ამერიკული საზოგადობა. ვის აწყობს ეს ყველაფერი, ეს უკვე სხვა საკითხია.

ვერ ვიტყვი, რომ ამერიკაში არეულობის უკან რუსეთი დგას. ამდენი ძალა რუსებს აქვს-თქო, გადამეტებული ნათქვამი იქნება, მაგრამ ამერიკაში არეულობით რუსეთი რომ არის დაინტერესებული, ფაქტია. კონკურენტია ამერიკა რუსეთისთვის და რა თქმა უნდა, შექმნილ სიტუაციაში ხელს მოითბობს“, – ამბობს ექსპერტი.

საყვარელიძე მიიჩნევს, რომ „ოცნებას“ გამოსავალი რჩება და ეს სიმართლის გარკვევაა.

„ერთხელ უკვე იყო ასეთი შეტევა. მაშინ ვნახეთ, რომ პოლიტიკოსები ჩავიდნენ ამერიკაში, მაგიდასთან დასხდნენ და ამ მაგიდასთან დაჯდომამ გარკვეული პოზიტიური შედეგები გამოიღო. ეს გაუთავებელი ბრძოლა იქნება. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით, კონგრესმენებს რა შესთავაზეს „ნაციონალებმა“, თუ ისინი მოვლენ ხელისუფლებაში, კონგრესმენები რას მიიღებენ საპასუხოდ. არ ჩანს ისეთი სურათი, რომ ინტერესის გარეშე შეისწავლეს მდგომარეობა და აღშფოთდნენ. არ არის შესწავლილი სიტუაცია, რა მოხდა. ასეთი უკონფლიქტო სიტუაცია საქართველოს არ ჰქონია დამოუკიდებლობის შემდეგ და არ შეიძლება, ეს ყველაფერი უმიზეზოდ ხდებოდეს. ამ მიზეზების გარკვევა არის მნიშვნელოვანი და მერე მისი გასაჯაროვება არამარტო შენი მოსახლეობისთვის, არამედ უცხოელი პოლიტიკოსებისთვისაც. ეს უნდა გაკეთდეს. ყველამ უნდა დაინახოს, რომ როგორც ქვეყანა თავში ხელწამოსარტყმელი არ ხარ“, – განუცხადა „ფორტუნას“ საყვარელიძემ.

კონგრესმენები: ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და საქართველოში დესტაბილიზაციას ცდილობს

 

პოლიტოლოგი გია ნოდია „ფოტუნასთან“ საუბარში იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც ივანიშვილის მორიგი გაკრიტიკება გამოიწვია.

„13 კონგრესმენი ამ შემთხვევაში რატომ აღშფოთდა, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ სულ უფრო მკვიდრდება საქართველოს ნეგატიური იმიჯი. უფრო სწორად ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს პოლიტიკაზე სულ უფრო ხშირად გვესმის ევროპელი და ამერიკელი პარლამენტარების კრიტიკა. ეს კრიტიკა არის ხანდახან მიმართული არადემოკრატიულ ქმედებებზე, ხან რუსეთთან კავშირზე. ეს ორი რამ ჩვეულებრივ ერთ კონტექსტში განიხილება ხოლმე. ცხადია, რომ რუსეთის სამეზობლოში მყოფი ქვეყანა, როცა ნაკლებად დემოკრატიულად იქცევა, ეს მას რუსებს ამსგავსებს.

არ ვამბობ ხელაღებით, რომ ივანიშვილი პუტინის კაცია და მის დავალებებს ასრულებს, ამის საბუთი ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ის, რომ პრორუსული ძალები ფაქტობრივად მისი მოკავშირეები არიან და მათ ხელს აფარებენ, ამისი ბევრი მაგალითი არსებობს“, – აცხადებს პოლიტოლოგი.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ ...

კითხვაზე, ამ სიტუაციაში ბოლო წლებში ბორდერიზაციას რატომ ვადევნებთ თვალს, პოლიტოლოგი პასუხობს:

„საქართველოს ოფიციალური კურსი პროდასავლურია და რუსეთი ცდილობს გავლენის მოხდენას. ამავე დროს ის ფიქრობს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ზეწოლას ექვემდებარება.

აშშ-ს აქვს პრობლემები და რა დროს საქართველოა – ეს არასწორი დაკავშირებაა. ცხადია, ამერიკაში ყოველთვის არის პრობლემები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ მხოლოდ ერთ საკითხზე უნდა იფიქრონ და დაივიწყონ საგარეო პრობლემები.

„ოცნებამ“ კონგრესმენების ამ განცხადების შემდეგ, უბრალოდ უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი საერთაშორისო იმიჯი შელახულია და თუ მას უნდა, რომ ეს პრობლემა გადატეხოს, უნდა დაიჯეროს, რომ ეს არ არის მხოლოდ 13 კონგრესმენის განცხადება. დაიჯერონ და აღიარონ, რომ დასავლეთთან რეალური პრობლემები აქვთ. მთავარი ის არ არის, რომ გვაკრიტიკებენ, მთავარია, რომ სწორად გვაკრიტიკებენ და საქართველოს საზოგადოების ნაწილიც აკრიტიკებს „ოცნებას“ და თუ მას აქვს პრეტენზია, რომ დემოკრატიული ხელისუფლებაა, რადიკალურად უნდა შეცვალოს თავისი ქცევა“, – აცხადებს გია ნოდია ჩვენთან საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g