გუშინ ჩინეთში მოსახლეობა უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდა – ქალაქ ჟოუშანში ცა გაწითლდა.
უიშვიათესმა ფენომენმა ადამიანები შეაშფოთა და “აპოკალიფსის მოახლოებაზეც” აალაპარაკა.
მოქალაქეების მიერ გადაღებული ვიდეოები ვირუსულად გავრცელდა სოციალურ მედიაში.
სოციალური ქსელების მომხმარებლების შეფასებებსაც არ დააყოვნა – რას უნდა ნიშნავდეს ასეთი ცა?
გავრცელდა უამრავი ვერსია – მათ შორის იყო: “ძალიან ცუდი ნიშანი – აპოკალიფსი იწყება”, “ხელოვნური მზე ჩართეს”, “ახალი უბედურების დასაწყისია”, “ქიმიური ქარხანა იწვის”…
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საქმე გვაქვს მეტეოროლოგიურ მოვლენასთან, რომელიც არც თუ ისე ხშირად ხდება, თუმცა საპორტო ქალაქისთვის დამახასიათებელია.
მასობრივი პანიკის შემდეგ, ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა განმარტეს, რომ წითელი ცა სინათლის რეფრაქციის (სინათლის სხივის გარდატეხა) შედეგი იყო და არა ადამიანის მიერ შექმნილი ეფექტი.
როგორც ჟოუშანის მეტეოროლოგიურ ბიუროში განმარტეს, მოვლენა გამოწვეული იყო ძალიან დაბლა მყოფი ღრუბლებისა და ახლომდებარე ნავსადგურიდან, სათევზაო კატარღებიდან არეკლილი სინათლის კომბინაციით.
“კარგი ამინდის პირობებში წყლის ზედაპირი ატმოსფეროში წარმოქმნის მცირე სხივებს, რომლებიც იფანტებიან სათევზაო გემების შუქზე და ქმნიან წითელ ცას”, – განმარტეს მეტეოროლოგიურ სამსახურში.
სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსგავსი მოვლენა 1770 წელს, 9 დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მაშინ ეს ჩრდილოეთის ნათებამ გამოიწვია.
“საუკუნეების წინ, უცნაური წითელი ავრორა მთელს აღმოსავლეთ აზიაში ნახეს”, – წერენ მედიასაშუალებები.
