,,ადამიანები, რომლებიც ხშირად იტყუებიან საკუთარ ცხოვრებასა და რეალობას გაურბიან. ტყუილებით ცხოვრება დაკარგული ცხოვრებაა”, – ამის შესახებ გადაცემაში ,,7 რჩევა ფსიქოლოგისგან”, ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ განაცხადა.
რა არის ტყუილი?
ტყუილი რეალობიდან გაქცევის, რეალობის შენიღბვის ერთ-ერთი ფორმაა. რეალობის პირისპირ დგომას დიდი შინაგანი სიმტკიცე ესაჭიროება, რომლის მიღწევაც არც ისე ადვილია. რენე დეკარტეს გამონათქვამია: ,,ახლა ჩვენ ორზე დგას სამყაროვ საქმე“, ეს საკუთარი ცხოვრების ფორმულად უნდა გადააქციოთ, ანუ თვალი გაუსწოროთ რეალობას. ტყუილის ფაქტორზე გავლენად ახდენს აღზრდა. აღზრდასთან ერთად კი, პიროვნული მახასიათებლებიც დიდ როლს თამაშობენ. სიცრუე ისეთი ტყუილია, რომელიც ამახინჯებს სინამდვილეს, მაღალს მდაბლად წარმოაჩენს, ღირსეულს-უღირსად და ა.შ.
როცა ბავშვები იტყუებიან…
ბავშვებისთვის ტყუილი სიტუაციიდან თავის დახსნის საშუალებაა. ბავშვი იტყუება მაშინ, როცა უსიამოვნების აცილება უნდა, ვერ იღებს პასუხისმგებლობას ამა თუ იმ ცხოვრებისეულ გამოწვევაზე. მიუნჰაუზენის ტყუილი ფანტაზიის, საკუთარი შესაძლებლობების თვითდაჯერებულობის ერთგვარი მცდელობაა, მაშინ როცა ,,კარლსონის სინდრომი“ ყოველდღიურობაში არსებული დანაკლისის შევსების მოთხოვნილებაა. ამ დროს ბავშვი ჰქმნის წარმოსახვით მეგობარს და ეკონტაქტება მას, ესაუბრება, ეთამაშება და ა.შ. ასევე, ბავშვები საკუთარი თავის წარმოჩენის მიზნით თანატოლებთან ხშირად თხზავენ მათთვის სასურველ ამბებს. მიუხედავად იმისა, ცნობიერად ვიტყუებით თუ არაცნობიერად, მთავარი მაინც ის არის, რომ ტყუილი ჩვევად არ გადგვექცეს, რადგან ტყუილებით ცხოვრება დაკარგული ცხოვრებაა. ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ზრდასრულმაც და ბავშვმაც.
7 რჩევა ნანა ჩაჩუასგან:
1. არაფერი არ დაუმალოთ საკუთარ თავს. ის, რაც თქვენს თავს ხდება თქვენია და მასზე პასუხისმგებლობაც მხოლოდ და მხოლოდ თქვენი პირდაპირი ვალდებულებაა.
2. წარუმატებლობის, მარცხის, იმედგაცრუების მიზეზებს სხვაში ნუ ეძებთთ. გადაამოწმეთ დამოკიდებულებები და გადააფასეთ. შეისწავლეთ საკუთარი თავი. ნაკლის აღმოჩენა, გაცნობიერება დიდი მიღწევა და გამარჯვებაა საკუთარ თავზე.
3. წარმოიდგინეთ, რომ ხართ ფილმის რეჟისორი და ამავდროულად მთავარი როლის შემსრულებელი. ეცადეთ იყო დადებითი, მაყურებლისთვის საუკეთესო, სანიმუშო, უკეთილშობილესი პერსონაჟი და ამის მიხედვით იმოქმედეთ. საკუთარ თავზე ძალისხმევით იბადება ადამიანში ადამიანი.
4. არ ჩააყენოთ თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები, განსაკუთრებით ბავშვები ტყუილის თქმის აუცილებლობის რეჟიმში. ნუ იქნებით დირექტიულები, ამოიცანით მათი გრძნობა, იყავით მათი თანაგანმცდელები.
5. პრინციპად გაიხადეთ სიმართლით ცხოვრება და განთავისუფლდებით ენერგიის ფუჭი ხარჯვისაგან, დაძაბულობისაგან, საკუთარი თავის უნდობლობისაგან.
6. ურთიერთობა მხოლოდ სიმართლეს ითხოვს. სიყვარული შობს სიმართლეს, პატიოსნებას, კეთილშობილებას. ნუ ეტყვით უარს ჯანსაღ ანუ სიმართლით სავსე ურთიერთობებს. ამაშია ჭეშმარიტი ადამიანური ბედნიერება.
7. იყავი ის რაც ხარ! პატივი ეცით საკუთარ თავს და ნუ მოიტყუებით.
გადაცემის აუდიოჩანაწერი