ჟურნალისტი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს – მაია ასათიანი „ინსტაგრამში“ იმ გამოწერებს მიმართავს, რომლებიც მის ფოტოებს კრიტიკული კომენტარებით ეხმაურებიან.
„უკვე 10 წელია, ზაფხული ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული პერიოდია – ამ დროს ვიცვამ საცურაო კოსტიუმს და ვცურავ და არა მარტო ვცურავ, არამედ სურათებს ვიღებ და სოციალურ ქსელში ვათავსებ და იწყება საოცრება – ქალები, რომლებსაც სოციალურ ქსელში, კედელზე უდევთ ქმარ-შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები, ასევე ხატების ფოტოები და ვითომ მამრები, იწყებენ საშინელებების წერას და წერენ ჩემს შვილზე. რამდენიც უნდა მითხრათ, რომ ამას ყურადღება არ მივაქციო, როცა ქალი, შვილების დედა მიწერს: „ამან რაც შვილი დაასაფლავა, სულ გააფრინა“ – ჩემზე ყოველთვის იმოქმედებს.
მიმაჩნია, რომ საკუთარი უბედურების სხვებზე თავსმოხვევა, ძალიან არასწორია. ძალიან არასწორია მოგიყვეთ, სინამდვილეში როგორ ვარ. ძალიან არასწორია, დეტალებში აღგიწეროთ, როგორ ჩამაკვდა 18 წლის, ერთადერთი ქალიშვილი უცხო ქვეყნის რეანიმაციულ განყოფილებაში ხელში და როგორ ვებრძოდი მერე საკუთარ თავსაც და სიკვდილს საკუთარ თავში, რომ გადავრჩენილიყავი…
თქვენ გინდათ და მთხოვთ, რომ დამინახოთ უბედური და თუ ეს მშვიდად გაგხდით, დიახ, მე უბედური ვარ, მაგრამ ამას ვებრძვი და ამას არასდროს გაჩვენებთ, იმიტომ, რომ ვთვლი, ეს უკულტურობაა და როგორ ვყმუი ღამე, როცა ჩემი შვილი მენატრება, ეს ალბათ მარტო ჩემს მეზობლებს და ჩემს ბუბუს და დუდის [ძაღლებს] ესმით.
ეს ასეა, მაგრამ ახლა ვიდეოგრაფს ველოდები, აუზზე უნდა წავიდე და იდეალური რუჯის რეკლამა გადავიღო, იმიტომ, რომ 49 წლის ვარ, ყოველდღე ვვარჯიშობ და მიმაჩნია, რომ არ არის უხერხული შვილმკვდარი ქალისთვის საცურაო კოსტუმით ვიდეოს გადაღება.
რატომ მაიძულებთ ყოველ წელს ამის თქმას?“ – მიმართავს მაია ასათიანი სოციალურ ქსელში კრიტიკული კომენტარების ავტორებს.
