LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ მიიღო შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება – ბაქრაძემ 3 მიზეზი ჩამოთვალა

173
DAVIT-BAQRADZE-AX2

„ევროპული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე განმარტავს, რატომ მიიღო შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება. მან სამი მიზეზი ჩამოთვალა.

„მიზეზი პირველი – საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური გზა არის უალტერნატივო. ამ პოლიტიკური ჩიხის და კრიზისის გაგრძელებით საფრთხე ექმნებოდა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

მე ვერ დავუშვებ და ვერ მივიღებ, რომ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე შეექმნას და მე ამ დროს არაფერს ვაკეთებდე. ვისაც რა შეგვიძლია, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს მომავალი იყოს ევროკავშირი და ნატო.

მეორე მიზეზი გახლავთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ორი ადამიანი, რომელიც გახდა სიმბოლო უსამართლო პოლიტიკური დევნის ამ ქვეყანაში, უნდა გათავისუფლდეს – გიორგი რურუა და ნიკა მელია უნდა გამოვიდეს გარეთ და ამას უზრუნველყოფს ეს შეთანხმება.

მესამე მიზეზი – უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა. ერთხელ და სამუდამოდ გადავიდეთ მთლიანად პროპორციულზე და აღარ მივცეთ „ოცნებას“ საშუალება მაჟორიტარების ხარჯზე გაძვრეს ისე, როგორც ძვრებოდა ყველა წინა არჩევნებში. ეს დოკუმენტი ასევე აჩენს ტესტს, შეძლებს თუ არა „ოცნება“ 43 %-ის აღებას. ახლა თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, რომ დავამარცხოთ ადგილობრივ არჩევნებზე „ქართული ოცნება“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გარდა ამისა, ბაქრაძე პარტიის მოქმედი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმად, ბაქრაძის მიერ მედიატორ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა „უხერხული და არაკორექტული ვითარებაა“.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მისი ურთიერთობა “ევროპულ საქართველოსთან” დასრულებულია და ის ამ თემაზე ბრალდებებს არ მიიღებს.

„ვერ მივიღებ ვერანაირ ბრალდებას ამ თემაზე. ადვილი შესამოწმებელია თქვენთვის, თუ რაზე ვსაუბრობდი. მე ავიღე პაუზა პარტიული პოლიტიკიდან. არ ვარ არც ერთ პარტიაში და არ ვაპირებ არც ერთ პარტიაში შესვლას. მე ვამბობდი, რომ ვრჩებოდი პოლიტიკაში და ვრჩებოდი საერთო ოპოზიციურ ფლანგზე. გუშინდელი დღის შემდეგ პარლამენტი გახდა ამ საერთო ოპოზიციური ფლანგის ნაწილი და ამიტომ ვარ აქ.

მე ვთქვი, რომ ვიღებდი პასუხისმგებლობას პარტიის მიერ ნაჩვენებ შედეგზე. დიახ, მე ავიღე პასუხისმგებლობა და გადავდექი პარტიის თავმჯდომარეობიდან და უფრო მეტიც, შევთავაზე პარტიის მთლიანად განახლება, რაზეც თავად პარტიამ თქვა უარი, რის შედაგადაც თავმჯდომარე გახდა გიგა ბოკერია.

ასე რომ, ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია და ჩემი ურთიერთობა „ევროპულ საქართველოსთან“ გარკვეული და დასრულებული. არ ვაპირებ ამ თემაზე ხელოვნურ კინკლაობაში შესვლას, წარმატებას ვუსურვებ „ევროპულ საქრთველოს“ , – განაცხადა ბაქრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები