დღეს პროკურატურამ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ფარული ჩანაწერები გაასაჯაროვა. კადრები ივერი მელაშვილის კაბინეტშია გადაღებული.
საგამოძიებო ორგანო ინიაცილებით მოიხსენიებს, თუმცა ცნობილია, რომ მელაშვილთან ერთად ოთახში იმყოფება დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილ თავმჯდომარე, მალხაზ მიქელაძე.
ფარული ჩანაწერი, რომელიც ივერი მელაშვილის კაბინეტშია გადაღებული – კარტოგრაფების საქმე
ფარულ ჩანაწერში ისმის მალხაზ მიქელაძის შეკითხვა:
„რატომ გავასწორეთ, რატომ მივეცით ეს ნაწილი, რა მუღამი იყო“?
ივერი მელაშვილი პასუხობს:
„არავისთვის არაფერი არ მიგვიცია, ეს არის ჩვეულებრივი ტექნიკური, ეს გასწორდა. აქ რომ ხატია, ეს არ ნიშნავს რომ ესე არის. ეს არის სწორი ხაზებით“.
მიქელაძე ასევე სვამს კითხვებს, რატომ მოხდა ასეთი ტიპის საზღვის დადგენა, რაზეც ივერი მელაშვილი პასუხობს, რომ დავალებებს იღებდა გოგი მანჯგალაძისგან. რომელიც 2006-07 წლებში იყო აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო – სამარკაციო კომისიის თავმჯდომარე და როგორც მელაშვილი ამბობს, რომ 2006 წლის შეთანხმებაზე ხელის მოწერა არ უნდოდა.
აღნიშნულ ჩანაწერს გამოეხმაურა, ივერი მელაშვილის მეუღლე, თამარ სულაძე.
„თუ ჰქონდათ ჩანაწერები, რომელიც მათ ბრალეულობას ამტკიცებდა, მაშინ რაში სჭირდებოდა ამას 4 თვე ლოდინი? რაც არ უნდა თქვან, არაფერი იქნება ისეთი, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალეულობა დამტკიცდეს. ეგენი ისეთ რამებს კადრულობენ, რომ არაფერი აღარ გამიკვირდება“.
ნატალია ილიჩოვას ადვოკატი გიორგი მახარაძე კი ამბობს, რომ უცნაურია, რომ ფარული ჩანაწერები ოქტომბერში უკვე ჰქონდა გამოძიებას და ეს ჩანაწერი ამ დრომდე დაცვის მხარისთვის უცნობი იყო.
„ვურჩევ თავად პროკურატურას, რომ საქმის მასალებს კარგად გაეცნონ, საიდან იქნა ეს რუკა ამოღებული, კარგად გაარკვიონ. ქალბატონ ნატალია ილიჩოვას კაბინეტი, გამძიების საკრალური ადგილი რომ გახდა, გამოძიებისთვის, ძალიან უცნაურია, იმიტომ, რომ ამ კაბინეტში ხუთამდე ადამიანი მუშაობს. ამ ეტაპზე მე ვერ გეტყვით, რომ ჩანაწერმა არსებითად რაიმე შეცვალა. ძალიან უცნაურია, რომ ისეთი ჩანაწერი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, ოქტომბრამდე გაკეთებული ჩანაწერია და აქამდე დაცვის მხარისთვის დაფარული იყო. გასაგებია, რატომაც იყო დაფარული“, – აცხადებს გიორგი მახარაძე.
პროკურატურა, არ პასუხობს კითხვას, შესაძლოა თუ არა რომ დაკავებულთა რიცხვი ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე გაიზარდოს.
დღეს, დავით გარეჯის საქეზე უკვე მეორედ იკითხება ბადრი ბიწაძე.
დღესვე საგანგებოს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეზე გამოძიება დაასრულა.
საქმე ამიერიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება.