ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე სოციალურ ქსელებში გვიზიარებს პროფესიულ მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რატომ სჭირდებათ ადამიანებს იმის დემონსტრირება, რომ კარგი და უზრუნველი ცხოვრება აქვთ, რომელიც სინამდვილეში რეალობასთან ახლოს არ არის:
„რატომ სჭირდებათ ადამიანებს იმ ცხოვრების დემონსტრირება სოციალურ ქსელებში, რომელიც არ აქვთ?
სხვის მანქანაში პოზიორობა, ფოტოები მხოლოდ ლამაზ ლოკაციებზე, სხვისი სახლი და ა.შ
იმის დემონსტრაცია, რომ აი, რა მაგარი მანქანა მყავს და რა მაგარ სახლში ვცხოვრობ.
ფსიქოლოგიურად ამას რამდენიმე შრე აქვს და იშვიათად არის მხოლოდ „თავის სხვისთვის მოწონების მცდელობა“.
ამ დროს ხდება:
1. იდენტობის შევსება გარედან –
როცა ადამიანს შიგნით არ აქვს სტაბილური განცდა – ვინ ვარ და არ ვიცი, რამდენად ძვირფასი ვარ ის იძენს იდენტობას სიმბოლოებით: მანქანა, ფული, სტატუსი.
ფოტო სულაც არ არის მანქანაზე, ფოტო არის პასუხი:
„დამინახეთ, რომ რაღაცას წარმოვადგენ, მე მაგარი მანქანა მყავს.“
2. ნაკლოვანების კომპენსაცია /
ხშირად იქ, სადაც რეალობაში არის სირცხვილი, უღირსობის განცდა, დაუკმაყოფილებელი სურვილები, ჩნდება დემონსტრირება. ეს არ არის ტყუილი სხვებისთვის ეს არის მცდელობა, საკუთარ თავსაც დააჯეროს:
„მე ისეთივე წარმატებული ვარ, როგორც სხვები.“
3. მიღებისა და კუთვნილების ძლიერი მოთხოვნილება –
სოციალური ქსელი გახდა ადგილი, სადაც ადამიანი ითხოვს: მაღიარე მე.
ლაიქი = დროებითი დამამშვიდებელი.
მაგრამ ეფექტი მალე ქრება და საჭიროა ახალი ფოტო, ახალი შთაბეჭდილება.
4. სოციალური შედარების ხაფანგი-
როცა ადამიანი მუდმივად ადარებს თავს სხვებს, ჩნდება შიში „ჩამორჩენის“. დემონსტრირება ხდება თავდაცვა ამ შიშისგან – თუ დავანახებ, რომ მეც მაქვს, თითქოს უსაფრთხო ვარ.
5. შინაგანი სიცარიელის დაფარვა –
ზოგჯერ ეს არის ყველაზე მტკივნეული მიზეზი:
გარედან ბრწყინვალება, შიგნით სიცარიელე.
ფოტო ხდება ფარდა, რომლითაც ადამიანი საკუთარ მარტოობას, დაუმუშავებელ ტკივილს ან დაუკმაყოფილებელ ცხოვრებას ფარავს.
და ყველაზე მნიშვნელოვანი:
ეს ადამიანები აუცილებლად არ არიან „ცუდები“ ან „მატყუარები“. უფრო ხშირად ისინი არიან ადამიანები, ვისაც არ ასწავლეს, როგორ იგრძნონ საკუთარი ღირებულება იმით, რაც რეალურად არიან და წვალობენ, სულ სჭირდებათ „რაღაც” ღირებული გარედან, რომ ყურადღება დაიმსახურონ“.
