ნამიბიაში მდებარე თითქმის ხელუხლებელი უდაბნო და სანაპირო ტერიტორია მალე წყალბადის წარმოების მასშტაბური პროექტის განხორციელების ადგილად იქცევა, რაც, ერთი მხრივ, სამუშაო ადგილების შექმნის გარანტიაა, მაგრამ, მეორე მხრივ, საფრთხის შემქმნელია რეგიონის უნიკალური ფლორისა და ფაუნისთვის, მათ შორის იშვიათი სუკულენტებისა და გადაშენების პირას მყოფი აფრიკული პინგვინებისთვის.
ეს პროექტი წარმოადგენს მთავრობის გეგმის ნაწილს, მწვანე წყალბადი ნამიბიის სუპერ ძალად აქციოს და „სუფთა“ საწვავის სხვებისთვის მიწოდებითაც წვლილი შეიტანოს ჰაერის დაბინძურების შემცირებაში.
ექსპერტები ამბობენ, რომ ნამიბიას გააჩნია „მსოფლიო დონის“ მზისა და ქარის ენერგიის პოტენციალი, რომელიც მასშტაბურ და კონკურენტულ წარმოებას საჭიროებს. თუმცა მზისა და ქარის ფერმების მოწყობის გეგმას Tsau //Khaeb National Park-ში, რომელიც ნამას ენაზე „რბილ ქვიშებს“ ნიშნავს, არ იზიარებენ ბუნების დამცავი ორგანიზაციები.
პარკი 2004 წელს გაიხსნა და ის 26 000 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ეს არის გარემო, რომელიც უნიკალურ და მრავალფეროვან ფლორასა და ფაუნას შეუფერხებლად განვითარების საშუალებას აძლევს. მაგალითად, სუკულენტები განსაკუთრებით კარგად ძლებენ ამ რთულ გარემოში, იყენებენ რა გადარჩენის ორიგინალურ სტრატეგიებს, წყლის შენახვით დაწყებული, სინათლის არეკვლით დამთავრებული.
ნამიბიის გარემოს დაცვის პალატამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, პროექტი იმსახურებს „წითელი წყალბადის“ იარლიყს, რადგან ის საფრთხეს უქმნის მრავალ უნიკალურ სახეობას წითელი ნუსხიდან.
რაც შეეხება პროექტისთვის გათვალისწინებულ 400 კმ სიგრძის სანაპიროს მონაკვეთს, ის ნამიბიის კუნძულების საზღვაო დაცულ ტერიტორიას მიეკუთვნება და უმნიშვნელოვანესია გადაშენების პირას მყოფი აფრიკული პინგვინებისთვის. შესაბამისად, პროექტის თაობაზე შეშფოთება ნამიბიის ზღვის ფრინველების დაცვის ფონდის წარმომადგენლებმაც გამოხატეს.
აღსანიშნავია, რომ „მწვანე წყალბადის“ წარმოების პროექტში ნამიბიის მთავრობას 24%-იანი წილი აქვს. პროექტი პირველ ეტაპზე მიზნად ისახავს 3.75 გიგავატის ოდენობის განახლებადი ელექტროენერგიის წარმოებას, რაც საკმარისია თითქმის 400 მილიონი LED ნათურის ასანთებად. შემდგომ კი ამ ელექტროენერგიას გამოიყენებენ ელექტროლიზერებისთვის, ტექნოლოგიისთვის, რომელიც წყალს ყოფს წყალბადად და ჟანგბადად.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება – შედარებისთვის, ნამიბიის წლიური ეკონომიკური მოგება 13 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.
პროექტის ფარგლებში, მწვანე წყალბადის საწარმოს მშებენებლობაზე 15 000 პირი დასაქმდება, საწარმოს ოპერირების პროცესში კი 3000 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
პროექტთან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება 2026 წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
