LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ შეიძლება იყოს სისუსტე, ყველაზე დიდი სიძლიერე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

443
ხათუნა მდინარაძე

რატომ შეიძლება იყოს სისუსტე, ყველაზე დიდი სიძლიერე – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოკონსულტანტმა ხათუნა მდინარაძემ ისაუბრა.

როგორ ვხდებით თვითკრიტიკულები?

ყოველ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უთქვამს: „ჩემმა სისუსტემ შემაფერხა”, „უფრო ძლიერი რომ ვიყო, უფრო წარმატებული ვიქნებოდი”, „შფოთვის გარეშე ჩემი ცხოვრება სულ სხვა იქნებოდა”.

შვეიცარიელმა ფსიქოანალიტიკოსმა კარლ გუსტავ იუნგმა თქვა, რომ ადამიანს არ მართავს მხოლოდ შეგნებული სურვილები, მიზნები და ფასეულობები. პიროვნების სიღრმეში ცხოვრობს „ჩრდილი“ – ჩვენივე მახასიათებლების, სურვილებისა და ემოციების ის ნაწილი, რომელიც არ მოგვწონს და რომელსაც ხშირად უარვყოფთ.

ეს ჩრდილი შეიძლება შეიცავდეს სწორედ იმ „სისუსტეებს“, რომელთაც არ ვიღებთ საკუთარ თავში – შფოთვა, ბრაზი, მოწყვლადობა და ა.შ.

იუნგი წერდა, რომ ადამიანი ვერ გახდება მთლიანი, სანამ ამ ჩრდილს არ შეხვდება და არ შეიყვარებს მას. გურჯიევის სიტყვებიც, „გიყვარდეს ის, რაც ყველაზე მეტად გძულს”, სწორედ ამ მოსაზრებას ამყარებს.

ერთი შეხედვით ძალიან რთულად ჟღერს ეს ყველაფერი, ალბათ არის კიდეც, თუმცა ადამიანის მთლიანობის მიღწევის გზაც, სწორედ აქ იმალება. როგორ შეიძლება მივიღოთ ჩრდილები და რა რესურსი შეიძლება ვიპოთ ამაში?

როგორ ხდება ჩრდილის გაცნობიერება და მიღება, გზა ტრანსფორმაციისკენ?

დამალული, უარყოფილი ნაწილი სიბნელეში კი არ ქრება – ის იქ აგრძელებს არსებობას, და ხშირად ჩნდება არაცნობიერი ქცევის, რწმენებისა და რეაქციების ფორმით. მაგალითად, ის ადამიანი, ვინც საკუთარ „მიუღებელ ნაწილს“ სუსტ ხასიათად აღიქვამდა, შესაძლოა აღმოჩნდეს ყველაზე კარგი კრიზის-მენეჯერი, თუ ამ თვისებას სწორად გამოყენების შემთხვევაში.

სისუსტე, რომელსაც ვებრძვით, სინამდვილეში შესაძლოა ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარე იყოს. როდესაც ვიღებთ მას – ვავითარებთ მასში ჩაკეტილ ნიჭსა და შესაძლებლობას. თუ ადამიანი მუდამ შფოთავს, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მის შიგნით ცხოვრობს ძლიერი ინტუიცია, წინასწარი განჭვრეტის უნარი. თუ ძალიან მგრძნობიარეა – შესაძლოა ამავე მიზეზით არის საოცრად კარგი ემპათიური მსმენელი, მენტორი, ფსიქოლოგი ან ქოუჩი იყოს.

ჩრდილების მიღება აღიარებითა და მისი გაცნობიერებით იწყება.

ტრანსფორმაციის საწყისი კი შერიგებაა?

ცხოვრება მუდამ გვთავაზობს შანსს, შევხვდეთ ჩვენს ჩრდილს – ხშირად ეს ხდება მარცხის, კრიტიკის ან ემოციური ტკივილის გზით. თუმცა სწორედ ეს გაჩერებებია მასთან წვდომის წერტილები: „შეჩერდი და შეხედე – რას არ იღებ საკუთარ თავში?“

როგორც იუნგი ამბობდა:

„მთლიანობა მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როცა შევუერთდებით ჩვენს ჩრდილს, ის კი სიწმინდეში გარდაიქმნება.”

ადამიანის სიცოცხლის საბოლოო მიზანია, განიცადოს ეს მთლიანობა, სრულად მოახდინოს საკუთარი თავის ინტეგრირება და გაცნობიერება, რაც ჩრდილში იყო დამალული. საბოლოოდ, საქმე არ ეხება იმ რწმენას, რომ „ყველაფერი კარგი უნდა იყო“, არამედ იმას – რომ რაც ხარ, საკმარისია და შეგიძლია მისი ყველა მხარე გამოიყენო.

სისუსტე არ არის მტერი – ის არის აუთვისებელი სიძლიერე.

მხოლოდ მისი მიღებით შეგიძლია შექმნა ნამდვილი შინაგანი ძალა!

magti 5g