LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უწევს თამუნა ინგოროყვას ბოდიშების ხდა – „წელს არავის გავანაწყენებ…“

292

დიზაინერ თამუნა ინგოროყვას უკვე მრავალი წელია, საკუთარი ბრენდი აქვს, საქართველოშიც მომხმარებელთა დიდი წრე ჰყავს და ბოლო ორი წელიწადია, მისი კოლექციები აქტიურად გადის საზღვრებს გარეთაც.

თამუნას ბრენდის აქტიური მომხმარებელი, სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, „ვიქტორიას სიკრეტის“ ერთ-ერთი ცნობილი მოდელი, დაუტცენ კროსი გახლავთ, რაც თავად ძალიან ახარებს.

დიზაინერს ახალი კოლექცია უკვე მზად აქვს. მას მაღაზიაში ვესტუმრეთ.

თამუნა ინგოროყვა:

გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ახალი გაკეთებული მაქვს. წარდგენილი იყო მილანში, პარიზსა და ნიუ იორკში. ეს უფრო კომერციული კოლექციაა, მრავალფეროვანია, გამოვიყენე უამრავი მასალა, ქალური და ნაზია. ჩვენებაზე ყველა დიზაინერი გამოხატავს თავის შემოქმედებით ხედვას, ამიტომ ჩვენებაზე განსხვავებულ კოლექციას ვანახებთ ჩვენს ბაიერებსა და პრესას. „მერსედეს ბენც ფეშენ ვიქზე“ იქნება დახურულ პრეს-ჩვენება. მას დაესწრებიან მხოლოდ პრესის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები უცხოეთიდან. ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, სად გავმართავ ამ პატარა ჩვენებას, რომელიც უფრო მეტად საქმიანად ჩაივლის.

dsc_3535ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ უფრო მეტად ორიენტირს იღებთ უცხოეთისკენ?

არა, მე პატრიოტი ვარ. პარიზში ვსწავლობდი და ძალიან ბევრი შეთავაზება მქონდა, „ქლოედან“, „ნინა რიჩიდან“… მაგრამ უარი ვთქვი, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი. ორიენტირი მხოლოდ უცხოეთისკენ არ მაქვს, უბრალოდ, იმდენი წელია, ჩემი ბრენდი არსებობს, 120-კაციან ჩვენებას ვერ გავაკეთებ. ყველას უნდა მოსვლა, ელოდებიან მოსაწვევებს, ყველა ჩვენების შემდეგი ერთი კვირა მიწევს ბოდიშების მოხდა, რომ ვიღაც ვერ დავპატიჟე. მომხმარებლების საკმაოდ დიდი წრე გვყავს. წელს მინდოდა დიდი ჩვენების გაკეთება, მაგრამ ისეთი თანხები ჯდება… ჩვენს ბრენდს ამის საშუალება არ აქვს, განათება მინიმუმ 3000 ევრო ჯდება, სხვა რომ არაფერი ჩამოვთვალოთ. წელს არავის გავანაწყენებ, რადგან საქმიანი პატარა ჩვენება მექნება.

სად იყიდება თქვენი კოლექციები საზღვარგარეთ?

უკვე მეორე წელია, ჩემს კოლექციებს ყიდულობს „მოლბრაით ფეშენ ლაიბრარი“. ეს გახლავთ ადგილი, სადაც თითქმის ყველა სტილისტი მიდის, როცა ცნობილი ადამიანისთვის სამოსს არჩევს, იქ ასევე დადიან დიზაინერებიც ახალ-ახალი ინსპირაციებისთვის. მე თავადაც ვარ ნამყოფი და ძალიან საინტერესო ადგილია. ყველა დიზაინერის ნატვრაა იქ მოხვედრა. ისინი არ იძენენ ზომებში სამოსს, არამედ თითო ერთეულს. არ ყიდიან ტანსაცმელს, არამედ აქირავებენ. ბოლოს ჰილარი კლინტონი ს წვეულებაზე რომ იყო დაუტცენ კროსი, „ლაიბრარიში“ შეურჩევიათ ჩემი შავი კაბა. მერე აღმოვაჩინე „ინსტაგრამზე“.

მას ხშირად აცვია ჩემი ბრენდის სამოსი. დაუტცენს პირადად ვიცნობ ძალიან კარგად. ჩემი მეგობარი მუშაობს მასთან, სტილისტი და მის ჩაცმულობაზე ზრუნავს. ახლახან გავიგე, რომ ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისთვის გადაიღეს ჩემი სამოსით, მთლიანი ლუქით, ოღონდ სხვა სტილისტმა შეურჩია.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამოვნოა. ლინდა როდინიმ რომ ნახა ჩემი კოლექცია, ბევრი რამ მოიზომა, მოეწონა, ფოტოებიც გადაიღო. „ინსტაგრამზე“ დადო, შემდეგ კი მომწერა და შეიძინა ჩემი ქურთუკი, ახლა გავუმზადებთ და გავუგზავნით.

თამუნა, საზღვრებს გარეთ საკუთარი მაღაზიის გახსნის საშუალება არ გაქვთ?

თუკი იქნება ინვესტორი, შესაძლებელია. იმდენად იფანტება თანხები მოდის კვირეულებზე და პროექტებზე, რომ სპონსორობისა და მხარდაჭერის მოთხოვნას აზრი არ აქვს. ჩვენთან ძალიან ცოტა სპონსორია და ნაწილდება დიდ პროექტებზე. ჩემი აზრია ასეთია, რომ ბაზარზე უნდა დარჩეს ძლიერი მოთამაშე და ის დაფინანსდეს.

dsc_3571ქართულ მოდაში დღეს რა სიტუაციაა?

ძალიან კარგი და გადასარევი სიტუაციაა. ბევრი რამ დიზაინერების დამსახურებაა. დიდი კონკურენციაა. ყველა ცდილობს ხარისხის აწევას და კოლექციების სრულყოფილად გაკეთებას. ეს მეამაყება.

გარდა ამისა, სოფო ჭყონია თავდაუზოგავად შრომობს, რომ ქართველი დიზაინერები საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიდნენ. დღეს, ქართველ დიზაინერებს გვაქვს პრეტენზია სერიოზულ გამოცემებზე, რადგან სოფომ გაგვათამამა ამ მხრივ. უკვე ორი წელია, სრულფასოვნად იდება „ვოგზე“ ჩემი კოლექციები.

თამუნა, ამ სეზონზე რა უნდა ჩავიცვათ?

ძალიან მრავალფეროვანი მოდაა. მაღალწელიანი შარვალი არის ე.წ. მასთ ჰევი, ანუ ის, რაც აუცილებლად უნდა გქონდეთ გარდერობში. ფერები: თეთრი, წითელი, შავი. ზამთრის კოლექციაში ამ ფერებთან ერთად, ბორდოსფერსაც ვთავაზობ, ასევე ხელით მოხატული პრინტებით დამშვენებულ სამოსს, ასევე ბევრ ტყავს. მე ფერთა მცირე გამა მაქვს, დეტალებზე ვაკეთებ აქცენტს. დღეს მოდა იმდენად თავისუფალია, რომ ინდივიდუალიზმია პირველ ადგილას. თქვენც ხედავთ, რომ მოდაში „ქუჩის სტილმა“ გადაინაცვლა და არა პირიქით. აგრეთვე, აქტუალურია უნიფორმის სტილზე ჩაცმა.

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g