პრინციპულ საკითხებზე განათლების მინისტრთან შეხვედრის დროს ვერ შევთანხმდით, ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა, პაატა ბახტურიძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, თამარ სანიკიძესთან შეხვედრას თსუ-ს გარდა, სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებიც დაესწრნენ და მთავარი განსახილველი საკითხი უმაღლესი განათლების შესახებ კანონი და თვითმმართველობის რეფორმა იყო.
”ჩვენ ვრჩებით იმ აზრზე, რომ უნივერსიტეტებს უნდა ჰქონდეთ ავტონომიური უფლება დააკომპლექტონ როგორც თვითმმართველობა, ასევე სხვადასვხა მმართველობითი ორგანო. მიგვაჩნია, რომ განათლების სამინისტროს წინადადებები ზღუდავს უნივერსიტეტის ავტონომიას, ვინაიდან უმაღლესი განათლების კანონით არ უნდაა ხდებოდეს უნივერსიტეტში სტუდენტების მიერ არჩეული ორგანოების დაკომპლექტება” – განაცხადა პაატა ბახტურიძემ.
როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, საუბარი იყო სტუდენტური თვითმმართველობების, როგორც სტრუქტურული ერთეულის, ძირეულ გაუქმებაზე, რაზეც შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
”კანონში წერია, რომ სტუდენტურ თვითმართველობას ირჩევენ სტუდენტები. ვფიქრობთ, ეს არ უნდა შეიცვალოს, თუმცა, შესაძლებელია, თვითმმართველობის შიგნით რაიმე შეიცვალოს და უფრო დაიხვეწოს” – განაცხადა ბახტურიძემ.