პარლამენტის წინ უკვე მე-8 დღეა ანტისაოკუპაციო აქცია მიმდინარეობს. აქციას უამრავი პროფესიონალი თუ მოყვარული ფოტოგრაფი აშუქებს, მათ შორისაა 16 წლის ლუკა ბაიდოშვილიც. ის აქციაზე ყველაზე მცირე ასაკის ფოტოგრაფია, რომელიც შავ-თეთრ ფერებში აჩერებს კადრებს. ის ძირითადად აქციის მონაწილეთა პორტრეტებს იღებს და ცდილობს ემოცია დამთვალიერებელს მაქსიმალურად გადასცეს.
ლუკა ბაიდოშვილს უკვე აქვს თავის ფეისბუქ გვერდზე თითოეული დღის ამსახველ ფოტოალბომი სახელწოდებით “სირცხვილია”. აქციისას ფოტოების გადაღების შეწყვეტას კი არ აპირებს. თან როგორც ამბობს, სკოლაც დასრულებულია და ეს საქმიანობა თავისუფლად შეუძლია გააგრძელოს.
“აქციები არ შეწყდება სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები. ჩვენ გვინდა მხოლოდ მშვიდობა! Action Will Not Stop Until we receive satisfaction from our requirements. We Want Only Peace!” – ესაა აღწერა, რომელსაც ის ყველა ფოტოალბომს ურთავს.
“ფორტუნა” დაინტერესდა პატარა ფოტოგრაფის გატაცებით. როგორც მან “ფორტუნას” უთხრა, ფოტოგრაფიით ერთი წლის წინ დაინტერესდა. ჯერ სმარტფონით იღებდა, 4 თვეა კი უკვე საკუთარი ფოტოაპარატიც აქვს.
“თავიდან ჩემი სმარტფონით დავიწყე და რის საშუალებასაც მაძლევდა, იმას ვიღებდი. შემდეგ Facebook-ზე ვიპოვე ერთი ფოტოგრაფი, ყოველდღე ვათვალიერებდი მის ფოტოებს და ის იყო ჩემი ინსპირაცია. ამის მერე გამიჩნდა სურვილი, რომ უფრო სერიოზულად მოვკიდებოდი ამ საქმეს, შემეძინა პროფესიონალური ფოტოკამერა და ასეც მოვიქეცი: 4 თვის წინ შევიძინე კამერა და იმ დღიდანვე შევუდექი ფოტოების გადაღებას. თავიდანვე ყველა სტილის ფოტოს ვიღებდი, ეს იქნებოდა დოკუმენტური, პორტრეტული, რეპორტაჟი თუ სხვა. ძალიან მომწონს ეს საქმე.
აქციაზე ფოტოების გადაღება კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა და სიამოვნებას მანიჭებს. რეალურ ემოციებს ვიჭერ და ეს ძალიან მახარებს. როდესაც ფოტოს ვიღებ, ვცდილობ ობიექტმა არ შემამჩნიოს, არასოდეს ვეუბნები, რომ პოზიცია შეიცვალოს. პირიქით, ჩემთვის მაშინ უფრო კარგად გამოიხატება ემოციები, როდესაც ობიექტმა არ იცის, რომ ფოტოს ვუღებ. კიდევ არის სხვა მიზეზიც, რატომაც გადავწყვიტე აქციაზე ფოტოების გადაღება. მინდოდა ამით ჩემი წვლილი შემეტანა საერთო საქმეში. არ მინდოდა აქციაზე მხოლოდ ფოტოგრაფის როლში ვყოფილიყავი. ვარ რიგითი მოქალაქე, რომელსაც უკეთეს საქართველოში უნდა ცხოვრება. ამ აქციაზე მხოლოდ ახალგაზრდები კი არა, ასაკოვანი ადამიანებიც დგანან. რამდენიმეს ფოტოები გადავუღე. განსაკუთრებით მომეწონა ერთი ბებო, რომელმაც აქციის მონაწილეებს მიმართა და თქვა: “ჩვენ არ ვიყავით ბედნიერები, მაგრამ ეს ახალგაზრდები იმსახურებენ ბედნიერებას. ძალიან მიხარია, რომ სამიდან ორი მოთხოვნა უკვე დაკმაყოფილებულია და იმედია მესამეც მალე დაკმაყოფილდება. ჩვენ ამას ყველა ერთად შევძლებთ. ვფიქრობ, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და ევროპისკენ უნდა წავიდეს. კიდევ, მინდა, რომ პირველ რიგში განათლება და მედიცინა გავაუმჯობესოთ”, – აღნიშნა ლუკა ბაიდოშვილმა.