რეგულარული ფრენების აღდგენა შესაძლოა, ივლისის ბოლომდე გადავადდეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ რეგულარული ფრენების აღდგენა მსოფლიოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.
„დიდი ალბათობით, მოგვიწევს რეგულარული ფრენები შეზღუდვის გადაწევა ალბათ ივლისის ბოლომდე, თუმცა ჩარტერული ფრენები დღესაც ხორციელდება და ივლისშიც განხორციელდება. პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება არ იქნებოდა ახლავე სრული მასშტაბით რომ გაგვეხსნა რეგულარული ფრენები,“-განაცხადა თურნავამ საერთაშორისო ტურისტების მიღების შესახებ საუბრისას.
მინისტრის თქმითვე, ასევე, ამ დღეებში ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, რომელმაც ჯერ მხოლოდ საკუთარ წევრ სახელმწიფოებს შორის გახსნა საზღვარ და ამ დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას არაწევრ ქვეყნებზეც.
შეგახსენებთ, მანამდე საქართველოს მთავრობა იუწყებოდა, რომ რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა პირველი ივლისიდან აღდგებოდა.