LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეკლამის ძალა პოლიტიკაში: რომელი პარტია მუშაობს სწორად ამომრჩეველზე – პიარტექნოლოგის თვალით დანახული კამპანია

477
FORTUNA.GE (44)

საქართველოში არჩევნებს ყოველთვის ცხარე დებატები უძღვის წინ. ყველაზე გამორჩეული კი ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები იყო. მას აშკარად დამსახურებულად მოიხსენიებენ ყველაზე არაეთიკურ კამპანიად. წელს ქვემოთ დარტყმებს მეორე ტური მოჰყვა. გამარჯვება, ისრაელიდან მოწვეული პიარტექნოლოგის, მოშე კლუგჰაფტის დახმარებით, დღეს მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდა წილად.

არჩევნებამდე 2 თვით ადრე ჩვენ ჯერ კიდევ არ გვინახავს პარტიების საარჩევნო რგოლები. დაპირისპირებები არის, თუმცა ალბათ მთავარი სანახაობა, წინ გველოდება. საბოლოოდ არჩევანი სავარაუდოდ, კვლავ  წითელსა და ლურჯს, ანუ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გაკეთდება.

პიარს რომ გამარჯვებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ეს ყველამ კარგად იცის.

„ფორტუნამ“ გადაწყვიტა პიარტექნოლოგის დახმარებით გაერკვია, რამდენად სწორად და ეფექტიანად დაიწყეს პარტიებმა საარჩევნო კამპანია.

ელდარ პირმისაშვილთან საუბრისას პარტიების პიარსტრატეგია განვიხილეთ.

მისი თქმით, ჩვენთან ყველა ელოდება ვინ დაუშვებს შეცდომას, რომ მერე სწრაფად მოახდინონ ლავირება. ამომრჩეველიც ჩამოუყალიბებელია. გამოკითხვაც ადასტურებს ამას და საბოლოოდ ქვეყნის ბედს „ლატენტური პუბლიკა“ წყვეტს ხოლმე.

მაშ ასე, ვნახოთ, როგორ გამოიყურებიან პარტიები მარათონის დასაწყისში პიარტექნოლოგის თვალით.

 

„ქართული ოცნება“  – „ერთად საქართველოს წარმატებისთვის“

„ქართულ ოცნებას“ ახასიათებს, რომ კარგად დავიწყებული შემოატრიალოს. სიტყვა „ოცნებაც“ არახალია. პოსტსაბჭოთა მენტალიტეტია – მე არაფერს გავაკეთებ, ვქირაობ მთავრობას და იმან გააკეთოს. ეს არის ძველი მიდგომა. სწორია, როდესაც პარტია გვეუბნება, მოდი, ერთად გავაკეთოთ. „ოცნებამ“ ჭკუა ისწავლა. ადრე ძალიან ბევრი დაპირებები გასცა და ბოლო პერიოდში მათ არანაირი დაპირებები არ გაუციათ.  სხვათა შორის, ამ ტენდენციაში სხვებიც აყვნენ. გაზი და წყალი 20 თეთრი იქნებაო, აღარ მოგვისმენია. შესაძლოა საზოგადოებაც შეიცვალა და შეიძლება პოლიტიკოსებმაც ისწავლეს, რომ დაპირებები მარტივად არ უნდა გასცენ.

მათ ბანერების ვიზუალშიც შეიტანეს ცვლილება. ბილბორდებზე, გალაითებულ ლურჯ ფონზე არის საქართველოს და ევროკავშირის დროშა.

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – „რატომ ჩვენ? იმიტომ რომ კიდევ გავაკეთებთ“

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ნარატივი არის ძველ მიღწევებზე საუბარი. სლოგანი, რასაკვირველია, მორგებულია მის ამომრჩეველზე, რომელსაც აუცილებლად ემახსოვრება რა ცვლილებები განახორციელეს საქართველოში. ეს დაახლოებით იმ პარტიების ნარატივს ჰგავს, რომლებიც გვეუბნებიან, დავიბრუნოთ ისტორიული საქართველოო. „ნაციონალების“ სურვილია გვითხრან, აი, ნახეთ რა მაგრები ვართო. მათ საარჩევნო ბანერებზე დომინატი ფერი კვლავ წითელია და ამით გვახსენებენ, რომ მათი მმართველობის პერიოდში შეიცვალა საქართველოს დროშა.

 

„ევროპული საქართველო“ – „შენი კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისთვის“

პლაკატზე სამი პოლიტიკოსის – ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – გვარებია…

აშკარაა, გვარები პლაკატებზე იმიტომ გამოიტანეს, რომ მათი არევა არ მოხდეს„ ნაციონალურ მაოძრაობასთან“ და ეს მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებზე დადებითად იმუშავებს, რადგან ისინი მაინც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდებიან, აქცენტს აკეთებენ 2-იანზე (ბანერებზე გარკვევით ჩანს ციფრი 2 და სამი პოლიტიკოსის გვარი), გვარები რეიტინგის მიხედვით არის დალაგებული. პოზიციონირება უნდათ ამ გვარებით. ამით ამბობენ, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” აღარ არიან. ეს რამდენად სწორია და რამდენად კარგად იმუშავებს ხალხზე, ცალკე თემაა.

 

ლელო – „შემოგვიერთდით ერთად გავიმარჯვოთ. ახალი ძალა, ახალი იმედი“

„ლელოს“ სლოგანი ძალიან ჰგავს „ქართული ოცნების“ სლოგანს. არ ვიცი, რომელმა გააკეთა პირველად და რომელმა რომელს მიბაძა, მაგრამ შინაარსობრივად და გაგების კუთხითაც ძალიან გვანან ერთმანეთს. მათი მესიჯია – ერთად გავაკეთოთ.

ყვითელი ფერის არჩევით კი მათ უნდოდათ, რომ რადიკალურად განსხვავებული ყოფილიყვნენ არსებული პარტიებისგან. „ევროპული საქართველო“, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ ერთნაირ ფერებში, წითელ-ლურჯ ფერებში არიან გადაწყვეტილი. შესაბამისად, იდენტობის არევა რომ არ მომხდარიყო, ფერი უნდა ყოფილიყო განსხვავებული. ბანერებზე, გამარჯვების სიმბოლო, ორი თითით ვიქტორის ჩვენება, ჩერჩილს უკავშირდება. ეს მიმართულება საქართველოში არჩეული ჰქონდა ირაკლი ალასანიას. „ლელოს“ დამატებითი სიმბოლო რამდენად იმუშავებს ამ შემთხვევაში ქართველ ამომრჩეველზე, ჯერ რთული სათქმელია.

 

„პატრიოთა ალიანსი“ – ვიმარჯვებთ ჩვენ, იმარჯვებ შენ, იმარჯვებ შენ, იმარჯვებს საქართველო“

„პატრიოტთა ალიანს“ საარჩევნოდ ისეთი თემები აქვს არჩეული, რომელიც არც ერთ პარტიას არ აქვს. პარტია არის თამამი, არ ერიდება კონფლიქტების თემებს. მათი სახელი რუსეთთან ასოცირდება. საქართველოში კი არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ და არ მოსწონთ ამერიკული კულტურა და მათთან კავშირი და აქვთ საბჭოთა კავშირის ნოსტალგია. „პატრიოტთა ალიანსის“ იმიჯი და სლოგანი სწორედ ასეთ ხალხზე არის გათვლილი. წინა არჩევნებში ამ ტაქტიკამ გაამართლა და პარლამენტში 5 პროცენტით შევიდნენ, რაც საქართველოსთვის საკმაოდ მაღალია.

 

სტრატეგია აღმაშენებელი – „ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საქართველო ავაშენოთ“

გიორგი ვაშაძეს უყვარს წითელი ფერი, უნდა პრემიერობა, არის ამბიციური.

სხვა პარტიაში თუ წინა პლანზე თავად პარტიაა წამოწეული, მან ისე გააკეთა, რომ საკუთარი თავი წამოწია წინა პლანზე. ამბობს, მენდეთ და საქართველოს ავაყვავებო. თუმცა ვაშაძის პრობლემა სხვა რამეა. სხვა შემთხვევაში ადამიანები თუ პარტიას გუნდთან ასოცირებენ, ვაშაძის შემთხვევაში ასე არაა. დარწმუნებული ვარ, მისი პარტიიდან ბევრს არავინ ახსენდება მის გარდა.

 

„გაერთიანებული ოპოზიცია“, რომელიც ფაქტობრივად უკვე დაშლილია – „ძალა ერთობაშია“.

მათ გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, თუმცა მალევე დაინგრა მათივე სლოგანი „ძალა ერთობაშია“. ამის მოლოდინი ყველას გვქონდა, იმიტომ რომ ყველა არჩევნებზე ასე ხდება, მაგრამ გარკვეულ შედეგს მიაღწიეს, საერთო მაჟორიტარები წარადგინეს.

 

„მთლიანობაში, ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე პარტიას განსაკუთრებულად სწორი პიარტექნიკა აქვს არჩეული. „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხს რომ ახსენებ, გამარჯობა, მე რეფორმატორი ვარ, ეს კარგი ხერხია. უგულავამ, ბოკერიამ და ბაქრაძემ პლაკატზე თავიანთი გვარების დაწერა რომ გადაწყვიტეს, ესეც სწორი სვლაა. უნდა ვიცოდე, ვის ვაძლევ ხმას და მარტო 2 ნომერი შემოხაზეო, რომ მითხრან, არ შემოვხაზავ, უნდა ვიცოდე ვინ დგას ამის უკან.

„ქართულ ოცნებას“ კი ბილბორდებზე ისეთი ადამიანები ჰყავს, რომლებსაც პოლიტიკიდან არ ვიცნობთ, ეს სამომავლოდ მათ იმიჯს უკან დასწევს. თუ არ ვიცნობთ და ბილბორდზე იმიტომ აკრავენ, მათ ფოტოს, რომ გაგვაცნონ, შესაბამისად პიარისთვის ნაკლებ ეფექტურია.

ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს ყველაზე ბინძური კამპანია გაიმართა. ახლა, სავარაუდოდ, იგივე არ გვემუქრება. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს გადამწყვეტი არჩევნებია და უკან არავინ დაიხევს“, – ამბობს პიარტექნოლოგი „ფორტუნასთან“ საუბარში.

 

შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პრეზიდენტმა 31 ოქტომბერს დანიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები