დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საზოგადოებას რეკომენდაციას სთავაზობს, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის პერიოდში „არ იყოს თავშეყრები, კვება და ალკოჰოლის მირთმევა“. როგორც გამყრელიძემ „პირველ არხთან“ საუბრისას განმარტა, სასურველია დაცული იყოს რეგულაციები, რადგან ინფექცია „ამ დროს შედარებით ადვილად ვრცელდება“.
„სააღდგომო დღეებში და განსაკუთრებით შემდგომ, როდესაც მივდივართ ჩვენი ახლობლების სასაფლაოებზე, სასურველია, დაცული იყოს რეგულაციები. განსაკუთრებით რეკომენდებულია, რომ არ იყოს დიდი თავშეყრები, არ იყოს განსაკუთრებით კვება და ალკოჰოლის მირთმევა ამ პერიოდში. ხაზს ვუსვამ, ამ დროს ინფექცია შედარებით ადვილად ვრცელდება. ჩვენ თუ ყველაფერი ეს დავიცავით, ვფიქრობ ეპიდსიტუაცია ასე მშვიდად უნდა გაგრძელდეს და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მაისიც ასეთი მშვიდი და სტაბილური ეპიდსიტუაციით გავიაროთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.