Renault-მ განაცხადა, რომ უახლოეს წლებში ელექტრომობილების წარმოებაში ჰუმანოიდის ტიპის რობოტების გამოყენებას დაიწყებს. რობოტი კომპანია Wandercraft-თან პარტნიორობით არის შექმნილი და სახელად კელვინ – 40 ჰქვია.
კელვინ – 40 სხვა მსგავს პროექტებთან შედარებით ნაკლებად ჰგავს ადამიანს – მას არ აქვს გამოხატული „თავი“, ხოლო თითების ნაცვლად მანიპულატორები გამოიყენება. კომპანიის შეფასებით, სიახლის დანერგვა ავტომობილების წარმოების პროცესს დაახლოებით 30%-ით დააჩქარებს.

Renault-ის განცხადებით, ახალი რობოტის დიზაინი შეგნებულად არის გამარტივებული, რათა შემცირდეს მისი ღირებულება. ასევე, ის ნაკლებად „ჭკვიანია“, ვიდრე მაგალითად Tesla Optimus, რადგან გათვლილია შედარებით მარტივი ამოცანების შესასრულებლად.
კომპანიის წარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ტიერი შარვემ აღნიშნა, რომ მისთვის ადამიანთან მსგავსება პრიორიტეტი არ არის – მთავარი ეფექტური და ხელმისაწვდომი ავტომატიზაციაა.

კელვინ – 40 ძირითადად გამოყენებული იქნება მძიმე დეტალების გადასატანად, როგორიცაა ძარის პანელები ან საბურავები, რაც ადამიანებს ფიზიკურად რთული სამუშაოსგან გაათავისუფლებს. ამასთან, „ტორსისა“ და კიდურების არსებობა რობოტს უფრო მოქნილს ხდის ჩვეულებრივ ბორბლიან ტრანსპორტთან შედარებით.
კომპანიის გეგმის მიხედვით, 2027 წლისთვის სხვადასხვა ქარხანაში 350-მდე ასეთი რობოტი იმუშავებს.
აღსანიშნავია, რომ ჰუმანოიდი რობოტები უკვე გამოიყენება ერთ-ერთ ევროპულ საწარმოში BMW-ის მიერ – მათ ევალებათ როგორც ტვირთის გადაზიდვა, ასევე აწყობის პროცესი.
