რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შენარჩუნების მიზნით, პარლამენტში დეზინფორმაციას ავრცელებენ – ამის შესახებ ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მომუშავე ნარკოლოგები და ექსპერტები საუბრობენ.
საქმე ეხება 28 აპრილს, პარლამენტში ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრას, სადაც ექიმმა-ინფექციონისტმა, გიორგი კანდელაკმა ევროპის ნარკოტიკების და წამალდამოკიდებულების ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით მოხსენება გააკეთა. რეფორმაზე მომუშავე ექსპერტები ამბობენ, რომ მან რეალურად, საზოგადოებას კვლევის მონაცემები შერჩევითად წარუდგინა და ამავე ნაშრომის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუმალა.
„ცდილობენ, მონაცემების მანიპულირებით დაამტკიცონ თავისი პოზიციები. ამ შემთხვევაში ჩეხეთის და პორტუგალიის დეკრიმინალიზების გამოცდილების წარდგენა მოხდა, დაასკვნეს, რომ ამ რეფორმებმა აღნიშნულ ქვეყნებში სავალალო შედეგები მოიტანა. ცივილიზებული სამყარო კი დიდი ხანია, შეთანხმდა, რომ ეს ორივე ქვეყანა ძალზე წარმატებულია ნარკოტიკების პოლიტიკის განხორციელების, მოხმარებასთან დაკავშირებულ საზიანო შედეგებთან ბრძოლის კუთხით, მკურნალობის, ინფექციებთან ბრძოლის, ზრუნვის სერვისების მიწოდების კუთხით. ამას ადასტურებს უამრავი კვლევა,“ – განაცხადა დავით ოთიაშვილმა.
მოძრაობა “თეთრი ხმაურის” წარმომადგენელი, დათო სუბელიანი აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმა ჩავარდნილია და ამის გასამართლებლად დეზინფორმაციის გავრცელების მსგავს ხერხებს მიმართავენ.
„ბატონი კანდელაკი პირველად ვნახე მაშინ, როცა ამ რეფორმის დისკრედიტირება დაიწყო. მთელი ორი წლის განმავლობაში, როცა ამ რეფორმაზე ვმუშაობდით, არ დარჩენილა არცერთი მეცნიერი, რომ პროცესში არ ყოფილიყო ჩართული, ყველა იდგა ჩვენთან. ახლა სჭირდებათ, რომ პასუხი გასცენ, რატომ ჩავარდა რეფორმა,“- ამბობს დავით სუბელიანი.