რესპუბლიკის მოედანზე ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით მოქალაეები და საპატრიარქოს წარმომადგენლები იკრიბებიან, საიდანაც შემდეგ სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დაიწყება. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს საპატრიარქოა. მსვლელობასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირი რესპუბლიკის მოედანიდან უკვე გადაკეტილია.
რესპუბლიკის მოედნიდან სამებისკენ მიმავალ ნაკადს შეუერთდებიან ასევე აქციის ის მონაწილეები, რომლებიც ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან.
“დღეს არის ძალიან მნიშვნელვანი დღე მთელი ჩვენი ერისთვის. ოჯახის სიწმინდის დღე , როდესაც ადამიანები ვამბობთ, რომ არა ძალადობას, არა წინააღმდეგობას, არა ადამიანის დაჩაგვრას. ადამიანი, რომელიც ოჯახში გაიზრდება და რომელაც ჩვენ გავზრდით ოჯახში და ვასწავლით ოჯახის სიწმინდეს, ის მოძალადე არასდროს გაიზრდება. ნამდვილი ჰომოფობიური დღე – ანუ არა ძალადობას არის დღევანდელი დღე. ამას თუ ავიტაცებთ სწორად და არ გამოვაჩენთ დღედ, რომელიც არის წინააღმდეგობის დღე, მაშინ ძალიან დიდ შედეგს მივიღებთ”,-აცხადებს დეკანოზი შალვა კეკელიძე.
მისივე თქმით დღეს არანაირ დაძაბულობას არ ელოდებიან.
“უნდათ ასე გამოაჩინონ ძალადობის დღედ, მაგრამ ეს ასე არ არის. ეკლესია არასდროს ყოფილა ძალადობის მომხრე. ეკლესია არის სიყვარულის მქადაგებელი”,-აცხადებს დეკანოზი.
დღის პირველ ნახევარში უკვე გაიმართა ერთი მსვლელობა, მოქალაქეთა ნაწილი და სამღვდელოება სამების ტაძართან ავიდნენ, შემდეგ კი უკან, მთავრობის ადმინისტრაციასთან და რესპუბლიკის მოედანზე დაბრუნდნენ, რათა დღის მეორე ნახევარში დადგმილ მსვლელობას შეერთებოდნენ.
როგორც გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია ჟურნალისტებთან აცხადებს, მსვლელობის დროს წინ აწურის ღვთისმშობლის ხატს წაიმძღვარებენ.
მსვლელობა სამების ტაძართან დასრულდება, სადაც კონცერტი გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, სცენაზე გამოვლენ „ერისიონი“, „რუსთავი“, „სუხიშვილები“. კონცერტი დღეს, სამების საკათედრო ტაძართან 20:00 საათზე დაიწყება.
17 მაისს ლგბტქი თემი საქართველოში ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. 2013 წელს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. სწორედ 2013 წლის 17 მაისს სამღვდელოების წარმომადგენლებმა და მოქალაქეთა ნაწილმა ლგბტ თემს აქციის გამართვის საშუალება არ მისცა და ფიზიკურად გაუსწორდა მათ.
წელს ლგბტ თემი შეკრებას 17 მაისის – ჰომობოფიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის ნაცვლად, ივნისის თვეში გეგმავს. თბილისი პრაიდი 18-23 ივნისის კვირაში გაიმართება.