რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ზაზა ავალიანმა თანამდებობა დატოვა, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისივე ცნობით, ზაზა ავალიანი ტუბერკულოზის და ფილტვის ცენტრში გააგრძელებს მუშაობას, ხოლო გენერალური დირექტორის მოვალეობას შეასრულებს თეა თავართქილაძე, რომელსაც ამ დრომდე კლინიკური მენეჯერის პოზიცია ეკავა.
„შეხვედრა გაიმართა რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართულებების ყველა ხელმძღვანელთან, ასევე მენეჯმენტთან. საუბრის ძირითადი თემა იყო კლინიკის ახალი გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წარდგენა, რომელიც წლებია, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს და ამ ეტაპზე ასრულებდა კლინიკური მენეჯერის მოვალეობას.
თქვენ იცით, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, ბატონი ზაზა ავალიანი გააგრძელებს მუშაობას ტუბერკულოზის და ფილტვის ცენტრში, სადაც იგი წლებია, მუშაობს და დროებით იყო მივლინებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ის დაუბრუნდება ტუბერკულოზის ცენტრს, ხოლო კლინიკური მენეჯერი, რომელიც ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს, შეასრულებს გენერალური დირექტორის მოვალეობას”, – აცხადებს ილია ღუდუშაური.