გარეული ცხოველებით უკანონოდ მოვაჭრეები 1000 ლარით დაჯარიმდებიან. ამდენივეს გადაიხდიან კანონდამრღვევები ცხოველთა უკანონო დატყვევებაშიც. შესაბამისი ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის.
1000 ლარამდე დაჯარიმებას ექვემდებარება არა მხოლოდ გარეული ცხოველებით ვაჭრობა, არამედ მათი უკანონოდ დაჭერა, გარეულ ცხოველთა დერივატებით და მათგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა.
როგორც ”ფორტუნას” გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსმა არჩილ ადამიამ განუცხადა, აღნიშნული რეგულაციის შემოტანა კანონში ”შავი ხვრელების” არსებობას გამორიცხავს.
”იყო შემთხვევა, როცა მოქალაქემ გვითხრა, რომ მას არ მოუპოვებია ცხოველი, ვიღაცამ აჩუქა და უბრალოდ ჰყავს. ასევე, შემთხვევები, როცა გვითხრეს, რომ დათვის ბელი ტყიდან თავისით გამოვიდა და მათთან მივიდა. მათ ეს ჩვენთვის უნდა შეეტყობინებინათ, ჩვენ მას ბუნებრივ გარემოში გავუშვებდით. სწორედ ამიტომ, კანონში გაჩნდება სიტყვა ”დატყვევება”, რათა გამოვრიცხოთ ასეთი შემთხვევები,“- განაცხადა ადამიამ.
მისი თქმით, თუ ზედამხედველობის სამსახური „ფეისბუქით“ ან ონლაინ-მაღაზიებში უკანონოდ დაჭერილი ცხოველს შესახებ ინფორმაციას აღმოაჩენს, ცხოველები მფლობელებს ჩამოერთმევათ.
როგორც უწყებაში განმარტავენ, უკანონოდ დატყვევებული ცხოველები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში რესტორნებსა და სხვა ობიექტებზე ჰყავთ, აღმოჩენის შემდეგ სახელმწიფო საკუთრებაში გადადიან. ცხოველი ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაეცემა, რომელიც მას ადგილს მოუძებნის – ბუნებრივ გარემოში გაუშვებს, ან მოვლა-პატრონობის საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფარში გადაიყვანს.
ამჯამად მოქმედი ნორმებით, გარეული ცხოველებით უკანონოდ მოვაჭრეებისათვის 300- ლარიანი ჯარიმა მოქმედებს.