პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში, სხვა ეკონომიკურ სუბიექტებთან ერთად, გარკვეული შეღავათებით კვების ობიექტებიც ისარგებლებენ, – ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რესტორნები და სხვა კვების ობიექტები საკვებს ადგილზე გასცემენ ან მიწოდების სერვისს ახორციელებენ და სტუმრებს ვერ მასპინძლობენ. შესაბამისად, ამ პერიოდში, მათთვის დასუფთავების მოსაკრებელი საკონდიტროებისთვის დაწესებული მოსაკრებლის ოდენობის იქნება, რაც რვაჯერ ნაკლებია.
„რაც შეეხება იმ ობიექტებს, რომლებიც საერთოდ ვერ ფუნქციონირებენ, შეუძლიათ, განცხადებით მიმართონ „თბილსერვის ჯგუფს“ და ამ პერიოდში მთლიანად მოეხსნებათ დასუფთავების მოსაკრებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის ინფორმაციით, გარკვეული შეღავათები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ჯიხურებსაც შეეხებათ.
„თუ ამ ობიექტებს გასული აქვთ საიჯარო ვადა, რაზეც ეკისრებათ ჯარიმა 8 000 ლარის ოდენობით, ასევე, გასულია არქიტექტურული ნებართვის ვადა, რაც 8 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, მათ ეს ორივე ვადა პირველ ივლისამდე გაუგრძელდებათ. ამის შესახებ ჩვენ უკვე მივმართეთ ცენტრალურ მთავრობას და დიდი იმედი მაქვს, რომ მათგან მხარდაჭერა და თანადგომა იქნება. კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, ეს შეღავათი ეხება იმ სამეწარმეო სუბიექტებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას მუნიციპალიტეტისგან იჯარით აღებულ მიწებზე ახორციელებენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, საზოგადოებას აღნიშნული შეღავათების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.