„ქართული ოცნების“ წევრი და დეპუტატი, ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ „რიონის ხეობის“ მცველების მოწოდება – 26 მაისის ღონისძიების ნაცვლად, მოქალაქეები “ნამოხვანჰესის” საწინააღმდეგო აქციაზე მივიდნენ, გაუმართლებელი და არასახელმწიფოებრივია.
როგორც დეპუტატმა თქვა, ნამდვილი ეროვნული დღესასწაული საპროტესტო აქციად არ უნდა გადაიქცეს. წილოსანის განცხადებით, აქციის მონაწილეების განცხადება ეწინააღმდეგება მათ განცხადებულ სულისკვეთებას, რომელზეც ისინი მიუთითებენ.
„ამ აქციის მონაწილეებს ყველა სახელმწიფო წარმომადგენელმა, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარემ დიალოგის რეჟიმში ჩართვა შესთავაზა. ის პროტესტის ფორმა, რომელსაც ისინი იყენებენ, იმ პირობებში, როდესაც ყველა მზად ვართ მათთან დიალოგისთვის, თავად სახელმწიფოს აქვს „ნამოხვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით ცხრა თვის მანძილზე მორატორიუმი გამოცხადებული, სრულიად არაადეკვატურად მეჩვენება და გარკვეულ კითხვის ნიშნებს იწვევს რისთვის არის ეს ყველაფერი მიმართული“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
შეგახსენებთ, რომ „რიონის ხეობის“ მცველები უკვე მესამე დღეა დედაქალაქში აქციებს მართავენ. გუშინ მათ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გზის სავალ ნაწილზე კარვები გაშალეს. დღეს კი, „ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეები 16:00 საათიდან თბილისში მსვლელობას და პიკეტს გეგმავენ.
“რიონის ხეობის” მცველებსა და მათ თანამოაზრეებს, 4 ძირითადი მოთხოვნა აქვთ:
- შეწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ, ასევე კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხსიმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ ჰესთან დაკავშირებულ დოკუმენტებს.