LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Robo Battle – მასშტაბური ტექნოლოგიური შოუ, რომელიც არაერთ პროფესიას გააერთიანებს

665
ავთანდილ მღებრიშვილი

საქართველოს რობოტიკის ასოციაციის (GRA) ორგანიზებით, 26 ივლისს, Tbilisi Digital Fest-ის ფარგლებში, Robo Battle 2025 ჩატარდება, რომლის მიზანი ახალგაზრდების ტექნოლოგიურ და ინჟინრულ სფეროებში წახალისებაა.

ავთანდილ მღებრიშვილი, საქართველოს რობოტიკის ასოციაციის დამფუძნებელი, რობოტების ბრძოლის ორგანიზატორი:

– რობოტების ბრძოლის საქართველოში ჩატარების სურვილი წლების წინ გამიჩნდა, მაშინ, როცა აშშ-ში მიმდინარე რობოტების ბრძოლის ჩემპიონატისთვის დავიწყე თვალის დევნება. ვოცნებობდი, ჩვენს ქვეყანაში ტექნოლოგიების მიმართულებით ინტელექტუალური რესურსი ისე მომწიფებულიყო, რომ ასეთი მასშტაბური ღონისძიება გაგვეკეთებინა. მე და ჩემმა გუნდმა ამ მიზნისკენ სვლა ჯერ საგანმანათლებლო პროექტებით დავიწყეთ სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის, 3 წლის წინ კი საქართველოს რობოტიკის ასოციაცია ჩამოვაყალიბეთ და ფესტივალისთვის მზადება დავიწყეთ.

თავდაპირველად სასკოლო ჩემპიონატი ჩავატარეთ, სადაც 85-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, შარშან კი იგივე ჩემპიონატში უკვე სტუდენტებიც ჩაერთნენ. ეს, ძირითადად, ინტელექტუალური რობოტების შეჯიბრება იყო ისეთ მარტივ დისციპლინებში, როგორებიცაა ლაბირინთის გავლა, სწორ ხაზზე ან ზიგზაგზე გავლა და ა.შ. შარშანვე დავამატეთ SUMO რობოტების შეჯიბრება, რომელიც სახალისოცაა და სანახაობრივიც, რადგან სუმოს წესებია დაცული – სპეციალური წრიული არენაა, სადაც ორი ავტონომიურად მართვადი რობოტი (პულტით მართვადი როგორც პროგრამირების მეშვეობით, მანქანური დასწავლით, ისე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით) ერთმანეთის რინგიდან გადაგდებას ცდილობს. ვინც რინგზე რჩება, ის ითვლება გამარჯვებულად. ეს ყველაფერი იყო მცდელობა, რომ რობოტების ბრძოლამდე მივსულიყავით. სხვათა შორის, ფესტივალისათვის მზადების პროცესში უნივერსიტეტები ძალიან საინტერესოდ ჩაერთნენ, მათ შიდა ტურნირების ორგანიზება დაიწყეს.

– რა არის ფესტივალის მიზანი?

– ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ბევრ ტექნოლოგიურ ღონისძიებას ვუწევდი ორგანიზებას და აღმოვაჩინე, რომ საქართველოში, რატომღაც, ტექნოლოგიური ღონისძიება იქცა მხოლოდ Coworking ან Networking შეხვედრებად, სადაც, ძირითადად, SOFT-ზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებს განვიხილავთ ხოლმე, ანუ არ ვართ განებივრებულები უშუალოდ Hardware-თან ან რობოტებთან დაკავშირებული ფესტივალებით. სწორედ ეს იყო მიზანი, რომ ამ მიმართულებით ინტერესი გაგვეძლიერებინა, მით უფრო, რომ ბოლო დროს ბევრი დიდი უცხოური კომპანია გადავიდა ე.წ. ანდროიდების შექმნაზე (მაგალითად, ამაზონის საწყობებში, ძირითადად, რობოტები არიან „დასაქმებულები“). საქართველოში გვყავს ძალიან კარგი ინჟინრები, რომლებსაც იმის გამო, რომ ჩვენთან არ იქმნება მსგავსი ტექნოლოგიები, ქვეყნის დატოვება უწევთ და უცხოურ კომპანიებში მუშაობა. გვინდა, რომ გავზარდოთ მომავალი თაობის ტექნოლოგიებისადმი ინტერესი, რადგან კარგად ვხედავთ, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე ბევრ პროფესიას უცვალა ფორმა (ჩანაცვლება მაინც ხმამაღალი ნათქვამია, ყოველთვის უფრო გარდაქმნა ხდება, რადგან, უბრალოდ, ახალი ფუნქციონალის საჭიროება ჩნდება). ამასთან, Software-ისა და ხელოვნური ინტელექტის გარდა, ვითარდებიან რობოტებიც, რომლებშიც უკვე ხელოვნური ინტელექტი ინტეგრირდება, ანუ ავტონომიურად მართვადი ხელოვნურ ინტელექტ ჩაშენებული რობოტები ადამიანების მსგავსნი არიან და მათ თითქმის იმავეს გაკეთება შეეძლებათ, რაც ადამიანებს. ამიტომაც უმჯობესია, ვიცოდეთ მათი აწყობა, გვქონდეს საშუალება მათი ჩვენს ქვეყანაშიც წარმოების და ჩვენი რეგიონის ბაზარზე მაინც თავის გამოჩენის. ამაზე ახლა უნდა დავიწყოთ ზრუნვა და მუშაობა, მერე რომ არ დაგვიანდეს.  

სამწუხაროდ, ჩვენი ფესტივალისადმი დიდი კომპანიებისგან დაინტერესება ძალიან დაბალი იყო, არადა მოლოდინები სხვაგვარი გვქონდა – გვეგონა, რომ ის ინტერესს გამოიწვევდა, ერთი მხრივ, მისი მასშტაბიდან გამომდინარე, მეორე მხრივ, მასში ბევრი ტექნოლოგიური კომპანია მონაწილეობს, მესამე – ჩვენთან დახვდებოდნენ საკმაოდ უნარიანი ახალგაზრდები. რობოტს რომ აწყობენ, ეს ნიშნავს, რომ უკვე იციან ინჟინერია, ხაზვა, დიზაინი, პროგრამირება, მუშაობენ ხელოვნურ ინტელექტზეც, რადგან ამ რობოტების დიდი ნაწილი სწორედ ხელოვნური ინტელექტით იმართება. ფაქტობრივად, რობოტიკა ყველა იმ ცოდნას აერთიანებს, რაც დიდი საწარმოო ხაზის სტრუქტურის გამართვას სჭირდება.

– რამდენი მონაწილე ეყოლება ფესტივალს?

– უპირველესად აღვნიშნავ, რომ რობოტების ბრძოლაში გვაქვს სამი წონითი კატეგორია, გვაქვს SUMO რობოტების ტურნირი, დრონების შეჯიბრება და RC მანქანების შეჯიბრება. ვფიქრობდით, რომ განსაკუთრებით რობოტების ბრძოლაში, რომელიც არცთუ იაფი ჯდება (რობოტები ძვირიან კომპონენტებს შეიცავენ, ისინი საქართველოში არ იშოვება და ძირითადად გამოწერა უწევთ ხოლმე), 10 გუნდი მაინც რომ დარეგისტრირებულიყო, ჩვენთვის დიდი წარმატება იქნებოდა. რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. შედეგად, რობოტების ბრძოლაში სამივე წონით კატეგორიაში გვყავს 93 გუნდი, SUMO რობოტების შეჯიბრებაში – 50 გუნდი, დრონების შეჯიბრებაში – 30-ზე მეტი გუნდი და RC მანქანების შეჯიბრებაში – 36 მანქანამდე ავედით.

– ვინ არიან ის ადამიანები, რომლებითაც ეს გუნდებია დაკომპლექტებული?

– სკოლის მოსწავლეების 5-6 გუნდი მონაწილეობს რობოტების ბრძოლაში, რასაც არ ველოდით, რადგან მარტივი შეჯიბრება არ არის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ გამოცდილება ჰაკათონებში, მეიქათონებში და მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობით ჰქონიათ შეძენილი. მონაწილეების 70% სტუდენტები არიან, ხოლო დანარჩენები, ჩვენდა გასახარად, სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები, რომლებისთვისაც რობოტების აწყობა ჰობია და რომელთათვისაც ბავშვობის ოცნების ახდენაა ამ ფესტივალში მონაწილეობა.

– როგორც ვიცი, ფესტივალის მთავარი შეჯიბრებებისთვის დაწესებულია საპრიზო ფონდი.

– დიახ. იქიდან გამომდინარე, რომ ძვირადღირებულია ეს ჩვენი საინჟინრო-ტექნოლოგიური ინტელექტების შეჯიბრება (რინგზე გაიმარჯვებს ის რობოტი, რომელიც არ დაიმტვრევა ან ნაკლებად დაიმტვრევა), საორგანიზაციო გუნდის გადაწყვეტილება იყო, რომ პრიზებიც შესაბამისი ყოფილიყო. შესაბამისად, გვექნება 25 000 ლარის ოდენობის საპრიზო ფონდი, რომელიც მოიცავს როგორც ფულად ჯილდოებს, ისე ტექნიკას. ისინი გამარჯვებულ გუნდებს შორის გადანაწილდება.

– შეძლებენ თუ არა ფესტივალზე დასწრებას რიგითი ადამიანები?

– დიახ, ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ ადამიანები, რომლებიც ფესტივალზე სტუმრის სტატუსით მოვიდოდნენ, იმ ყველაფრის ნაწილი გამხდარიყვნენ, რაც ადგილზე დახვდებოდათ. შესაბამისად, თითოეული აქტივობის ფარგლებში გვექნება ვორქშოპი, ასევე, სპეციალური  სივრცეები, პატარა რინგები, სადაც დამსწრე საზოგადოებას მინიატურული რობოტების გატესტვის შესაძლებლობა ექნება – შეიქმნება ერთგვარი სიმულაცია, როგორ შეიძლება, რომ ეს რობოტები დაიმტვრეს. ფესტივალის ფარგლებში, მონაწილე კომპანიები გათამაშებებს მოაწყობენ. ანუ ვინც ფესტივალზე მოვა, არც გულგრილი დარჩება და არც ხელცარიელი წავა.

– სად ჩატარდება ფესტივალი?

– Radio City-ში, District 4-ში. 6000 კვ.მ ფართობის მქონე პავილიონში სტუმრების მიღებას დავიწყებთ დილის 10 საათიდან, 11:00 საათზე დაიწყება RC მანქანების შეჯიბრება, 13:00 საათზე – SUMO რობოტების შეჯიბრება, პარალელურად იქნება დრონების შეჯიბრება და 16:00 საათიდან დავიწყებთ მთავარ შოუს – რობოტების ბრძოლას, რომლის ფარგლებშიც მაყურებლებისთვის იქნება სიურპრიზებიც.

magti 5g