7 თებერვალს რადიო ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ მრავალპროფილური საბავშვო-გასართობი სტუდიის „ბასტი-ბუბუს“ დამფუძნებელი თამარ სხვიტარიძე სტუმრობდა, რომელმაც მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
– თამარ, როგორ შეაჯამებთ „ბასტი-ბუბუს“ 30-წლიან მუშაობას და რას სთავაზობთ პატარებს დღეს?
– არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ცოტა პესიმისტური განწყობა მაქვს. სამწუხაროდ, საგანმანათლებლო სისტემა მთელ მსოფლიოში ჩიხშია შესული, რადგან ორწლიანი კარჩაკეტილობა ძალიან ცუდად აისახა მცირეწლოვანთა ფსიქიკაზე. „ბასტი-ბუბუ“ ყოველთვის ბავშვების სიმრავლეზე, აქტიურ ურთიერთობასა და მასიურ ღონისძიებებზე იყო გათვლილი, პანდემიის ფონზე კი, საგრძნობლად შემცირდა აქტიურობა. მეტიც, დღეს „ბასტი-ბუბუს“ საკუთარი სივრცეც არ აქვს, რადგან ვერ შევძელით იჯარის გადახდა და იმ შენობის დატოვება მოგვიწია, სადაც მთელი 30 წელი ვიმუშავეთ. აქამდე მთელ საქართველოზე, მასშტაბური პროექტების შექმნაზე ვიყავით ორიენტირებული, ახლა კი ერთ-ერთ სკოლას ვართ შეფარებული და წარმოდგენა არ გვაქვს რა გველის მომავალში. იმედი მაქვს, 1990-ანი წლების მსგავსად ახლაც შევძლებთ გამოსვლის მოძიებას. მაშინ, თოჯინების გაკეთება გაგვიჭირდა, რომელთაც გადაცემა მიჰყავდათ, ბავშვებს ვთხოვეთ მათი ადგილის დაკავება და ძალიან გაგვიმართლა, რადგან სწორედ პატარებმა შექმნეს „ბასტი-ბუბუს“ ცნობილი ბრენდი, რომელიც დღესაც პოპულარობით სარგებლობს. ვფიქრობ, ისევ ინტერნეტ-პროექტებში უნდა ვეძებოთ გამოსავალი, რადგან სწორედ სოციალური ქსელის წყალობით შეიძინა ჩვენმა სტუდიამ საერთაშორისო მასშტაბი. მიხარია, რომ ჩვენი პროექტები უცხო ენაზე ითარგმნა და უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა მთელ მსოფლიოში. მართალია, ცოტა მოუმზადებელი აღმოვჩნდით მსგავსი შესაძლებლობების ასათვისებლად, მაგრამ ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას და მაქსიმალურად ვცდილობთ სასარგებლო პროექტების შექმნას არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი ბავშვებისთვისაც, რომლებიც სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ ჩვენთან დამეგობრებას.
– როგორ შეაფასებთ ახალგაზრდა თაობას?
– ძალიან უცნაური თაობა მოდის. ადრე 10-15 წელიწადში ერთხელ იცვლებოდა ფასეულობები, გემოვნება და მსოფლმხედველობა, ახლა ყველაფერი სწრაფად იცვლება, რადგან მოზარდებს ყოველ წელს ახალი ინტერესები და შეხედულებები აქვთ. მართალია, თავგამოდებით მივდევთ და მაქსიმალურად ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ, მაგრამ როგორც ჩანს, ისინი უფრო სწრაფად დარბიან. ახლა ძალიან მოდურია კორეული კულტურა, რომელიც ჩემთვის ნაკლებად მისაღებია, რადგან აბსოლუტურად სხვა ეპოქაში, განსხვავებული გემოვნებით გავიზარდე, თუმცა მაინც ინტერესით ვადევნებ თვალს, რადგან არ მიმაჩნია გამართლებულად საკუთარი თავის ძველი გამოცდილებით, შეხედულებებით შეზღუდვა. ბევრად საინტერესოა მიმდინარე სიახლეების მიღება და თვალსაწიერის გაფართოება, ახალი გამოცდილების შეძენა და იმ სიახლის შექმნა, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებსაც მოერგება და მომავალშიც სასარგებლო იქნება, რადგან ჩვენ სწორედ მათთვის ვმუშაობთ ვინც ჩვენზე კარგად იცის და გრძნობს მომავალს.
– რა გაძლევთ ბრძოლისა და დასახული მინის მიღწევის სტიმულს?
– ზოგადად, არ ვარ ბუნებით მებრძოლი, მეტიც, აბსურდულადაც კი მეჩვენება რაღაცისთვის თავის გამოდება, თუმცა ბოლო დროს ხშირად მიწევს ბრძოლა საკუთარ თავთან. ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ მაშინ იცვლება გარემო და ადამიანი, თუ თვითონ შევძლებ შეცვლას, ასე რომ, ახლა ბრძოლის საკუთარი მეთოდი მაქვს. სიმართლე ვთქვა, ცოტა გავწვალდი, მაგრამ საკუთარი თავზე მუშაობა უფრო მოხერხებულია, ვიდრე მუდმივად სხვის შეცვლაზე ფიქრი.
– როგორ შეაფასებთ საკუთარ გამოცდილებას, რამდენად გაკმაყოფილებთ მრავალწლიანი შრომის შედეგით?
– როცა „ბასტი-ბუბუს“ წარმატებებზეა საუბარი ან წარსულს და ჩვენს პირველ ნაბიჯებს ვიხსენებ, ყოველთვის გული მიჩუყდება და მეტირება. ვფიქრობ, სწორედ ამგვარი ემოციები ადასტურებენ, რომ ფუჭად არ დაგვიხარჯავს 30 წელი და მართლაც კარგ შედეგს მივაღწიეთ. პირადად ჩემთვის შედეგი – რაღაცის შეცვლას ნიშნავს, „ბასტი-ბუბუმ“ კი, ნამდვილად შეცვალა ბავშვების ცხოვრება. სიმართლე ვთქვა, ცოტა შემეშინდა როცა პირველად გავაცნობიერე რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა „ბასტი-ბუბუს“ ბავშვებზე, მათ ქცევაზე, გემოვნებასა და ცხოვრების წესზე.
– როგორ დაახასიათებთ ბასტის და ბუბუს?
– ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. თავიდან ბასტი და ბუბუ ბიჭები იყვნენ, ბუბუ დინჯი და სერიოზული პერსონაჟი იყო, ბასტი კი, პირიქით მხიარული და თავქარიანი, რომელიც მუდმივად ოინებს უწყობდა ბუბუს, თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ თავისი ხასიათით ბასტი გოგოს უფრო ჰგავდა, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა და მუდმივად უჩხიკინებდა ბუბუს, ამიტომ ანიმაციურ პერსონაჟებზე მუშაობისას მისი შეცვლა გადავწყვიტე, რაც არც ყურადღებიანმა მაყურებელმაც შეამჩნია, თუმცა ჩვენ თავგამოდებით ვამტკიცებდით, რომ ბასტი თავიდანვე გოგოს პერსონაჟად იყო ჩაფიქრებული. ძალიან გაგვიმართლა, როცა მულტიპლიკატორი კახა გვარამია გავიცანით, რომელმაც პრაქტიკულად საკუთარ თავში გაერთიანა დისნეის მთელი სტუდია, დამოუკიდებლად შექმნა ჩვენი პერსონაჟები და ახლაც აქტიურად მუშაობს ჩვენს პროექტებზე.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– მართალია, „ბასტი-ბუბუ“ სატელევიზიო პროექტად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ახლა, როცა ტელევიზიამ საკუთარი თავი ამოწურა და ადგილი ინტერნეტს დაუთმო, ვფიქრობ, ჩვენც უნდა მოვსინჯოთ შესაძლებლობები ამ სფეროში. ძალიან გვინდა საბავშვო ქალაქის შექმნა და მისი განვითარება. ალბათ იცით, რომ შალვა ამონაშვილის ოჯახში ვცხოვრობ, ამიტომ მნიშვნელოვნად მიმაჩნია მისი ჰუმანური პედაგოგიკის გამოცდილების გაზიარება. ზოგადად, ჰუმანური პედაგოგიკა მსოფლიო მასშტაბის მოძრაობაა, რომლის მეთოდების გამოყენებით ბევრმა ქვეყანამ შექმნა საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამა. ცოტა ხნის წინ ახალ პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, რომელშიც ჩემი მეუღლეც აქტიურად ჩაერთო და სავარაუდოდ „ცხოვრების რეპეტიცია“ დაერქმევა, რადგან ჩვენ არა გაკვეთილებს შევთავაზებთ ბავშვებს, არამედ ნამდვილ ცხოვრებას, რომელიც პატარებს ცოდნასთან ერთად გამოცდილების შეძენის საშუალებასაც მისცემს. სხვათა შორის, კახეთში, წინანდალთან ახლოს უზარმაზარი კარ-მიდამო გვაქვს, სადაც მეხუთე წელია საცდელ რეჟიმში მუშაობს ექსპერიმენტული ქალაქი „მზიანეთი“ და სიამოვნებით მასპინძლობს უცხოელ ოჯახებს. ყოველ ეტაპზე, რომელიც ცხრა დღე გრძელდება, საშუალოდ 200 ადამიანი გროვდება, უფროსები ბავშვებს უთმობენ საკუთარ ადგილს და თვითონ სკოლაში სწავლობენ, პატარები კი, მათ ნაცვლად მუშაობენ. ძალიან ეფექტური აღმოჩნდა როლების ამგვარი გაცვლა, რადგან მშობლებმაც და ბავშვებმაც უკეთ გაუგეს ერთმანეთს, საკუთარ თავზე გამოცადეს ერთმანეთის პრობლემები და ის სირთულეები, რომელთა დაძლევაც ყოველდღე უხდებათ. მართალია, მეტად მასშტაბური, ამბიციური პროექტია, თუმცა იმედი მაქვს შევძლებთ იმ ახალგაზრდების მოძიებას, ვინც ახალი ტიპის პედაგოგობას მოისურვებს და იმ პრობლემების გადაჭრაში დაგვეხმარება, რომელთა წინაშეც თანამედროვე ბავშვები აღმოჩნდნენ.
– რამდენად იცნობენ „მზიანეთს“ ქართველი მშობლები და როგორ გეგმავთ მის პოპულარიზაციას?
– წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან ჯერ ინფრასტრუქტურაა მოსაწესრიგებელი. მართალია, ახლაც აქტიურად მიდის მშენებლობა, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, როდის დავასრულებთ, რადგან სპონსორების გარეშე მხოლოდ მოხალისეების შეწირულობის ხარჯზე ვმუშაობთ. რამდენიმე წლის წინ გარკვეული თანხა მივიღეთ მშენებლობისთვის, ახლა პარლამენტის კოშკს ვაშენებთ, პირველ სართულზე კი, მერია მოეწყობა, სადაც ბავშვები თვითონ აირჩევენ საქმიანობის სასურველ სფეროს და სწორედ სამსახურის სპეციფიკის გათვალისწინებით შეისწავლიან ზოგად საგნებს.
– მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, რა პრინციპით ირჩევთ თანამშრომლებს?
– საქმე თვითონ იზიდავს ადამიანებს. ჩვენთან მხოლოდ ის ადამიანები მუშაობენ, ვისაც საკუთარი საქმე და ბავშვებთან ურთიერთობა უყვარს, რადგან მაღალ ხელფასს და ფინანსურ კეთილდღეობას ნამდვილად ვერავის შევპირდებით.
ბლიცკითხვები –
– რა შემთხვევაში ამბობთ საყვარელ ფრაზას „მე ბედნიერი ვარ“?
– როცა ძალიან მიჭირს.
– რაზე ფიქრობთ ახლა?
– ძალიან მომწონს თქვენთან სტუმრობა.
– საყვარელი საბავშვო სიმღერა?
– „თუ, თუ, თუ“.
– როგორი კულინარი ბრძანდებით?
– ვფიქრობ, კარგი, რადგან ძალიან მიყვარს განსხვავებული გემოების გაერთიანება და კერძების ლამაზად გაფორმება.
– რამდენად გრჩებათ დრო თქვენი პირველადი პროფესიისთვის – მხატვრობისთვის?
– ყოველ ახალ პროექტს ჯერ ვიზუალურად ვხედავ, მერე დეტალებში ვხატავ, რადგან სწორედ ასე ჩნდება ახალი იდეები.
– სად ისვენებთ ყველაზე კარგად?
– აბაზანაში.
– ვის თვლით საუკეთესო მრჩევლად?
– ჩემს მეუღლეს.
– მოსმენა უფრო გიყვართ თუ საუბარი?
– რა თქმა უნდა, საუბარი.
– რა საჩუქარი გახარებთ ყველაზე მეტად?
– ძალიან მიყვარს, როცა მისმენენ, სწორედ ესაა ჩემთვის საუკეთესო საჩუქარი.
– რომელ პროფესიაში მოსინჯავდით საკუთარ თავს?
– სიამოვნებით ვიქნებოდი მზარეული.
– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?
– თქვენ დაგხატავდით, რადგან ძალიან გიხდებათ წითელი კაბა და საოცრად შთამბეჭდავად გამოიყურებით. როგორც ჩანს, წითელი ფერი ზუსტად ერგება თქვენს აურას და ზუსტად გამოხატავს თქვენს სითბოსა და ყოველთვის ხალისიან განწყობას.
– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?
– ვფიქრობ, მთავარი ბედნიერების სურვილია. შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ბევრს საერთოდ არ უნდა იყოს ბედნიერი, რადგან მუდმივად პრობლემებს იგონებს, ხან ავადაა, ხან ცუდ ხასიათზე და გამუდმებით წუწუნებს. ბედნიერებას ხელშეწყობა სჭირდება, რადგან მხოლოდ ისაა ბედნიერი, ვისაც გულწრფელად აქვს ამის სურვილი.