პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაოდ სანაცვლოდ საპატიმროს დატოვებისკენ მოუწოდებს და მიიჩნევს, რომ “როდესაც ევროკავშირი შენი გირაოს თანხას იხდის, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ შენ “ბანდიტად,” “ხულიგნად” და კრიმინალად კი არ მიგიჩნევენ, არამედ მიგიჩნევენ ადამიანად, რომელიც ციხეში არ უნდა იჯდეს.”
როგორც ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როცა ევროკავშირის შეთავაზებაზე უარს ამბობ, ნიკა მელიამაც და „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ ამნისტიაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. “გირჩის” ლიდერის თქმით, მას არ ჰგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას” გულწრფელად აწუხებს ამნისტიის შედეგად მიღებული შედეგი.
“გამომდინარე იქიდან, რომ ეს ხალხი გულწრფელი რომ იყოს, ამნისტია ამ პრობლემის მოსაგვარებლად მეორე გზა იყო. პირველი გზა იყო ძალიან საპატიო, იმდენად საპატიო, რომ ჩემი აზრით, სამყაროში ნებისმიერი პატიმარი გარეთ სიამაყით გამოვიდოდა.
როდესაც ევროკავშირი იხდის შენი გირაოს თანხას, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ შენ “ბანდიტად”, “ხულიგნად” და კრიმინალად კი არ მიგიჩნევენ, არამედ მიგიჩნევენ ადამიანად, რომელიც ციხეში არ უნდა იჯდეს. როცა ამაზე უარს აცხადებს, ჩემი აზრით, ნიკა მელიაც და „ნაციონალური მოძრაობაც“ ამ ამნისტიაზე პასუხისმგებლობას იღებენ.
ამ შეთანხმების ამბავი იყო – ან ერთი ან მეორე გზა უნდა აგვესრულებინა. პირველის აღსრულება ვერ ხერხდება თავად ნიკა მელიას და „ნაციონალური მოძრაობის” ბრალით, შესაბამისად, მეორე გზაზე სხვა პოლიტიკური პარტიების, მათ შორის, ხელისუფლების დამუნათება არაგულწრფელი ქმედება მგონია. ასეთ ქმედებებს ქვეყნის ინტერესები არ უნდა გადავაყოლოთ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, მას ზოგადად არ მოსწონს, რომ “იმ საქმეს, რომელიც შესაძლოა, მარტივადაც მოგვარებულიყო, ამნისტიით ვაგვარებთ, მაგრამ თუ ამას ამნისტიით ვაგვარებთ, შესაძლოა, ეს ოპოზიციის არჩევანი არ იყოს როგორ მოხდება და ხელისუფლებამ ეს ისე განმარტოს, როგორც ზოგადად განიმარტება ხოლმე.”
“აქამდე რომ არ მივიდეს საქმე, მოვუწოდებ ნიკა მელიას გამოვიდეს იმ ძალიან საპატიო პირობით, რომელიც ევროკავშირის მიერაა შეთავაზებული“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
