ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ დაპირისპირებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეხმაურება და აცხადებს, რომ „როცა გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ „ნაცი“ და „ჯაშუში“, ამას თმენით უნდა შეხვდე, რაც ვერ მოითმინა გიორგი გახარიამ და მიიღო პასუხი“.
კობახიძის განცხადებით, „გიორგი გახარიამ წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც უპასუხოდ არ დარჩა“.
„ხშირად საუბრობენ ხოლმე პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე. არ ვიცი ეს როგორ არის პოლიტიკოსებთან მიმართებით, ჩემი შეხედულება მაქვს ამაზე, მაგრამ, როცა ხარ „ნაცი“ და როცა ხარ „ჯაშუში“ , იქ ნამდვილად გაქვს შენ თმენის ვალდებულება. როცა გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ „ნაცი“, ხარ „ჯაშუში“, ამას თმენით უნდა შეხვდე. ეს ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი ამასთან დაკავშირებით. მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა, ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ, ნუ, ბუნებრივია, გასაგებია, იყო რეაქცია ამასთან დაკავშირებით. როცა ხარ „ჯაშუში“ და როცა ხარ „ნაცი“, შენ გეკისრება თმენის ვალდებულება“, – განაცხადა კობახიძემ.
გახარია: „დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ“
ცნობისთვის, გუშინ, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ. ექიმის თქმით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.