იმ ფონზე, როცა რამდენიმე დღეში, HBO-ს საკულტო სერიალი, ,,სამეფო კარის თამაშები” ეკრანებზე ფინალური სეზონით ბრუნდება, ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სანახაობრივი შოუ, მაყურებლისთვის კიდევ უფრო დამაინტრიგებელი ხდება.
ახლახან, ჯიმი ფელონის გადაცემას, სერიალში არია სტარკის როლის შემსრულებელი, მეისი უილიამსი სტუმრობდა, რომელმაც მისთვის მოულოდნელად შოკისმომგვრელი სპოილერი გაამხილა.
“როცა გავიგე, რომ არია კვდება“, – წამოცდა 21 წლის მსახიობს, რაზეც აღელვებულმა უცებ პირზე ხელები მიიფარა.
სერიალში მონაწილეებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ თუ რომელიმე მათგანი შოუს შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს, სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს.
ამ ფაქტის გათვალისწინებით, ინგლისელ ვარსკვლავს სერიოზული პრობლემები ელოდა, თუმცა გაირკვა, რომ ეს ყველაფერი საპირველაპრილო ხუმრობა იყო, რისი დადგმაც ფელონსა და უილიამსს შესანიშნავად გამოუვიდათ.
შეგახსენებთ, რომ HBO ,,სამეფო კარის თამაშების” უკანასკნელი ნაწილის ჩვენებას 14 აპრილიდან დაიწყებს.