LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა მხოლოდ შვილების გამოკვებაზე გიწევს ფიქრი, ძალიან რთულია იქ რაიმე ღირებულის შექმნაზე იფიქრო – თამრიკო ჭოხონელიძე სტუმრად ,,წარმატების ფორმულაში”

17
tamarjoxonelidze2015

გადაცემის ლაივი LIVE

22 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ მომღერალი, პიანისტი და მუსიკათმცოდნე თამრიკო ჭოხონელიძე სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ კარიერასა და მუსიკის სიყვარულზე ისაუბრა.

1973-1978 წლებში ქალბატონი თამარი ცნობილი საბავშვო ანსამბლის „მზიურის“ რიგებში ირიცხებოდა, 1981 წელს კი, თბილისის ფილარმონიის სოლისტი გახდა. მიღებული აქვს ფესტივალის „თბილისური გაზაფხული“ წლის საუკეთესო შემსრულებლის, ასევე სამი თაობის საუკეთესო შემსრულებლის წოდება. 1998 წელს ჭოხონელიძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, 2016 წელს კი, მისი ვარსკვლავი გაიხსნა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ.

– ქალბატონო თამარ, როდის გადაწყვიტეთ მუსიკოსობა?

– გაცნობიერებული გადაწყვეტილება უკვე ზრდასრულმა მივიღე, თუმცა მუსიკის სიყვარული დაბადებიდან თან მსდევს, რადგან მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე, სადაც სიმღერა ყოველთვის დიდი სიხარული იყო, ამიტომ, დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ სიმღერა სიხარულის გარეშე საერთოდ არაფრად ღირს.

– სავარაუდოდ, სწორედ „მზიურში“ ჩამოყალიბდით პროფესიონალად?

– რა თქმა უნდა „მზიურმა“ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში, თუმცა დებიუტი ბევრად ადრე – 4 წლის ასაკში შედგა, როცა საბავშვო ბაღში პუჩინის ოპარაში „ჩიოჩიოსანი“ ბავშვის როლისთვის შემარჩიეს. მართალია, არ მიმღერია, მაგრამ სამუდამოდ შევიყვარე ჯადონსური სამყარო, რომელშიც მცირე ასაკში მოვხვდი. მოგვიანებით დედამ და ბაბუამ ქალბატონ ციცინო ციცქიშვილთან მიმიყვანეს. სწორედ იქ დავდექი სცენაზე პირველად და ძალიან ამაყად შევასრულე რუსული სახუმარო სიმღერა სიყვარულზე. მთელი დარბაზი იცინოდა, მე კი, ძალიან გავრაზდი, რადგან მთელი გულით ვმღეროდი და არა სიცილს, არამედ აპლოდისმენტებს ველოდი.

– ალბათ ბავშვობიდან მუსიკოსობაზე ოცნებობდით, თუ სხვა პროფესიის არჩევას ნატრობდით?

– ძალიან მინდოდა ექიმობა, ამიტომ დღესაც ხშირად ვხედავ სიზმარში პაციენტებს, რომლებიც ჩემს გარშემო არიან შეკრებილი, მე კი ვეფერები მათ და ვამშვიდებ. სხვათა შორის, ექიმობაზე ოცნება საკმაოდ დიდხანს გამომყვა, უკვე შვილები მყავდა, თუმცა სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარების ვნატრობდი. მართალია, სურვილი ვერ ავისრულე, მაგრამ სამედიცინო ლიტერატურას მაინც ყოველთვის ინტერესით ვეცნობი, ამასთანავე, არც ალღო მღალატობს არასდროს, არც ინტუიცია, ამიტომ ახლობლებიც ხშირად აღნიშნვენ, რომ აუცილებლად ექიმი უნდა გავმხდარიყავი.

– თამამი განცხადებების და საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირების გამო ბევრჯერ გამხდარხართ განხილვის ობიექტი. რას ნიშნავს თქვენთვის პირდაპირობა?

– პირველ რიგში თვითრწმენას, რადგან პირდაპირობისას ყოველთვის კარგად ნაფიქრი გიმაგრებს ზურგს. სწორედ ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ შეგიძლია საკუთარი აზრის ღიად და თამამად გამოთქმა. თუმცა, პირდაპირობას საზოგადოების თავდასხმაც თან ახლავს, მით უფრო საქართველოში, სადაც არასდროს ვინდობთ ერთმანეთს. პირველად მსგავსმა თავდასხმამ შოკში ჩამაგდო, რადგან ვერ მივხვდი რა საჭირო იყო ჩემი ლანძღვა, როცა მე მხოლოდ საკუთარ აზრი გამოვთქვი და ნამდვილად არ მქონია პრეტენზია, თითქოს აუცილებლად მართალი ვიყავი.

– როგორ ფიქრობთ, რამდენად პრიორიტეტულია კულტურის სფერო დღევანდელი მთავრობისთვის?

– მემგონი საერთოდ არ ახსოვთ. ალბათ, მათ, ვისაც კულტურის მიხედვა  ხელეწიფება, ქვეყანაში არსებულმა სიტუაციამ დაავიწყა ეს სფერო დიდი ხნით. სხვათა შორის, ერის განადგურება სწორედ ხელოვნების, კულტურის განადგურებით იწყება და წარმოდგენა არ მაქვს რატომ არ ფიქრობს ეს ხალხი ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რადგან თავისუფლად შეიძლება დაინგრეს ის, რაც ასე რუდუნებით მოიტანეს წინა თაობებმა ჩვენამდე. სამწუხაროდ, ჩვენსა და ხელისუფლებას შორის დიდი ხანია კომუნიკაცია არ არსებობს, რათა გავაგებინოთ მაინც ჩვენი გულისტკივილი.

– თქვენი აზრით, რა სჭირდება ხელოვნებას ყველაზე მეტად?

– რა თქმა უნდა, სიმშვიდე და შესაბამისი გარემო. როცა მხოლოდ შვილების გამოკვებაზე გიწევს ფიქრი, ძალიან რთულია იქ რაიმე ღირებულის შექმნაზე იფიქრო. მართალია, შედევრები ყოველთვის სირთულეების, დიდი გამოწვევების დროს იქმნება, მაგრამ იმ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ ვართ, შედევრი კი, არა რიგითი ქმნილება, მიღწევაც საკმარისი იქნებოდა. არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ ადამიანების არსებობა, ვისაც სწორად შეუძლია ხელოვნების შეფასება და დაფასება.

– რა სიახლეა თქვენს სკოლაში?

– მართალია, ძალიან რთული პერიოდია, მაგრამ ჩვენ არც გვიფიქრია მუშაობის შეჩერება, რადგან ვფიქრობ, სწორედ ჩვენ – მცირე სტუდიებმა და სასწავლებლებმა უნდა ვიყოჩაღოთ, სხვა შემთხვევაში ძალიან ბევრს დავკარგავთ. რა თქმა უნდა, ჩვენც ონლაინ- რეჟიმზე გადავედით, რაც თავიდან საკმაოდ რთული მომეჩვენა, თუმცა არა მხოლოდ ჩემმა დებმა, დედამაც ძალიან სწრაფად აუღო ალღო. ცოტა ხნის წინ ერთმა მოსწავლემ მითხრა, ძალიან მომენატრა თქვენთან ჩახუტებაო, სამწუხაროდ, უშუალო კონტაქტი ახლა ნაკლებად გვაქვს ბავშვებთან, მაგრამ სულ არაფერს ისევ ონლაინ-გაკვეთილები ჯობია.

– რა გეგმები გაქვთ 2021 წელს, როდის გაახარებთ თაყვანისმცემლებს სოლო კონცერტით?

– ყოველთვის დიდი სიფრთხილით ვეკიდები სოლო კონცერტებს, რადგან 2-3 წელიწადში ამგვარი ღონისძიების მოწყობა არასერიოზულად მიმაჩნია. მართალია, საზოგადოება მონატრებულია კულტურულ ცხოვრებას, სპექტაკლებს და კონცერტებს, მაგრამ ჯერ სიტუაციის დარეგულირება, დამშვიდებაა საჭირო. არ ვიცი, მაგრამ რატომღაც მჯერა, რომ სწორედ 2021 წელი იქნება ჩვენი შემოქმედებითი გზის გახსნის წელი, როცა მშვიდ გარემოში შევძლებთ განვითრებას.

– უზარმაზარი გამოცდილების ფონზე, რითი ამაყობთ ყველაზე მეტად?

– ოთხი მასშტაბური კონცერტი მოვაწყვე და რა თქმა უნდა, ყველა მეამაყება, მაგრამ ყველაზე ამაყი მაშინ ვიყავი, როცა მამასთან ერთად დავდიოდი ექსპედიციაში. მე ფოლკლორისტი მუსიკათმცოდნე ვარ, ამიტომ ყოველთვის დიდი ბედნიერება იყო, როცა ჩემს თვალწინ იბადებოდა ნამდვილი შედევრი. სხვათა შორის სერიოზული ბარიერი შემიქმნა „აკვნის ნანამ“, ჯანსუღ კახიძის „იავნანაზე“ მუშაობისას, რადგან უკვე მოსმენილი მქონდა ნამდვილი ნანა, რომელსაც გლეხის ქალი ასრულებდა და ყოველ ჯერზე განსხვავებულად გამოსდიოდა.

– შეძელით ექსპედიციებში შეძენილი გამოცდილების გამოყენება?

– რა თქმა უნდა, ძალიან გამომადგა. პირველ რიგში სწორად შეფასება ვისწავლე, რადგან ნამდვილი და საუკეთესო უკვე მოსმენილი მაქვს.

– ყველაზე მეტად რომელ კომპოზიტორთან მოგწონთ მუშაობა?

– სიამოვნებით ვიმუშავებდი ბატონ რეზო ლაღიძესთან. ერთ დღეს ძველი პიონერთა სასახლიდან მე, ეკა კახიანი და ქეთი ფირცხალავა სტუდიაში წაგვიყვანეს, სადაც  კეთილმა ბაბუმ გვერდზე დამისვა, ბევრი გვეფერა, მერე კი, სიმღერა გვასწავლა, რომელიც ფილმისთვის „ჩაძირული ქალაქის მაძიებლები“ შეიქმნა. სწორედ რეზო ლაღიძე იყო ის კეთილი ბაბუ, თუმცა მაშინ ნამდვილად არ ვიცოდი. თანამედროვე კომპოზიტორებიდან თითქმის ყველასთან მაქვს მუშაობის გამოცდილება, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ერთნაირად სასიმოვნო იყო, რადგან არ მიყვარს, როცა მეუბნებიან, როგორ ვიმღერო და არ მაძლევენ ინდივიდუალურობის გამოვლენის საშუალებას.

– რას აფასებთ ყველაზე მეტად მაყურებელში?

– ყოველთვის ზუსტად ვგრძნობ, რამდენად ინტელექტუალური პუბლიკაა შეკრებილი. საკმაოდ მწირი რეპერტუარი მაქვს, რადგან აქცენტს ყოველთვის ინტელექტუალურ მუსიკაზე ვაკეთებ, რომელიც ბევრისთვის უცხოა და მოსმენაც არ უნდა. სწორედ ინტელექტუალური მსმენელი მიყვარს, რომელიც მზადაა ჩემს მოსასმენად და მათ დიდ სიყვარულს, ჩემს მიმართ პატივისცემას ვაფასებ.

– სად ისვენებთ ყველაზე კარგად?

– რა თქმა უნდა, სახლში.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ძალიან სწრაფად.

ბლიცკითხვები:

– თქვენი სამაგიდო წიგნი?

– ძალიან მიყვარს ვაჟა-ფშაველას შემოქმედება.

– საყვარელი კომპოზიტორი?

– ბევრი, სრულიად განსხვავებული კომპოზიტორი მიყვარს.

– სიმღერა, რომელსაც სამზარეულოში ღიღინებთ?

– კონკრეტული სიმღერა არ მაქვს, რადგან ზოგადად მელოდიას ვეთაყვანები და რადგან მელოდიამ აკვიატება იცის, ამიტომ ხან ერთს ვღიღინებ, ხან მეორეს.

– ქალაქი, სადაც ყველაზე მეტად მოგწონთ ფეხით სეირნობა?

– რომი.

– ხართ თუ არა გურმანი, მოგწონთ იტალიური სამზარეულო?

– ძალიან მომწონს, თუმცა არა ხორცის კერძები, რადგან ვეგეტარიანელი ვარ.

– რას ნიშნავს თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი?

– ზუსტად იმას, რასაც არ ვაკეთებ. ჯანსაღი ცხოვრება პირველ რიგში კარგი ძილია, რომელიც არ მაქვს და სწორი კვება, რასაც ყოველთვის ვერ ვახერხებ.

– რა გხიბლავთ და რა გაღიზიანებთ ადამიანში ყველაზე მეტად?

– მხიბლავს გულწრფელობა, მაღიზიანებს – სიყალბე.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– რა სასიამოვნოა კარგ ადამიანებთან ურთიერთობა.

– რა სთხოვეთ თოვლის ბაბუას?

– ალბათ ყველამ ერთიდაიგივე სურვილი ჩავიფიქრეთ, რადგან ყველას ბედნიერი 2021 წელი უნდა. მართალია, პანდემიამ მთელი მსოფლიო დათრგუნა, მაგრამ ქართველები პირველ რიგში საკუთარი უგუნურებით ვითრგუნებით, ამიტომ ვისურვებდი, რომ ეს წელი საქართველოსთვის ყოფილიყოს განსაკუთრებით იღბლიანი.

– რა მთვარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– მუდმივად უნდა შეეძლოს საკუთარი თავის ძიება, რაც ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაეხმარება და საკუთარი თავის გვერდიდან დანახვის უნარი უნდა ჰქონდე. ძალიან მნიშვნელოვანია შრომისუნარიანობა და პასუხისმგებლობა არჩეული საქმის მიმართ, თუმცა, არც ცოტა იღბალი აწყენდა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები