რუსეთ – უკრაინის კონფლიქტის ფონზე, საქართველოში რუსებისა და ბელარუსების შემოდინება სულ უფრო მზარდია. კერძო სექტორში იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც მათ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას შეიძლება მოჰყვეს.
„საქმის კურსის“ ეთერში, „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ვატო ასათაშვილმა თქვა, რომ რუსი ე.წ ტურისტები საქართველოს და სომხეთს იყენებენ, როგორც კიბერ პლაცდარმს პუტინისტური იდეების გავრცელებისთვის. მისივე განმარტებით, უამრავი ახალგაზრდა, რომელიც აგრესორი ქვეყნიდან ჩამოდის, სწორედ კიბერ და IT მიმართულებებით მუშაობს, რაც რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.
გარდა ამისა, ასათაშვილი მიიჩნევს, რომ „მაშინ როცა რუსეთი ბომბავს უკრაინას, ათასობით ადამიანი იღუპება, აგრესორი რუსეთისგან და ბელარუსისგან რაიმე სარგებლის მიღება უბრალოდ ამორალურია“.
„ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საზღვარზე კონტროლის გამკაცრება. „ამის ნაცვლად ვხედავთ ხელ გაშლილ პოლიტიკას რუსი ე.წ ტურისტების მისამართით, ისინი ტურისტები არ არიან, ეს არის ე.წ რბილი ძალა“ – განაცხადა ვატო ასათაშვილმა „საქმის კურსთან“.