LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა ვამოწმებთ, ჩავკეტეთ თუ არა საკეტი, გამოვრთეთ თუ არა სინათლე, გაზქურა და ა.შ” – თამარ ალადაშვილი განმარტავს, როდის არის ეს ნორმა და როდის, გადახრა

1013
თამარ ალადაშვილი განმარტავს, როდის არის ეს ნორმა და როდის, გადახრა

„ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ სათემო სერვისის ხელმძღვანელმა, ფსიქიატრმა თამარ ალადაშვილმა გადაცემაში „სტუმრად ექიმთან” განმარტა, რას ნიშნავს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა და როდის არის ის საყურადღებო:

„ობსესიები განიმარტება, როგორც განმეორებადი, აკვიატებული, შემაწუხებელი აზრები, ხოლო კომპულსიების განმარტება არის განმეორებადი, შემაწუხებელი ქმედებები, რომელიც მოსდევს ან არ მოსდევს (გააჩნია მდგომარეობას) ზემოთ აღნიშნულ შემაწუხებელ აზრებს.დღესდღეობით, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დიაგნოზს ბევრი თავად ისვამს ხოლმე და არ ვიცი, რატომ გახდა ასეთი პოპულარული საკუთარი თავის ე.წ. „ლეიბლინგი“ სხვადასხვა დაავადებებით. ნუ დაუსვამთ საკუთარ თავს დიაგნოზს.

შეიძლება, ადამიანს ცალკეული, იზოლირებული სიმპტომის სახით აწუხებდეს ობსესია და შეიძლება, რამდენიმე სახის ობსესიაც ჰქონდეს, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, გავავლოთ ზღვარი დარღვევას, აშლილობასა და სიმპტომის ქონას შორის. ყველა სადიაგნოსტიკო სახელმძღვანელოს მიხედვით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც აშლილობის დიაგნოზი ისმება, ეს არის დისფუნქცია, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიულში და ზოგადად, ცხოვრების რამდენიმე სფეროს დაზიანების და დაშავების მიხედვით, რაც სიმპტომთა არსებობის გამო ხდება.

ავადმყოფობის შიში, აკვიატებები და შფოთვა – თამარ ალადაშვილი შფოთვით აშლილობასა და დეპრესიის დიაგნოზზე

სტუდენტები ხშირად მეკითხებიან,  ძალიან ხშირად ვამოწმებ კარს, გადავკეტე თუ არა და არის თუ არა ეს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობაო და ამიტომ არის მნიშვნელოვანი გავავლოთ ხაზი. შეიძლება, მე წესრიგის ობსესია, ანუ ყველაფრის მოწესრიგებულად დაწყობის აკვიატებული აზრები მქონდეს, მაგრამ განვმარტოთ, თუ როდის არის ეს აშლილობა და როდის არ არის… თუ ამ ჩემი პირადი ნივთების ორგანიზება და მაგიდაზე დაწყობა იმდენ დროს არ მართმევს, რომ არ მაგვიანებს სამსახურში, პაემანზე, არ მიცვლის რაღაცას ძალიან უარყოფითად, ამ შემთხვევაში მე შემიძლია, ძალიან მშვიდად ვიცხოვრო ჩემს ობსესიასთან ერთად, მაგრამ მაგალითად, თუ მე ეს ყველაფერი მაგვიანებს გამოცდაზე, რადგან მგონია, რომ სანამ იმ რიტუალს არ დავამთავრებ, გამოცდას ვერ ჩავაბარებ, ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს აშლილობაა.

რაც შეეხება ობსესიის სახეობებს, ობსესიის გავრცელებული ფორმებია, მაგალითად, კონტამინაციის, დაბინძურების აკვიატებული შიში. გვეშინია, რამეს რომ შევეხებით, რამე ინფექცია არ გავრცელდეს ორგანიზმში, რასაც, როგორც წესი, მოსდევს ხოლმე კომპულსია, ანუ აკვიატებული ქმედება, ან სანიტაიზერის ზღვარგადასული ხმარების სახით ან ხელების გაუთავებლად დაბანის სახით. ხშირია ასევე, როგორც წეღან ვახსენე, ნივთების სპეციფიკურად დაწყობის, მოწესრიგების აკვიატებები, გადამოწმების და შემოწმების ობსესიები, როცა ვამოწმებთ ჩავკეტეთ თუ არა საკეტი, გამოვრთეთ თუ არა სინათლე, გაზქურა და ა.შ. , რაც მეტ-ნაკლებად, შედარებით უვნებელია. ობსესიების ყველაზე ცუდი ვარიანტი ეს არის რელიგიური შინაარსის ობსესიები, მაგალითად, როცა ადამიანს უჩნდება აზრი, ლოცვის დროს რაიმე არ წამოსცდეს ან ფიქრად არ გაივლოს და ამით ცოდვა არ დაიმატოს და ინტრუზიული, შემოჭრილი, თავსმოხვეული უსიამოვნო აზრები, რომ რაიმე ამორალური ან არალეგალური არ ჩაიდინოს. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს, როგორც წესი, კომპულსიები არ მოჰყვება ხოლმე, მაგრამ ეს იმდენად მტანჯველია ადამიანისთვის, რომ სასურველია ამ დროს სპეციალისტს მიმართოს” – განაცხადა თამარ ალადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g