„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ 21 წლის წინ დაწერილი ჩემი სიმღერით ჰოლივუდის რეჟისორები დაინტერესდებოდნენ. სიმღერა ფილმის ერთ-ერთ კადრში, 1 წუთის და 45 წამის განმავლობაში გაიჟღერებს, თანაც, ქართულ ენაზე“ – ამის შესახებ მომღერალმა, ზაზა ხუციშვილმა „კვირის პალიტრას“ უთხრა.
ინფორმაცია, რომ ქართველი შემსრულებლის, ზაზა ხუციშვილის სიმღერა „უღრუბლო ცა”, ახალ ჰოლივუდურ ფილმში „ალარუმი“აჟღერდება, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
ფილმში, რომელშიც მთავარ როლს სილვესტერ სტალონე ასრულებს, ჰოლივუდის სხვა ცნობილი ვარსკვლავებიც მონაწილეობენ.
როგორ შეიქმნა ჯგუფ „ვაკის პარკის“ პოპულარული კომპოზიცია – „უღრუბლო ცა”, როდის დაინტერესდა ჰოლივუდი და 21 წლის წინ, როდესაც ამ სიმღერას წერდა, უფიქრია თუ არა, რომ ის ამერიკულ ფილმში მოხვდებოდა? – მომღერალი უდიდეს წარმატებაზე „კვირის პალიტრასთან” საუბრობს.
სილვესტერ სტალონეს ახალ ფილმში ზაზა ხუციშვილის მუსიკა აჟღერდება: „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჰოლივუდის ასეთი დიდი მასშტაბის პროექტში გაჟღერდება ქართული სიმღერა…“
ქართველი მუსიკოსის, ზაზა ხუციშვილის სიმღერა „უღრუბლო ცას“ გაჟღერებული იქნება ფილმში „ალარუმი“, რომელშიც მთავარ როლს ცნობილი მსახიობი, სილვესტერ სტალონე თამაშობს.
მომღერალი ამბობს, რომ წარმატების მოსაპოვებლად, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა აუცილებელია, თუმცა იღბალი არანაკლებ როლს ასრულებს:
„რა თქმა უნდა, არსებობს [ახდენილი ოცნებებიც] და ცხოვრება სწორედ ამით არის საინტერესო. სწორედ ამის დასტურია ჩემი სიმღერა და მისი ისტორია: ორი თვის წინ, ჩემი ამერიკელი კოლეგა დამიკავშირდა, რომელიც მუსიკოსია, მან მითხრა, რომ მის მეგობარს აქვს კომპანია, რომელიც ფილმებისთვის მუსიკის მოძიებაზე მუშაობს. სწორედ ასე მოხვდა ჩემი რამდენიმე სიმღერა ახალი ფილმის შესარჩევ სიმღერებს შორის.
ალბათ, მკითხველი დაინტერესდება, რა მოთხოვნები ჰქონდათ და რა კრიტერიუმით შეარჩიეს „უღრუბლო ცა” – მათ აღმოსავლეთ ევროპიდან სჭირდებოდათ მუსიკალური ჯგუფი, რამაც ჩემი შანსები გაზარდა, თუმცა აღმოსავლეთ ევროპაში უამრავი კარგი ჯგუფია. დარწმუნებული ვარ, რომ მათ შესარჩევად არა ერთი სიმღერა მიიღეს. კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, რომ მუსიკა არც ძალიან ენერგიული ყოფილიყო და არც ძალიან ნელი. როგორც ჩანს, „უღრუბლო ცამ“ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და გადამღები ჯგუფის ყურადღება მიიქცია…
გავიდა დრო, მე მეგონა, რომ ამ ამბავმა უკვე ჩაიარა და საერთოდ რომ არ ველოდი, ისე მივიღე წერილი, რომლითაც მილოცავდნენ, რომ ჩემი სიმღერა ფილმში უკვე დამტკიცებულია. ბოლოს კი მწერდნენ – გთხოვთ, ელექტრონული ფოსტით გადმოგზავნილ კონტრაქტს ხელი მოაწეროთ და დაგვიბრუნოთო. როცა მიმაგრებული ფაილი გავხსენი და წავიკითხე, საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი: მსახიობებს შორის იყვნენ სილვესტერ სტალონე, კლინტ ისტვუდი და მისი ვაჟი – სკოტ ისტვუდი, უილა ფიცჯერალდი, რომელიც რამდენიმე ფილმში მყავს ნანახი და მშვენიერი მსახიობია – მოკლედ, ეს არის ფილმი, რომელშიც ნამდვილი ვარსკვლავური გუნდი მონაწილეობს…
ამაზე არც მიოცნებია, უფრო მეტიც, კინომუსიკაზე მე არასდროს მიმუშავია და ფიქრშიც კი არ გამივლია, რომ ჩემი რომელიმე სიმღერა ამერიკულ ფილმში მოხვდებოდა. საერთოდ, ვინც კინომუსიკას წერს, ყოველთვის ცდილობს, მისი სიმღერები იქ მოხვდეს, სადაც უფრო დიდი ბაზარია. არა ერთ კომპოზიტორს, რომელიც თავის მუსიკას ფილმებისთვის წერს, სპეციალური განათლება აქვს მიღებული. მე კინომუსიკაზე არასდროს მიფიქრია და რაც მოხდა, ჩემთვის სიურპრიზი იყო“ – ამბობს ზაზა ხუციშვილი.
🎙️ ზაზა ხუციშვილის სიმღერა სტალონეს ახალი ფილმის ერთ-ერთ საუნდტრეკად შეირჩა. ჯგუფ „ვაკის პარკის“ პოპულარული კომპოზიცია…
Posted by კინო სეანსი on ოთხშაბათი, 30 ოქტომბერი, 2024