„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანება Youtube-ზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომლის თანახმადაც, სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტ მარკ ზილბერკვიტთან საუბრისას ადამიანებს, ვინც ვლადიმირ პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა, ნაცისტებს უწოდებს.
ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი პარტია ზურაბ აბაშიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას არ აპირებს. კობახიძის თქმითვე, „პროვოკაციასთან დაკავშირებით პოზიციის და სინანულის გამოხატვა, ჯანსაღი მოვლენაა“.
„რა თქმა უნდა, არავითარ თანამდებობიდან გათავისუფლებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. თავის დროზე აბსოლუტურად მიუღებელი ინციდენტი იყო, რომელიც ხოშტარიამ შეასრულა. ამ ინციდენტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ზურაბ აბაშიძემ, რაც აბსოლუტურად სწორი იყო.
როცა ელენე ხოშტარია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან რუსულ რუბლებს იღებს, პროვოკაციას უწყობს კონკრეტულ ჯგუფს, ეს ორმაგი სტანდარტი და არაეთიკური ქმედებაა. ამაზე ჰქონდა საუბარი ზურაბ აბაშიძეს.
„90 წლის ადამიანისთვის კვერცხებით დევნა ჩვენი ნაციისთვის დამახასიათებელი ღირსების მაჩვენებელი არ არის - პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს“ – ვოლსკი
ვოლსკის თქმით, მიუხედავად მისი პოზნერისადმი ნეგატიური დამოკიდებულებისა, კვერცხებით დევნა ჩვენი ერისა და ნაციისთვის ღირსების მაჩვენებელი არ არის.
თქვენ კითხვები უნდა დასვათ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იღებს ელენე ხოშტარია რუსულ რუბლებს და თან პროვოკაციას აწყობს. ზურაბ აბაშიძე იყო და არის პასუხისმგებელი სავაჭრო ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებზე. ამ პროვოკაციასთან დაკავშირებით, პოზიციას და სინანულს რომ გამოხატავ, ჩვეულებრივი ამბავი, ჯანსაღი მოვლენაა.
ამ პროვოკაციის ორგანიზატორი „ლიაკა რუბლიაკა“ ხოშტარია იყო და ამ პროვოკაციაზე შეიძლება ბოდიშიც მოიხადოს ადამიანმა, იმიტომ, რომ უხეში პროვოკაცია იყო და თან ეს პროვოკაცია მოწყობილი იყო „რუბლიაკა“ ხოშტარიას მიერ, რომელიც რუსულ რუბლებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს.
საქართველოს ხელისუფლებას არასდროს გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით, რომელიც ხელყოფდა ჩვენი სახელმწიფოს, ან ჩვენი საზოგადოების ღირსებას. როცა მიხეილ სააკაშვილი გარბოდა გორში, როცა მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები გარბოდნენ წითელი ხიდიდან, როცა ზურა ჯაფარიძე მივიდა საოკუპაციო ზოლთან, „ტრუსიკი” ჩაიხადა და შიშველი უკანალი რუს სამხედროებს აჩვენა, ეს ქართველი ხალხის ღირსების ხელყოფა იყო, ჩვენ არასდროს გაგვიკეთებია განცხადება, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ღირსებას ხელყოფდა.
ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ ყველაფერ რუსულზე აჟრიალებთ, თუმცა, რატომღაც, ამავე „ნაციონალებს“ არ აჟრიალებთ „ლიაკა“ ხოშტარიას მიერ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ რუსულ რუბლებზე. რატომ არ აჟრიალებთ? იმიტომ, რომ ეს ჟრიალი ხელოვნურია“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ჩანაწერი, რომლის ავთენტიკურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, 2021 წლით არის დათარიღებული. თავად ზურაბ აბაშიძემ „ინტერპრესნიუსთან“ მარკ ზილბერკვიტთან სატელეფონო საუბარი დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ „შინაარსობრივად დაჩეხილი, დამონტაჟებული „ფეიკია“.
