LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა – ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

112
ირაკლი კობახიძე

„პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა“, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრისას განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა, ასევე ხაზი გაესვა უზბეკეთიდან საქართველოში უმაღლესი დონის პირველი ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

„პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ურთიერთობებს თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს და ხელს შეუწყობს პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო განვითარებას.

ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ რეგიონული დაკავშირებადობა და ინფრასტრუქტურის განვითარება ორი ქვეყნის თანამშრომლობის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს.

საუბარი შეეხო შუა დერეფნის, როგორც საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანზიტო მარშრუტის გაძლიერების მნიშვნელობას“, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, დღესვე, საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.

ადმინისტრაციის ცნობით, ერთობლივ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა მოაწერეს.

„ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის ასევე გაფორმდა მემორანდუმები ეკონომიკის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საფინანსო, საბაჟო, განათლების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და უზბეკეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა.

„საქართველო აფასებს პარტნიორობას უზბეკეთთან, რომელსაც არამხოლოდ სანდო და მნიშვნელოვან პარტნიორად, არამედ მეგობრად მივიჩნევთ. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა წლების განმავლობაში სტაბილურად ვითარდება და ერთობლივი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩვენს ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს.

მადლობას გიხდით საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის. სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა პირადად თქვენი მხარდაჭერის შედეგია. ერთობლივი დეკლარაცია არის ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობის დასტური და მყარ საფუძველს უქმნის ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მდგრად განვითარებას პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, სამეცნიერო, ტექნიკური, კულტურული, ჰუმანიტარული და სხვა მიმართულებებით. ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება კიდევ უფრო გაზრდის რეგიონულ სავაჭრო ნაკადებს, ხელს შეუწყობს სატრანსპორტო დერეფნების გამყარებას და ფართო ეკონომიკურ ინტეგრაციას.

გულწრფელ მადლობას გიხდით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

ძალიან შთამბეჭდავია ის წინსვლა და პროგრესი, რასაც უზბეკეთმა თქვენი ლიდერობით მიაღწია. თქვენ გაქვთ ძლიერი ინსტიტუტები, სახელმწიფო სისტემა და ნათელი ხედვა ქვეყნის განვითარების მიმართულებით.

თქვენ სამაგალითო ლიდერი ბრძანდებით და დარწმუნებული ვართ, თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა და მეგობრობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა გაფართოებული მოლაპარაკებების დროს ირაკლი კობახიძემ.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები