LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც ბავშვი კარადიდან ნივთებს ყრის, ის კი არ ურევს, არამედ ეცნობა მათ, ჩვენ კი მას შეცნობას ვუკრძალავთ“ – ბაკურ კოტეტიშვილი

11634
bakurkotetishvili2021

ბავშვთა ნევროლოგმა, პროფესორმა ბაკურ კოტეტიშვილმა “პირველ არხზე“ , მარი მალაზონიასთან სტუმრობისას, ბავშვთა ქცევის თავისებურებებზე ისაუბრა:

„ბავშვი თავისი ბუნებით არის ლაღი და თავისუფალი, მაგრამ მოზრდილები ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე გადმოვიყვანოთ ჩვენს წეს-ჩვეულებებზე, რომ ის უფრო ადვილად სამართავი იყოს. ეს კი იმის გამო ხდება, რომ ჩვენ დისკომფორტი არ შეგვექმნას. ვიგონებთ უამრავ რამეს, ვეუბნებით, რომ ახლა თუ არ ისწავლა, მერე აი, ნახე რა იქნება, რაც ცალსახად არასწორია. პირველი, რაც ძალიან გვიფუჭებს ურთიერთობებს, ესაა აკრძალვები, ნებისმიერ ქმედებაში, ჯერ არის ქმედება და მერე მისი აკრძალვა. თუ ბავშვმა არ იცის ქმედება, როგორ უნდა ისწავლოს აკრძალვა?!.

ძალიან მარტივი ლოგიკით, სანამ ბავშვი დამოუკიდებლად გაივლის, სახლში ხედავს  დედას, რომელმაც დღის განმავლობაში რამდენჯერმე გამოაღო და დახურა კარადა, ჩაატარა უამრავი მანიპულაცია, მათ შორის, ბევრი – გაუთვითცნობიერებლად. ეს დედამ იმდენჯერ გააკეთა, რომ ბავშვს კითხვა აღარ გაუჩნდება, ამ კარადის გაღება შეიძლება თუ არა. ამიტომ, აიდგამს თუ არა ფეხს, აუცილებლად გამოაღებს კარადას და იქიდან ნივთების გამოლაგებას დაიწყებს. ამას ჩვენ არევას ვეძახით, არადა, ის მათ ეცნობა. ჩვენ კი მივდივართ და ვეუბნებით, არ შეიძლებაო. როდესაც ბავშვი კარადიდან ნივთებს ყრის, ის კი არ ურევს, არამედ ეცნობა მათ, ჩვენ კი მას შეცნობას ვუკრძალავთ“,- ამბობს ბაკურ კოტეტიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g