21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება. თემა ექვსი წლის წინ ქვეყნის პრეზიდენტის ოჯახს შეეხო.
ქვეყნის ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა „რუსთავი 2“-თან შვილის, თემო მარგველაშვილის შესახებ საუბრობს.
„ერთად ვთამაშობთ, წიგნებს ვკითხულობთ, ვუყურებთ ფილმებს, მულტფილმებს, ვსეირნობთ. საოცარი ენერგია, რომელსაც ამ მოფერების, სიყვარულის დროს ცუნამის ტალღებივით მოდის. ეს მარტო მე არ აღმომიჩენია, ძალიან ხშირად უთქვამთ. თუმცა, ეს პოზიტიური დისკრიმინაციაც არ მომწონს. აქტიურია, ყოჩაღია და ძალიან დიდ, დადებით პოზიტიურ ენერგიას გვაძლევს.
რა თქმა უნდა, პირველი შეხება სანამ გაიგებ რასთან გაქვს საქმე, ნებისმიერი საკითხი, რაც არ იცი, ცოტა შემაშფოთებელია. სანამ გაარკვევ, როგორ უნდა მართო. მივიღეთ ელექტრონული პასუხი, რომ 21-ე ქრომოსომა ჩვენთანაც არსებობს. რა თქმა უნდა, შევშფოთდი, დავფიქრდი. იყო ეს ჩემთვის გაუგებრობისა და შფოთვის საგანი. თუმცა, ძალიან მალე მივხვდი, რომ ეს განაჩენი არ არის.
აბსოლუტურად შეგიძლია, რომ ამასთან კიდევ უფრო ბედნიერად იცხოვრო. მე შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ცნობიერება ბევრად გაიზარდა. ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ იყო ცოტა მიუღებულობა, შიში. ეს არის გაურკვევლობის ბრალი. ვთვლი, რომ ძალიან მალე დამთავრდება ამ საკითხზე ასეთი, რაღაცა ჩურჩულის მსგავსი მომენტები,“ – ამბობს მაკა ჩიჩუა.
შეგახსენებთ, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.