ვახო ნიკოლავას საავტორო გადაცემის, „წარმატებული ხალხის პოდკასტის“ მორიგი სტუმარი კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი ხელოვნური ინტელექტის (AI) დარგში, ზურა ტუსკია იყო.
გადაცემაში მთავარ განსახილველ თემას ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპები და შრომის ბაზარზე მოსალოდნელი ცვლილებები წარმოადგენდა.
გადაცემის წამყვანმა, ვახო ნიკოლავამ ყურადღება გაამახვილა იმ რეალობაზე, რომლის წინაშეც შესაძლოა საზოგადოება აღმოჩნდეს. მისი თქმით, მალე გვეყოლება ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც აქვს აკადემიური განათლება ისეთ სფეროებში, რომლებიც საერთოდ აღარ იქნება საჭირო.
წამყვანმა ასევე დასვა კითხვა: „რაღაში გვჭირდება კარგი მედიცინა, კარგი წამლები, დიდხანს სიცოცხლე, თუ ერთ დღესაც ადგა [ხელოვნურმა ინტელექტმა] და გადაწყვიტა, რომ აღარ გვჭირდება ეს ადამიანი?“
კომპიუტერული მეცნიერების დოქტორმა, ზურა ტუსკიამ ხელოვნური ინტელექტის კონტროლიდან გასვლის რისკები შეაფასა და აღნიშნა, რომ:
„როდესაც გავა კონტროლიდან ხელოვნური ინტელექტი, იმის შემდეგ პრაქტიკულად შანსი ნოლია ჩვენი გადარჩენის. პირველ რიგში, პრობლემები შეექმნებათ ეგრეთ წოდებულ თეთრი საყელოს პროფესიებს. დღეს რაღაც ნდობა არსებობს ხელოვნური ინტელექტის მიმართ, როგორც ფსიქოლოგის მიმართ.
რაც უფრო ჭკვიანდება ჩვენს კომპიუტერის ეკრანს მიღმა მყოფი ხელოვნური ინტელექტი, მით უფრო ნაკლებ ჭკვიან ადამიანს მოითხოვს ამ კომპიუტერული ეკრანის აქეთ. ის როგორც ძვირადღირებულ პროფესიებს ურტყამს, ურტყამს ასევე ჯუნიორ ლეველს, მაგრამ კითხვა ისმევა – თუ ჯუნიორ ლეველი არ არის, ვინ გადავა სენიორ ლეველზე? AI ვითარდება და ჩვენ ინფორმაცია გვაკლდება მისი შინაარსობრივი ნაწილის შესახებ.“
