ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიკაცია საქართველოს პარლამენტმა ორი კვირის წინ უკვე მოახდინა.
„დღეს უკვე ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ ასევე დაგვიდასტურა, რომ პირველი იანვრიდან ძალაში შევა სრულყოფილად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთის ტერიტორიაზე”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, დღეს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. ჩინეთთან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება იქნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონების, ტექნოლოგიური პარკების და ინოვაციების შესახებ.