LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის გვაქვს საქმე ვირუსული დაავადებების გართულებასთან? – თამარ არღანაშვილი გადაცემაში „სტუმრად ექიმთან”

2673
თამარ-არღანაშვილი

„როგორ განვასხვაოთ გაციება ვირუსული ინფექციისგან, რატომ არ შეიძლება ანტივირუსული პრეპარატების ან ანტიბიოტიკების თვითნებურად მიღება და როდის, რა შემთხვევაში ხდება მათი დანიშვნა, რა სიმპტომების დროს უნდა მივმართოთ დაუყოვნებლივ ექიმს, როგორ უნდა ავირიდოთ გართულებები, როგორ უნდა დავიცვათ თავი ვირუსული ინფექციებისგან, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია…“, – აღნიშნულ თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ „ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრის“ პულმონოლოგმა, თამარ არღანაშვილმა ისაუბრა.

ქალბატონო თამარ, პირველ რიგში, რესპირაციულ ვირუსულ დაავადებებზე მინდა, გკითხოთ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს, მკურნალობა აბსოლუტურად შეესაბამება იმ გაიდლაინებს, რომლითაც დღეს მსოფლიო რესპირაციულ ინფექციებს მართავს და მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა თითქოს გაიაზრა, რომ ვაქცინაცია აუცილებელია, მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილში მაინც საკმაოდ რთულ შემთხვევებს ვიღებთ, თავისი გართულებებით და ეს თემა, თითქოს, ყოველ წელს უფრო და უფრო აქტუალურია. რა არის ამ ყველაფრის მიზეზი?

ახლა, ნამდვილად არის ის სეზონი, როდესაც რესპირაციული ვირუსული ინფექციები ყველაზე აქტუალური და მთელს მსოფლიოში გავრცელებულია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პანდემიის გარეშეც კი, ყოველწლიურად, დაახლოებით,  ადამიანების 15 % ავადდება სეზონური რესპირაციული ვირუსებით და განსაკუთრებით,  ინფლუენზას ტიპის ვირუსებით, ანუ A და B ჯგუფის ვირუსებით, რომელთაგანაც პოპულაციისთვის ყველაზე ცნობილი ქათმის და ღორის გრიპი გახლავთ.

სამწუხაროდ, ისევ აქტუალურია სიკვდილიანობაც, ყოველწლიურად, დაახლოებით, 650 000  ადამიანი იღუპება ამ სეზონური ვირუსული დაავადებებით და მათგან უმრავლესობა გახლავთ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები.

ნამდვილად ლეგიტიმური არის შეკითხვა, რომ თუკი წელს მქონდა ესა და ეს ვირუსი, მომავალ წელს ისევ რატომ უნდა მქონდეს, თუმცა ეს ვირუსები ძალიან ყოჩაღები არიან, მათ ახასიათებთ სახეცვლილების ე.წ. მუტაციის უნარი, ისინი წლიდან წლამდე ისე იცვლებიან, რომ ჩვენი იმუნური სისტემა მათ ვეღარ აღიქვამს, როგორც უკვე ნაცნობ ვირუსს და შესაბამისად, მიუხედავად ვაქცინაციისა, დაავადების გადატანისა, ის ყოველწლიურად ისევ და ისევ ბრუნდება ჩვენთან. ამის ნათელი მაგალითი არის ისიც, რომ სეზონური ვირუსული დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინები ყოველწლიურად იცვლება და მაქსიმალურად ერგება იმ შტამებს, რომლებიც იმ კონკრეტულ წელს ცირკულირებენ.

გამომდინარე იქიდან, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ვირუსები საკმაოდ ვერაგია, მაგალითად, A და B ტიპის ვირუსები, რომელთაც სერიოზული გართულებები ახასიათებთ, ყველაზე მცდარი მიდგომაა, რომ ეს უბრალოდ ვირუსია და თავისით გაივლის, განსაკუთრებით, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების, ხანდაზმულების, ბავშვების შემთხვევაში. ნებისმიერ ვირუსულ დაავადებას სჭირდება დიდი ყურადღება და კონსულტაცია მედპერსონალთან, რომ სერიოზული გართულებები თავიდან ავიცილოთ.

როგორ უნდა განვასხვაოთ გაციება, შეციება რეალური ვირუსისგან, რომელიც შეიძლება, რომ სხვა ადამიანისგან გადაგვედოს?

ზოგადად, ვირუსები თავისი ბუნებით ერთმანეთისგან განსხვავდებიან. რა თქმა უნდა, შეიძლება, სახეზე იყოს უბრალოდ გაციება და იყოს უფრო რთული ვირუსული დაავადება, მაგალითად, ინფლუენზას ტიპის ვირუსი, რომლებიც თვისობრივად, მიმდინარეობით ერთმანეთისგან განსხვავდებიან.

ძალიან ზედაპირულად რომ ვთქვათ, თუ როგორ შეიძლება, რომ ინფლუენზა ტიპის ვირუსები ჩვეულებრივი გაციებისგან განვასხვაოთ, როგორც წესი, ასეთი მძიმე ტიპის ვირუსები უფრო სწრაფად იწყება, უფრო მეტ შემთხვევაში აქვთ ტემპერატურული რეაქცია, უფრო სისტემურად არის გამოხატული, მაგალითად, გარდა ტემპერატურული რეაქციისა, შეიძლება, იყოს დაღლილობა, ზოგადი სისუსტე, ქოშინის მომენტები, შესაძლოა, გამოვლინდეს ხველა. ჩვეულებრივი გაციება ძირითადად ცხვირიდან გამონადენით იწყება, ნელ-ნელა მიმდინარეობს, შეიძლება, იყოს ტემპერატურული რეაქციაც, რომელიც მაღალ ციფრებზე არ ადის და არ არის ძნელად დასამორჩილებელი. მძიმე, ინფლუენზას ვირუსები უფრო აგრესიული და სწრაფი დაწყებით გამოირჩევიან, მაშინ, როცა გაციების ტიპის მოვლენები ცხვირიდან გამონადენით, მცირე ტემპერატურით შეიძლება, გამოვლინდნენ. ორივე შემთხვევაში, ეს დაავადებები შეიძლება, რომ თვითგანკურნებით დამთავრდეს, მაგრამ ინფლუენზას ტიპის ვირუსებს გართულების და მეორად ბაქტერიულ ინფექციაში გადაზრდის უფრო დიდი შანსი აქვთ.

როგორია თქვენი დამოკიდებულება ანტივირუსული პრეპარატების მიმართ და როდის ინიშნება ისინი?

მაგალითად, ანტივირუსული, ტამიფლუს ტიპის პრეპარატები, ის, რომ მე პატარა ცხვირიდან გამონადენი ან ტემპერატურული რეაქცია მაქვს და გავიქცე აფთიაქში და ვიყიდო, არასწორია, რადგან ამას აუცილებლად სჭირდება ექიმის დანიშნულება და კონსულტაცია, ექიმმა უნდა შეაფასოს, რომ ეს ნამდვილად ინფლუენზას ტიპის ვირუსია და არა უბრალოდ გაციება და მხოლოდ, ამ შემთხვევაში, უნდა მოხდეს მედიკამენტის დანიშვნა.

საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტი დროულად ჩაერთოს მკურნალობაში, დაახლოებით 48 საათში თუკი მოხდება მათი გამოყენება, ეს განსაკუთრებით უფრო ეფექტურია, მაგრამ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ანტივირუსული პრეპარატების მიზანი არის შეასუსტოს ვირუსი, რომ თავი დავიცვათ შემდგომი გართულებებისგან, რაც შეიძლება ინფლუენზას ტიპის ვირუსებს ან გაციების ტიპის ვირუსებს მოჰყვეს, მაგრამ პირდაპირ, მაშინვე, როცა ადამიანი სიმპტომებს იგრძნობს, გაიქცეს და ანტივირუსული პრეპარატი იყიდოს, რა თქმა უნდა, არასწორია და არ არის რეკომენდებული. პირველ რიგში, უნდა მოხდეს სიცხის კონტროლი, სითხეების მიღება და თუ ჩვენ შევატყობთ, რომ აგრესიულად მიდის ტემპერატურა, არის ზოგადი სისუსტე, წამოვიდა ხველა, ქოშინი, გულ-მკერდის შებოჭილობა, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება, მოკლე დროში უნდა ჩაერთოს მედპერსონალი და შესაბამისად, შემდგომ უნდა მოხდეს ანტივირუსული მედიკამენტების გამოყენება, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

მინდა, გკითხოთ ორ ძალიან მნიშვნელოვან სიმპტომზე, ყელის გაუსაძლის ტკივილსა და ხველაზე, რა ტიპის დახმარება შეიძლება, რომ გავუწიოთ ადამიანს აღნიშნული სიმპტომების დროს, სანამ ღრმა კვლევებში წავალთ და მიზეზს გავარკვევთ?

დიახ, ყელის ტკივილი და ხველა ნამდვილად კლინიკაში მომართვიანობის ხშირი მიზეზია. ხველა კიდევ უფრო მეტად შემაწუხებელი სიმპტომია, ყელის ტკივილს, ასე ვთქვათ, მეტ-ნაკლებად ერევიან პაციენტები, რადგან სააფთიაქო ქსელები აქტიურად არიან ჩართულნი იგივე ყელის ტკივილის სამკურნალო პრეპარატების შეთავაზებაში.

ხველასთან მიმართებაში, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მისი ბუნება, რა ტიპის ხველაა, საქმე გვაქვს მშრალ ხველასთან თუ ხველა ნახველით მიდის, ასევე მნიშვნელობა აქვს თვითონ ნახველის სტრუქტურასაც, როგორია მისი შეფერილობა, მოყვითალოა, მომწვანოა თუ გამჭვირვალე. ხველის ტიპიდან გამომდინარე, მკურნალობა რადიკალურად იცვლება, ამიტომ რთული არის ხოლმე ხველის სატელეფონო კონსულტაციით შეფასება. მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენ, ექიმებს არ გვეზარება, რომ ხველის სამკურნალო პრეპარატის რეკომენდაცია გავცეთ, მაგრამ როგორც გითხარით, ზოგჯერ რთულია გარჩევა, ნამდვილად მშრალი ხველაა თუ ხველა არის ნახველით და ამ დროს, თუ ჩვენ ხველის დამთრგუნველ მედიკამენტს დავნიშნავთ, პრაქტიკულად, გავაკეთებთ იმას, რომ ეს ნახველი დარჩება სასუნთქ გზებში და ძალიან კარგი გარემო შეიქმნება იმისათვის, რომ იქ შემდგომ ბაქტერიული ინფექცია განვითარდეს.

ვირუსული დაავადებების საწყის ეტაპზე, მნიშვნელოვანია სითხეებით დატვირთვა, ხველის მონიტორინგი და შეფასება, რომ სწორად შეირჩეს შესაბამისი მკურნალობა.

ვირუსული ინფექციების დროს ძირითადად რა ტიპის გართულებებს ვხვდებით და რა უნდა გავაკეთოთ გართულებების შემთხვევაში?

ყველაზე ხშირი გართულება, რომელიც როგორც ჯანმრთელ, ისე ქრონიკული დაავადებების მქონე პოპულაციაში, ჩვეულებრივ გაციებას და ვირუსულ ინფექციას შეიძლება მოჰყვეს, ეს არის ბაქტერიული ინფექციის თანდართვა, რომელსაც შემდგომ შესაბამისი მკურნალობა სჭირდება. ბაქტერიული ინფექციის თანდართვა, მათ შორის, ბაქტერიული პნევმონიით შეიძლება გამოიხატოს.

თუ ადამიანს აქვს ასთმა, შეიძლება, განვითარდეს ასთმის შეტევა, დამძიმდეს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, განვითარდეს კარდიოლოგიური ტიპის, ასევე ნევროლოგიური ტიპის გართულებები. ასევე, კვირების განმავლობაში შეიძლება, დარჩეს პაციენტს სისუსტის მომენტი.

ყველაზე საშიში მაინც ბაქტერიული ინფექციების თანდართვაა. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მიხვდეს პაციენტი, რომ რაღაც გართულდა, ამის დაფიქსირება, ერთი შეხედვით, მარტივი არის, რადგან ვირუსული ინფექცია მაინც თავისი გარკვეული მიმდინარეობით ხასიათდება. თუ ვირუსი სტაბილურად მიდის 3 – 4 დღე და მერე უცებ ხდება რადიკალური ცვლილება ან მოდის მაღალი ტემპერატურული რეაქციები, ჩნდება ხველა ნახველით, თუ განვითარდა გულ-მკერდის შებოჭილობა, ქოშინი, ჩვენ უკვე უნდა ვიფიქროთ, რომ ეს უბრალოდ ვირუსი აღარ არის და რომ მას თან დაერთო ბაქტერიული დაავადება, რომელსაც აუცილებლად სჭირდება მედპერსონალის ჩართვა და იმის განსაზღვრა, თუ რა ტიპის ბაქტერიული ინფექციაა, რომ მოხდეს შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.

რაზეა დამოკიდებული გართულდება თუ არა ჩვეულებრივი ვირუსული ინფექცია ბაქტერიული ინფექციით, პაციენტის იმუნურ მდგომარეობაზე თუ რამდენად მძლავრია ვირუსი?

მასპინძელი ორგანიზმის იმუნურ მდგომარეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი ტიპის ვირუსებიც, რომელიც რაც არ უნდა ყოჩაღი იყოს მასპინძელი, მეტ-ნაკლებად მაინც აზიანებს ორგანიზმს და ხელსაყრელ პირობებს ქმნის, რომ ბაქტერია მომძლავრდეს და განვითარდეს.

არსებობს შემთხვევები, როცა ქრონიკული დაავადების მქონე არის პაციენტი, განსაკუთრებით ფილტვისმიერი დაავადების, რა დროსაც ისედაც დასუსტებულია მისი სასუნთქი ორგანიზმი და ხელსაყრელი პირობა იქმნება, რომ არსებულ პრობლემას თან დაერთოს ბაქტერიული დაავადება, რომელიც ისევ და ისევ უფრო მძიმედ მიმდინარეობს.

ადამიანთა დიდი ნაწილი, როდესაც ეწყებათ ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ხველა, ყელის ტკივილი და ა.შ. იმის გამო, რომ მდგომარეობა არ გართულდეს, თვითნებურად, ექიმის ჩარევის გარეშე, იღებს, პირველ ეტაპზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანტივირუსულ პრეპარატებს და შემდგომ, ანტიბიოტიკებს, როგორც თავად უწოდებენ, სუსტ ანტიბიოტიკებს, თუმცა ჩვენ კარგად ვიცით, რომ სუსტი ანტიბიოტიკი არ არსებობს, რადგან ნებისმიერ ანტიბიოტიკს შეიძლება, ჰქონდეს თავისი მძიმე გვერდითი ეფექტი. რატომ არ უნდა მივიღოთ ანტიბიოტიკი თვითნებურად, თუნდაც ბაქტერიული ინფექციის პრევენციისთვის?

როდესაც ჩვენ ანტიბიოტიკს ვნიშნავთ, ვნიშნავთ იმიტომ, რომ მას აქვს უნარი ებრძოლოს ბაქტერიას, მაგრამ ვირუსი არ არის ის, რასაც ანტიბიოტიკი ებრძვის. მხოლოდ ვირუსული ინფექციის დროს, ანტიბიოტიკს რომ ვიღებთ, ამით ჩვენ ვებრძვით იმ კეთილ ბაქტერიულ ფლორას, რაც ორგანიზმში გვაქვს, ვირუსი კი თავისთვის აგრძელებს ცხოვრებას, ისე, რომ ეს ანტიბიოტიკი ამ ვირუსისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ვირუსული დაავადების ბუნება, როგორც წესი, ის 7-დან 10 დღემდე გრძელდება და როცა პაციენტს 3 დღე აქვს ტემპერატურული რეაქცია და იწყებს ანტიბიოტიკის მიღებას და ამბობს, რომ ანტიბიოტიკის მიღება დავიწყე და კარგად გავხდი, ეს უბრალოდ დროში დამთხვევაა, რადგან ის ისედაც კარგად გახდებოდა 7-10 დღის შემდგომ.

ხშირად, თვითნებურად მიღებული ანტიბიოტიკების შედეგად, უკვე მეორადად გართულებული ბაქტერიული ინფექციით მოდიან ჩვენთან და შემდგომ, ჩვენ უკვე უფრო სხვა თაობის ანტიბიოტიკის ჩართვა გვიწევს, იმ ანტიბიოტიკთან ერთად, რომელსაც უკვე იღებს პაციენტი.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ დღეს, მთელი მსოფლიო ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის პრობლემის წინაშე დგას, რადგან ბაქტერია, რომელიც ანტიბიოტიკს ხვდება, ასე ვთქვათ, სწავლობს მას, ყოჩაღდება მის წინააღმდეგ და შემდგომ, მის მიმართ იმდენად მდგრადი ხდება, რომ ჩვენ სხვა, უფრო ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების გამოყენება გვჭირდება.

თქვენ სწორად ბრძანეთ, სუსტი ანტიბიოტიკი არ არსებობს, იგივე პირველი რიგის ანტიბიოტიკებიც საკმაოდ ფართო სპექტრის არის, მაგრამ, რადგან ყველაზე ხშირად ხდება მათი გამოყენება, მათზე რეზისტენტობა უფრო გაზრდილია. შემდგომი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს ბევრად უფრო მეტი გვერდითი მოვლენა აქვთ, რაც ბევრად უფრო შეზღუდულს გვხდის ანტიბიოტიკების არჩევაში, ამიტომ ძალიან გთხოვთ, თუკი ვირუსული ინფექციიდან გავიდა სამი დღე და თქვენი მდგომარეობა არ დამძიმდა, ზუსტად იგივეა, რაც სამი დღის წინ იყო, ან პირიქით, ამჩნევთ, რომ მეტ-ნაკლებად სტაბილური სიტუაცია გაქვთ, ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკს. იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ, გჭირდებათ თუ არა ანტიბიოტიკი, მთელი რიგი კვლევები არსებობს.

კიდევ ერთი პრობლემა არის სისხლის საერთო ანალიზი და მისი გაშიფვრა, ოდნავ მომატებული ლეიკოციტები, ოდნავ მომატებული C-რეაქტიული ცილა, ხანდახან, აბსოლუტურად საკმარისია პაციენტისთვის, რომ სასწრაფოდ დაიწყოს ანტიბიოტიკის გამოყენება. რომ განვმარტოთ, ვირუსული დაავადების რა ეტაპზე ინიშნება კვლევები, რა ტიპის კვლევების საჭიროება არსებობს სხვადასხვა სიმპტომების შემთხვევაში და რა სურათი უნდა მივიღოთ, რომ გვქონდეს იმის თქმის საშუალება, რომ სურათი შეცვლილია და უკვე საჭიროა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები?

აქ ისევ და ისევ ვუბრუნდებით ვირუსული რესპირაციული დაავადების მიმდინარეობას, რა თქმა უნდა, როდესაც დღეს განვითარდა ტემპერატურული რეაქცია, ჩვენ მაშინვე სისხლის ანალიზს არ ვაკეთებთ, რადგან აქაც დრო არის საჭირო, ისევე როგორც რენტგენის შემთხვევაში, რომ ცვლილება აისახოს.

ჩვენ ვაკვირდებით დაავადების მიმდინარეობას და თუკი გავიდა 3-4 დღე და ტემპერატურა ისევ აგრესიულად რჩება, თუკი დაემატა სხვა სიმპტომები, რომლებიც მანამდე არ იყო, მათ შორის, ქოშინი, გულ-მკერდის შებოჭილობა და ა.შ. ეს უკვე არის პერიოდი, როცა შეგვიძლია, დამატებითი კვლევები დავნიშნოთ. კვლევებში, რა თქმა უნდა, იგულისხმება სისხლის საერთო ანალიზი, C-რეაქტიული ცილა და სიმპტომების მიხედვით, თუ კი გვაქვს ქოშინი, ნახველი, რომელმაც ფერი შეიცვალა, გულ-მკერდის შებოჭილობა, ასევე ვნიშნავთ გულმკერდის რენტგენგენოლოგიურ კვლევას, რომ ვიზუალურად შევაფასოთ მდგომარეობა, ვნახოთ, არის თუ არა პნევმონიის განვითარების რისკი.

დავნიშნოთ თუ არა ანტიბიოტიკი, ამას ძალიან დიდი ცოდნა, გამოცდილება, სპეციალური განათლება სჭირდება, ამიტომ ის, რომ ჩვენ შევხედოთ სისხლის ანალიზს და ვთქვათ, რომ ანტიბიოტიკი გვჭირდება, რადგან ლეიკოციტები ან C-რეაქტიული ცილა არის მომატებული, არასწორია. ანტიბიოტიკი აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს, რადგან ის ანტიბიოტიკს პაციენტის სიმპტომების, ქრონიკული დაავადების, ასაკის და ა.შ. გათვალისწინებით არჩევს და ნიშნავს.

ასევე, ანტიბიოტიკების გამოყენების შემთხვევაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხანგრძლივობასაც, ის, რომ 3-5 დღეში კარგად გავხდით, არ ნიშნავს იმას, რომ ანტიბიოტიკების მიღება უნდა შეწყვიტოთ, რადგან სწორედ დროზე ადრე შეწყვეტილი ანტიბიოტიკების მიღებაც არის ნიშანი იმისა, რომ ვითარდება რეზისტენტული შტამები კონკრეტული ანტიბიოტიკების მიმართ.

ახსენეთ ქოშინი, შებოჭილობა, ეს არის ის მთავარი ნიშნები, რა დროსაც ექიმს უნდა მივმართოთ, ანუ როდის ვიცდით და როდის, რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?

ქრონიკული პაციენტების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რაც უფრო ადრე მივალთ ექიმთან, მით უფრო კარგი იქნება, იმ კუთხით, რომ თავიდან ავიცილებთ გართულებებს და სწორად მოხდება მკურნალობის დანიშვნა.

რაც შეეხება ჯანმრთელ პოპულაციას, რა თქმა უნდა, ეს არ ეხებათ ხანდაზმულებს და ბავშვებს, ჯანმრთელი პოპულაციის შემთხვევაში, 3 დღე არის, ასე ვთქვათ, მარკერი, ანუ წამოვიდა ტემპერატურა, ვმართავთ მას, ვიღებთ სითხეებს, მაგრამ თუ ვატყობთ, რომ ეს ტემპერატურა არსად მიდის, ისევ მაღალი რჩება, გვემატება ახალი სიმპტომები ან არ გვემატება, მაგრამ ტემპერატურა კვლავ აგრესიულია, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს, უნდა ჩატარდეს შესაბამისი კვლევები და განისაზღვროს, თუნდაც, მოხდეს თუ არა ანტივირუსული პრეპარატის დანიშვნა.

როგორც გითხარით, ანტივირუსული პრეპარატების შემთხვევაში, პირველი 48 საათი არის მნიშვნელოვანი, ამიტომ თუკი ტემპერატურა აგრესიულად იწყება, მას მოჰყვება სისუსტის შეგრძნება, დაღლილობა, ქოშინი და ეს სიმპტომები თავიდანვე, პირველ ორ დღეს გაქვთ გამოვლენილი, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, რომ დროულად მოხდეს ანტივირუსული პრეპარატის მკურნალობაში ჩართვა.

როგორ დავიცვათ თავი ვირუსული ინფექციებისგან? ფარმაკოლოგიურ ბაზარზე უამრავი მედიკამენტია, რომელსაც პირდაპირ აწერია, რომ აძლიერებს იმუნიტეტს, უზრუნველყოფს, რომ წლის განმავლობაში ნაკლებად ვიავადოთ, თუმცა ექიმებს აღნიშნულ მედიკამენტებზე განსხვავებული მოსაზრება აქვთ, რამე შეიცვალა ამ მიმართულებით?

იმისთვის, რომ რესპირაციული დაავადებების გავრცელება შევამციროთ, პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა. მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაში იგულისხმება ის, რომ თუ ადამიანი ამჩნევს, რომ მას აქვს, თუნდაც, გაციების მსგავსი სიმპტომები მოერიდოს სამსახურში წასვლას ან თუ ამას ვერ ახერხებს, ატაროს პირბადე. პირბადის ტარება გარშემომყოფებს დაავადების გავრცელებისგან იცავს. ერთი შეხედვით, ჩვენთვის მარტივი გაციების სიმპტომები, ჩვენს ოთახში მჯდომი კოლეგისთვის, რომელსაც გარკვეული ქრონიკული ინფექცია აქვს, შეიძლება, სავალალო აღმოჩნდეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ჰიგიენური წესების დაცვა, ოთახის ვენტილაცია, თუნდაც, ფანჯრის გამოღება და ხშირი განიავება.

რაც შეეხება იმუნიტეტის მოძლიერებას, ამისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება, ნორმალური ინტერვალებით და არა ის, ადამიანები მთელი დღე რომ ვერ იკვებებიან და მერე, საღამოს ხდება მთელი ამ საკვების მიღება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, რომ ორგანიზმი იყოს უფრო ჯანსაღი, უფრო ყოჩაღი. მეტსაც გეტყვით, ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა, ჩათვალეთ, რომ არის პრეპარატი, რომელსაც უფასოდ იღებენ. შესაბამისად, ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა, იზოლაცია ან პირბადის ტარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ვირუსები თავიდან ავიცილოთ.

ყველასთვის საჭიროა თუ არა ვაქცინაცია, რა რეკომენდაციას გასცემთ ამ თემასთან დაკავშირებით?

ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მძიმე ვირუსული დაავადებებისგან თავი დავიცვათ და შევამციროთ მათი გავრცელება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დროული ვაქცინაცია, სექტემბრის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის დასაწყისის ჩათვლით, თუმცა შემოდგომის ნებისმიერ დროს და მათ შორის, ზამთარშიც თუ აიცრებიან პაციენტები, ეს ძალიან კარგი იქნება, არა მხოლოდ მათთვის, არამედ გარშემომყოფებისთვისაც. შეიძლება, ჩვენ არ გვქონდეს რაიმე ქრონიკული დაავადება, ძალიან ყოჩაღი იმუნური სისტემა გვქონდეს, მაგრამ გვყავდეს ოჯახის წევრი, რომელსაც არ აქვს ძლიერი იმუნური სისტემა და რომლისთვისაც ნებისმიერი ვირუსული დაავადება შეიძლება, სავალალო აღმოჩნდეს. შესაბამისად, ვაქცინაცია ყველასთვის მნიშვნელოვანია. მესმის, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფისთვის ვაქცინაცია მიუღებელია, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და სულ მინიმუმ, პირბადე მაინც ვატაროთ,  რომ დავიცვათ ჩვენი კოლეგები, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩვენს გვერდით მსხდომი ადამიანები და ა.შ. სხვადასხვა ვირუსული დაავადებებისგან.